Thumbnail
  • 📅 28 სექტემბერი | 🏟 პარკ დე პრენსი | ⌚ 23:00 | ⚽ პსჟ V მანჩესტერ სიტი
  • პსჟ-ს სიტი არასდროს დაუმარცხებია და რევანში აქვს ასაღები
  • პარიზელებს უარესი ბალანსი მხოლოდ იუვენტუსთან აქვთ
  • მანჩესტერ სიტი კარგ ფორმაშია და ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად არ აგებს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

კითხვაზე, რომელი გუნდები არიან ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის TOP-ფავორიტები, ფეხბურთის მოყვარულთა უმეტესობას ძირითადად 3 პასუხი აქვს: მანჩესტერ სიტი, პარი სენ-ჟერმენი და მიუნხენის ბაიერნი. ანუ, დღეს, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში არა მარტო დღის და ტურის, არამედ ზოგადად სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თამაში გველის: პსჟ მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს. ბუქმეიქერების აზრითაც, სწორედ ეს გუნდები არიან ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტები და ეს მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ჯერ არცერთს არ აქვს მოგებული.

რა უნდა ვიცოდეთ ამ თამაშის წინ და რას უნდა ველოდოთ პარკ დე პრენზე? 

პირველ ტურში პსჟ-მ ბელგიაში ბრიუგეს ვერ მოუგო (1:1) და უფრო მეტიც - თამაშის სცენარიდან გამომდინარე, ქულა უფრო მოიპოვა, ვიდრე დაკარგა. მანჩესტერ სიტიმ კი მხიარულ თამაშში გერმანულ ლაიპციგს შინ 6:3 აჯობა და წარმატებული სტარტი აიღო. გუნდები შიდა ჩემპიონატებშიც შესანიშნავად თამაშობენ. პსჟ-მ ლიგა 1-ში რვავე თამაში მოიგო, მაგრამ პირდაპირ რომ ვთქვათ, პარიზული გუნდის საპირწონედ და გამომცდელად ლიგა 1 ნამდვილად არ ივარგებს - მთავარია, რას იზამს გუნდი ევროპაში, სადაც კონკურენცია გაცილებით მაღალია. მანჩესტერ სიტიმ კი პრემიერლიგაში 6 ტურში 13 ქულა დააგროვა. პირველ ტურში ტოტენჰემთან წააგო, ხოლო 10 დღის წინ შინ საუთჰემპტონს ვერ აჯობა (0:0), მაგრამ ბოლო თამაში ლონდონში ჩელსისთან 1:0 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი მარცხისთვის მინირევანში აიღო.

პეპ გვარდიოლას გუნდი გასული სეზონის ფინალისტია და ჩემპიონთა ლიგაზე ასე შორს "ქალაქელები" პირველად წავიდნენ. აღსანიშნავია, რომ სიტიმ ნახევარფინალში სწორედ პარი სენ-ჟერმენი დაამარცხა, რომელსაც ორივე თამაში მოუგო - ჯერ საფრანგეთში 2:1 და მერე ინგლისში - 2:0. ამდენად, ახლა რევანშზე საფიქრალი პსჟ-ს აქვს.

საფრანგეთის ლიგა 1-ში ბოლო ორი მატჩი ტრავმის გამო გაუცდა ლიონელ მესის, მაგრამ ის უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სათამაშოდ მზადაა, სხვადასხვა გამოცემების ვერსიით კი ძირითად შემადგენლობაშიც იქნება. მესიმ პარიზულ კლუბში 3 თამაშის ჩატარება მოასწრო, მაგრამ შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია - გოლისა და საგოლე პასის გარეშეა.

მეორეს მხრივ, არგენტინელი პეპ გვარდიოლას გუნდების წინააღმდეგ შედეგიანად თამაშობს ხოლმე (4 მატჩში 6 გოლი). პარიზელთა კარი შესაძლოა ჯანლუიჯი დონარუმამ დაიცვას, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე არასდროს უთამაშია. ევრო 2020-ის საუკეთესო ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 მატჩი აქვს ჩატარებული და ძირითადად სათადარიგო სკამზე ზის, რასაც დიდი რეზონანსი აქვს. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ჯიჯო სიტის წინააღმდეგ ითამაშებს. ყოველ შემთხვევაში, მაურისიო პოჩეტინომ ეს არც დაადასტურა და არც გამორიცხა.

ლიონელ მესიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა

პსჟ-ს ტრავმების გამო მარკო ვერატი და სერხიო რამოსი ვერ დაეხმარებიან, ანხელ დი მარიას კი დისკვალიფიკაცია აქვს. სიტის რიგებში ილქაი გიუნდოგანი, ბენჟამენ მენდი და ალბათ, ოლეკსანდრ ზინჩენკო ვერ გავლენ მოედანზე.

საინტერესო ფაქტები

⚽ პარი სენ-ჟერმენი და მანჩესტერ სიტი ერთმანეთს მეექვსედ შეხვდებიან. ფრანგულ გუნდს ინგლისური კლუბი ჯერ კიდევ არ დაუმარცხებია (2 ფრე, 3 წაგება). მხოლოდ იუვენტუსთან აქვს პსჟ-ს ევროთასებზე უფრო მეტი მოუგებელი თამაში ჩატარებული (8).

⚽ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ სიტისთან ოთხ მატჩში ვერ შეინახა კარი მშრალად და მხოლოდ მილანთან აქვს ჩემპიონთა თასზე/ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი ცუდი შედეგი (ამ შემთხვევაშიც 4 მატჩი).

⚽ პარი სენ-ჟერმენმა ინგლისურ გუნდებთან ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგო (1 მოგება). ხოლო ბოლო სამი საშინაო თამაში ინგლისურ მეტოქეებთან წაგებული აქვს - მანჩესტერ იუნაიტედთან 2019 და 2020 წლებში და სიტისთან 2021 წელს.

⚽ პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 4 თამაში არ მოუგია (1 ფრე, 3 წაგება). პირველ ტურში ბრიუგესთან ფრედ ითამაშეს და ბოლოს, როცა საწყისი ორი თამაში ვერ მოიგეს, 2004/05 წლების სეზონი იყო, როცა ჩელსისთან 0:3 და ცსკა-სთან 0:2 წააგეს.

⚽ მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 10 საგარეო თამაში არ წაუგია (8 მოგება, 2 ფრე). ბოლოს 2017 წლის დეკემბერში, დონეცკის შახტართან 1:2 დამარცხდა.

⚽ პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო სამი საშინაო თამაში არ მოუგია (1 ფრე, 2 წაგება), სამივე მატჩი პლეი ოფში იყო. თუმცა, კონკრეტულად ჯგუფურ ეტაპზე 27 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო საკუთარ მოედანზე (21 მოგება, 5 ფრე).

⚽ ლიონელ მესის თავისი ყოფილი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას გუნდების წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ოთხ მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი (4 მანჩესტერ სიტისთან და 2 ბაიერნთან).

⚽ ჯეკ გრილიშმა პირველ ტურში ლაიპციგს გაუტანა და უეინ რუნის შემდეგ (2004 წელს ფენერბაჰჩესთან) პირველი ინგლისელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩში გაიტანა. გრილიშს შეუძლია პირველი ინგლისელი გახდეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თავის პირველ ორ მატჩში გოლს გაიტანს.

⚽ ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგაზე პარი სენ-ჟერმენის 13 საშინაო მატჩში 14 გოლი გაიტანა და ასევე 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბრაზილიელს პსჟ-სთვის ‘პარკ დე პრენსზე’ საშუალოდ ყოველ 65 წუთში გოლი გააქვს და ან საგოლე პასს აკეთებს.

⚽ პსჟ და მანჩესტერ სიტი აქამდე 5-ჯერ შეხვედრიან და 2 თამაში ფრედ დასრულდა, ბოლო 3 კი ინგლისელებმა მოიგეს. ამ 5 მატჩში 2-ჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ასევე 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ პსჟ-ს ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ მანჩესტერ სიტის ბოლო 5 მატჩში 2-ჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ასევე 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 9 მატჩიდან 8-ში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

პარი სენ-ჟერმენი (4-3-3): დონარუმა - ჰაკიმი, მარკინიოსი, კიმპემბე, დიალო - ერერა, პარედესი, გეიე - მესი, მბაპე, ნეიმარი
ტრავმა ან დისკვალიფიკაცია: სერხიო რამოსი, დი მარია, ვერატი

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, სტოუნსი, დიაში, კანსელუ - დე ბრუინი, როდრი, ბერნარდო სილვა - მაჰრეზი, ფერან ტორესი, გრილიში
ტრავმა: გიუნდოგანი, მენდი

კომენტარები

ბოლო ამბები