Thumbnail

ყაზანის რუბინის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში ჩვეულ თამაშს ვეღარ აჩვენებს და რუსულ პრესაში კრიტიკულმა სტატიებმაც იმატა. ამჯერად, საქართველოს ნაკრების ტალანტის შესახებ Sport Express-მა დაწერა და აღნიშნა, რომ ხვიჩას აშკარა რეგრესი აქვს. აი, რას ვკითხულობთ სტატიაში სახელწოდებით: “კვარაცხელია ამ სეზონში იმედებს ვერ ამართლებს. მიზეზი ბევრია, ტრავმა, ჩაშლილი ტრანსფერი ევროპაში და მეტოქეთა განსაკუთრებული ყურადღება”:

“დინამო მოსკოვი დამაჯერებლად გაუმკლავდა ქართველს, რომელიც ჯერჯერობით კარგ სეზონს ნამდვილად ვერ ატარებს. ხვიჩა კვარაცხელიას ყოველთვის ისე განიხილავენ, როგორც ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, შესაბამისად, მისი თამაშისგან მოლოდინიც დიდია და მოთხოვნაც. ამ ფონზე, ლამის უკვე სეზონის მესამედია, ქართველი არადამაჯერებლად გამოიყურება.

დინამოსთან მატჩშიც ხვიჩა ნამდვილად არ იყო ის ფეხბურთელი, რომელიც სხვაობას და შედეგს ქმნის და გუნდის თამაშზე განსაკუთრებული ზეგავლენა აქვს. მარჯვენა ფლანგზე ვარელამ მისი შეკავება მოახერხა და ერთი სახიფათო მომენტიც კი არ შეაქმნევინა. შეტევაში თავად დინამოს მცველიც კი უფრო უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე, ლიგის ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული მოთამაშე. მეტოქეთა მოტყუების წარუმატებელი მცდელობები, ხშირი დაკარგვები, ცუდი გადაწყვეტილებები პასების დროს – დიდი რანგის მატჩში კვარაცხელია ისევ სუსტი იყო.

აგვისტოს შუაში ხვიჩამ რუბინის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და რამდენიმე კვირა უქმად იყო. ყაზანელთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ოლეგ ვერეტენიკოვმა კვარაცხელიას ჩავარდნა იმით ახსნა, რომ ის ფორმას მხოლოდ ახლა კრეფს, თუმცა, ის ხომ ტრავმამდეც ვერ ბრწყინავდა. მიმდინარე სეზონის 9 მატჩში კვარაცხელიას აქტივში ერთადერთი გოლია, მე-2 ტურში, არსენალთან. მარცხი რაკუვთან კონფერენსლიგის კვალიფიკაციაში, დაკარგული ქულები კრილია სოვეტოვთან – ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ტრავმამდე იყო და ხვიჩა ამ თამაშებშიც ნაკლებად შესამჩნევი გახლდათ.

სავარაუდოა, რომ ფეხბურთელზე გავლენა ევროპაში ჩაშლილმა ტრანსფერმაც იქონია. ხვიჩას დიდი იმედი ჰქონდა, რომ გასულ ზაფხულს სხვა კლუბში გადავიდოდა. ამაზე აქტიურად საუბრობდნენ თავად კლუბიცა და ქართველის აგენტიც. როდესაც კვარაცხელია რუბინში დარჩა, იმედგაცრუების დამალვა რთული იყო. რუბინში ამბობენ, რომ ის ძველებურად მოტივირებულია, თუმცა, შეუძლებელია, ამას ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე არ ემოქმედა. როდესაც მთელი ზაფხული ტოტენჰემში, მილანში ან დორტმუნდში გიშვებენ, ჩემოდნებს კი ისევ ყაზანში ხსნი, ძნელია, ამას შეეგუო. ხვიჩას ევროპის ტოპ-ჩემპიონატში თამაში ძალიან უნდა და ცხადია, მომხდარი ძალიან გაანაწყენებდა.

კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ კვარაცხელიას წინააღმდეგ თავის დაცვა ისწავლეს. საიდუმლო არაა, რომ მწვრთნელები მასთან სათამაშოდ მკაფიო სქემებს ამუშავებენ. შედეგად, ხვიჩას მანერა ყველასათვის ცნობილია, რაიმე ახლის შეთავაზება კი მას უჭირს. ამიტომაც, კლუბები, რომელთაც მაღალი კლასის მცველები ჰყავთ, მასთან გამკლავებას პრობლემების გარეშე ახერხებენ. საყურადღებო დეტალია, რომ კვარაცხელიას ვერ გააქვს ტოპ-კლუბებთან. მისი ბოლო 6 გოლი ურალთან, როტორთან, ახმატთან, უფასთან, სოჭისთანა და არსენალთან მატჩებზე მოდის.

სათქმელია, რომ კვარაცხელიას ფასიც გადამეტებულია და ნათლად სჩანს, რომ ნამდვილად არ არის 20 მილიონ ევროდ ღირებული ფეხბურთელი. ასე რომ იყოს, გაცილებით სტაბილური, ეფექტური და სტრესის მიმართ გამძლე იქნებოდა. ახლა, რუბინში არაერთი მოთამაშეა, რომელიც მასზე სარგებლიანად ირჯება.

ნათელია, რომ რუბინის დღევანდელი პრობლემები უფრო კომპლექსურია და კონკრეტულად კვარაცხელიასთან არაა დაკავშირებული. ეს სულაც არ არის იმის მცდელობა, რომ მარცხიანი სერია ქართველ ფეხბურთელს დაბრალდეს. საუბარია იმაზე, რომ ფეხბურთელისგან, რომელსაც კლუბი 20-25 მილიონად აფასებს, გაცილებით მეტს ელიან. მან სწორედ იმ მატჩებში უნდა შეძლოს გარდატეხის შეტანა, როდესაც მთლიანად გუნდს თამაში ნაკლებად გამოსდის, თუმცა, უკვე მერამდენედ, ეს არ ხდება: დინამოსთან შეხვედრაში ის ბაკაევმა შეცვალა, რომელიც ბოლო 26 წუთშიც კი ხვიჩაზე უკეთ გამოიყურებოდა.

საერთო ჯამში, კვარაცხელია დიდი ვარსკვლავის სტატუსისთვის მზად არ არის. ის ტალანტია, ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლიორი, თუმცა, არა ფეხბურთელი, რომელსაც სხვაობის გაკეთება და მატჩის ერთპიროვნულად მოგება შეუძლია. სწორედ ამიტომ, ხვიჩა ჯერჯერობით, რუსეთში თამაშობს და არა – ინგლისსა ან იტალიაში”.

სტატიის პათოსის გასამყარებლად Sport Express-ს OptaIvan-ის ტვიტიც მოჰყავს, სადაც კვარაცხელიას თამაშია შეფასებული. მიმდინარე სეზონში ქართველი ნახევარმცველის დრიბლინგის მხოლოდ 32%-ია (47-დან 15) წარმატებული, მაშინ როდესაც გასული სეზონების ჯამით ეს მაჩვენებელი 46%-ს (335-დან 153) უტოლდებოდა. ვარდნა თვალსაჩინოა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა. მისი რუბინი რუსეთის ჩემპიონატში 14 ქულით მე-5 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 2 ოქტომბერს, ნიჟნი ნოვგოროდთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები