Thumbnail
  • მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორები ოთხი ეტაპის ჯამით გამოვლინდნენ
  • საქართველოს ნაკრების წევრებს თითქმის 100%-იანი შედეგი ჰქონდათ

ქვიშის ჭიდაობაში 2021 წლის სეზონი საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. 4 ეტაპის ჯამში, მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ.), დავით მარსაგიშვილი (90 კგ.) და მამუკა კორძაია (+90 კგ.), ხოლო დავით ხუციშვილი (80 კგ.) ვერცხლის მედალს დაეუფლა.

სეზონის დასკვნით მეოთხე ეტაპს რუმინეთის ქალაქმა კონსტანცამ უმასპინძლა და მედლები ტრადიციულად ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა. ამჯერად, ოქრო ქელეხსაშვილმა მოიპოვა (ფინალში თურქ ჩოსკუნს 2:0 სძლია), ხუციშვილი, მარსაგიშვილი და კორძაია კი ფინალებში დამარცხდნენ. გასაკვირი არ ყოფილა, რომ საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაშიც პირველი ადგილი დაიკავა.

ლევან ქელეხსაშვილმა ფინალში თურქი მეტოქე დაამარცხა

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო სერია 16-17 ივლისს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გამართული ეტაპით გაიხსნა და ქართველები ოთხივე წონით კატეგორიაში ჩემპიონები გახდნენ. მეორე ეტაპს 3-4 სექტემბერს რომმა (იტალია) უმასპინძლა და საქართველოს ნაკრების მონაგარი ქელახსაშვილის, ხუციშვილისა და კორძაიას ვერცხლის მედლები იყო. 10-11 სექტემბერს, საბერძნეთის კურორტ კატერინიში, ქელეხსაშვილი ჩემპიონი გახდა, კორძაიამ მეორე ადგილი დაიკავა, ხუციშვილმა – მესამე.

საბოლოო ჯამში, ქელეხსაშვილმა 58 ქულას მოუყარა თავი, მარსაგიშვილმა – 44.5-ს, კორძაიამ – 50-ს, ხოლო ხუციშვილმა – 48.5-ს და მხოლოდ რუს ვასილ მიხაილოვს (50) ჩამორჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები