Thumbnail
  • სუპერლიგის წინააღმდეგ ბრძოლაში ეს დიდი დარტყმაა
  • უეფა დამფუძნებელი კლუბების წინააღმდეგ სასამართლოს აღარ აგრძელებს

ეს უკვე საბოლოო დასტურია იმისა, რომ ფლორენტინო პერესიც მართალი იყო, ჟოან ლაპორტაც და ანდრეა ანიელიც - რეალის, ბარსას და იუვეს ბოსები ამბობდნენ, რომ სუპერლიგის გამო უეფა მათ კლუბებს ვერ დასჯიდა. 

ვერც სჯის და აღარც აპირებს!

უეფამ მადრიდის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რეაგირება მოახდინა და სუპერლიგის სამივე დამფუძნებელი გრანდის (რეალი, ბარსელონა, იუვენტუსი) წინააღმდეგ სასამართლო წარმოება შეაჩერა. შესაბამისი დოკუმენტი მადრიდის სასამართლოს უეფადან დღეს, სამშაბათს გაეგზავნება.

უეფაში ამბობენ: საქმის დეტალების ზუსტი შემოწმების შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ იურიდიული ნაბიჯების გაგრძელება არ შედის არც თავად უეფას და არც მისი წევრი ქვეყნების ინტერესში. შესაბამისად, გადაწყდა, რომ საქმის წარმოება არ გაგრძელდეს - როგორც ამას მადრიდის სასამართლო ითხოვდა. შეგახსენებთ, რომ უეფა სამივე ტოპ-კლუბს ჩემპიონთა ლიგის მოკვეთიდან ემუქრებოდა.

თუმცა უეფაში დასძენენ, რომ სუპერლიგის წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება და რაც შეუძლიათ, ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ სუპერლიგის იდეა (ნებისმიერი ფორმით) არ განხორციელდეს. გარდა ამისა, უეფა ახალი იურიდიული ნაბიჯებისთვისაც მოემზადება - რა ფორმით და როდის, ჯერ უცნობია. უეფაში დარწმუნებულები არიან, რომ ფეხბურთის გულშემატკივართა უმეტესობა, მთელი ევროპის მასშტაბით, სუპერლიგის წინააღმდეგია.

როგორც იცით, უეფა სუპერლიგის პროექტში ჩართულ კლუბებს ევროტურნირებიდან მოკვეთით ემუქრებოდა - თუკი ისინი ამ პროექტზე უარს არ იტყოდნენ. ზემოთ ხსენებული გრანდების გარდა სუპერლიგას ყველა გაემიჯნა, თუმცა არც რეალი, ბარსა და იუვე დასჯილან - სამივე ეს ტოპ-კლუბი ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს.

აპრილში, სუპერლიგის შექმნას დიდი პროტესტი მოჰყვა

22 სექტემბერს გაირკვა, რომ უეფას მუქარას საფუძველი არ ჰქონდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ესპანელმა მოსამართლემ, მანუელ რუის დე ლარამ მიიღო. მეტიც: მან უეფას ულტიმატუმი წაუყენა და რამდენიმე დღე მისცა იმისათვის, რომ სუპერლიგის დამფუძნებლების (სწორედ ის სამეული) მიმართ სანქციების მუქარაზე უარი ეთქვა.

აღსანიშნავია, რომ ესპანელმა მოსამართლემ ჯერ კიდევ აპრილში სცნო არალეგიტიმურად უეფასა და ფიფას შესაძლო სანქციები იმ კლუბების წინააღმდეგ, რომლებიც სუპერლიგის დამფუძნებლები იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს ევროპის 12-მა გრანდმა ევროპის სუპერლიგა დააარსა და ამით საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო, რადგან ფაქტობრივად ჩემპიონთა ლიგის კონკურენტი ტურნირი შექმნა. უეფას, ფიფას, მედიისა და ზოგადად საფეხბურთო საზოგადოების მკაცრი კრიტიკის შემდეგ, სუპერლიგის პროექტი ყველა კლუბმა დატოვა - რეალის, ბარსელონას და იუვენტუსის გარდა.

ახლა ყველაზე საინტერესო ის არის, რა რეაქცია ექნებათ ამ ყველაფერზე რეალს, ბარსას და იუვეს - რას იტყვიან და როგორ იმოქმედებენ მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ უეფა მათ სუპერლიგის გამო ვერ სჯის.

კომენტარები

ბოლო ამბები