Thumbnail

ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი წლიურ რეიტინგში ოცეულს მიუახლოვდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის ATP-ს განახლებულ რეიტინგში 2 ადგილით დაწინაურდა და 1 578 ქულით 34-ე პოზიციაზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ნიკასთვის ეს საუკეთესო შედეგია მიმდინარე წლის 12 ივლისის შემდეგ, როდესაც ის მსოფლიოს 29-ე ჩოგანი იყო.

ბასილაშვილმა კლასიფიკაციაში სერბი დუშან ლაიოვიჩი და ყაზახეთის სახელით მოთამაშე რუსი ალექსანდერ ბუბლიკი ჩამოიტოვა და ახლა, მის წინ მსოფლიოს ყოფილი მე-3 ჩოგანი (2016 წლის ნოემბერში) – 30 წლის კანადელი მილოშ რაონიჩია. შეგახსენებთ იმასაც, რომ თავად ნიკოლოზის საუკეთესო შედეგი მე-16 ადგილია. ის ამ პოზიციაზე 2019 წლის მაისში იმყოფებოდა.

ბასილაშვილს კიდევ უფრო უკეთესი მდგომარეობა აქვს წლიურ რბოლაში, სადაც 1 285 ქულით 22-ე ადგილზე იმყოფება. წლეულს, 14-21 ნოემბერს, ATP Finals იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართება და ვაჟთა ერთეულთა შეჯიბრში ტრადიციულად 8 საუკეთესო ჩოგბურთელი ითამაშებს.

ყველა მონაწილის ვინაობა პარიზის მასტერსის შემდეგ დასახელდება, რომელიც 1-7 ნოემბერს არის დაგეგმილი, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ტურინის საგზურები მოპოვებული აქვთ ნოვაკ ჯოკოვიჩს (სერბეთი), დანიილ მედვედევს (რუსეთი), სტეფანოს ციციპასსა (საბერძნეთი) და ალექსანდერ ზვერევს (გერმანია). შარშანდელი ტურნირის გამარჯვებული სწორედ მედვედევია, რომელმაც ფინალში ავსტრიელ დომინიკ ტიმს მოუგო.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბასილაშვილმა მეცის (საფრანგეთი) ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა, სადაც მასპინძელ გაელ მონფილსთან 3:6, 3:6 წააგო, მიმდინარე კვირაში კი, სან დიეგოს საერთაშორისო ტურნირში ჩაერთვება, რომლის საპრიზო ფონდიც 661 800 დოლარია. SAN DIEGO OPEN-ის პირველ რაუნდში ბასილაშვილის მეტოქე მე-9 ნომრად განთესილი იტალიელი ლორენცო სონეგო იქნება. ეს თამაში 28 სექტემბერს არის დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები