Thumbnail

'ვგრძნობდი, რომ მოგება შეგვეძლო' - რა თქვეს სულშერმა და ფერნანდეშმა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ოლე გუნარ სულშერმა და ბრუნო ფერნანდეშმა ვილიარეალთან მოგებულ მატჩზე ისაუბრეს
  • კრიშტიანო რონალდომ მანჩესტერულ კლუბს გამარჯვება 95-ე წუთზე მოუტანა

მანჩესტერ იუნაიტედის ქომაგებმა საყვარელი კლუბის მატჩით კიდევ ერთხელ ისიამოვნეს. ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ვილიარეალს უმძიმეს შეხვედრაში 2:1 სძლია და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმა.

კრიშტიანო რონალდოს მიერ 95-ე წუთზე გატანილმა გოლმა მანჩესტერელებს სამი ქულა მოუტანა, ხოლო უნაი ემერის გუნდი ბოლო ადგილზე დატოვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მანჩესტერელთა მწვრთნელმა სულშერმა და კაპიტანმა ბრუნო ფერნანდეშმა თამაში შეაფასეს.

ბრუნო ფერნანდეში: "ვგრძნობდი, რომ ამ მატჩის მოგება შეგვეძლო. როცა გაგვიტანეს, მაშინაც კი ვიფიქრე, რომ მატჩის შემოტრიალებას შევძლებდით. ტელესის გოლის შემდეგ, ქომაგებისგან საოცარი მუხტი ვიგრძენით. დე ხეამ საოცარი ბურთები მოიგერია, ხოლო რონალდო კიდევ ერთხელ დაგვეხმარა.

ესპანურ გუნდებთან თამაში ყოველთვის რთულია. ვილიარეალმა კარგი და ორგანიზებული ფეხბურთი ითამაშა, თუმცა ჩვენც ბოლომდე ვიბრძოლეთ. ხანდახან მუდმივი ზეწოლა კარგი არაა, ჩვენ უნდა მოვითმინოთ და შედეგს დაველოდოთ. მთავარი სამი ქულის მოპოვება იყო და ეს შევძელით."

ოლე გუნარ სულშერი: "ეს ადრეც ბევრჯერ მომხდარა. ასეთი ამბები 'ოლდ ტრაფორდზე' ხშირია. მატჩის დასასრულს გაგვიმართლა. ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. მათთან მოგება ყოველთვის რთულია. საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით და სხვა შედეგზე არც უნდა გვეფიქრა."

აღსანიშნავია, რომ რონალდომ ლიგაში 178-ე მატჩი ჩაატარა და მადრიდის რეალის ექს-გოლკიპერ იკერ კასილასის რეკორდი გააუმჯობესა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა აღნიშნული შედეგი მანჩესტერის გარდა, იმავე რეალსა და ტურინის იუვენტუსში თამაშის წყალობით დააფიქსირა. კრიშტიანოს ჩემპიონთა ლიგაში უკვე 136 გოლი აქვს გატანილი და ერთპიროვნული ლიდერია, მეორეზე მესია (121), მესამეზე კი – ლევანდოვსკი (77).

კომენტარები

ბოლო ამბები