Thumbnail

'თითქოს მოედანზე არც ვყოფილვართ' - ქეცბაიას გუნდს 7 წუთში 3 გოლი გაუტანეს

  • ანორთოსისმა კვიპროსის ჩემპიონატში არისთან გასვლითი მატჩი წააგო
  • თემურ ქეცბაია დაცვაში გუნდის თამაშით ძალიან უკმაყოფილო დარჩა

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ანორთოსისმა კვიპროსის ჩემპიონატის მე-4 ტურის შეხვედრა სტუმრად არისთან ჩაატარა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა. 

აღსანიშნავია, რომ ფამაგუსტას გუნდმა, რომლის სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ლორიამ და ნიკა ნინუამ ითამაშეს, სამივე გოლი პირველი ტაიმის დასაწყისშივე, შვიდწუთიან მონაკვეთში გაუშვა და სამივე ერთი ფეხბურთელისგან - მარიუშ სტეპინსკისგან. ქეცბაიას გუნდმა ორი გოლი გაიტანა, მაგრამ მეტი ვერ შეძლო.

მატჩის შემდეგ ანორთოსისის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"არისს მოგებას ვულოცავ. ძნელია, როდესაც 0:3-ით იწყებ და ცდილობ გარდატეხის შეტანას. არაერთხელ ვთქვი, რომ წელს იოლი თამაშები არ გვექნებოდა. ქვედა ლიგიდან ამოსული გუნდები ბოლომდე იხარჯებიან. სამი გოლი ათწუთიან მონაკვეთში ისე გავუშვით, თითქოს მოედანზე არც ვყოფილვართ. შემდეგ მოვინდომეთ, გვქონდა მესამე გოლის გატანის კარგი შანსებიც, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. 

გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ თამაში წავაგეთ. გუნდი, რომელსაც ჩემპიონობა სურს, დაცვაში ასე არ უნდა თამაშობდეს. როგორც ჩანს, ვიღაცები ფიქრობენ, რომ წელს ჩვენი საქმე შევასრულეთ, რადგან კონფერენსლიგის ჯგუფში მოვხვდით. არადა, ვთქვით, რომ ჩვენი უმთავრესი მიზანი ჩემპიონობაა. სამწუხაროდ, სამიდან ორი თამაში წავაგეთ და გავუშვით 7 გოლი. 

მომდევნო თამაშში მოსაგებად ვიბრძოლებთ. ძალიან კარგი გუნდი გვყავს. მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები, ვიცოდით, რომ პრობლემები შეგვექმნებოდა, მაგრამ ასეთ ვითარებაში თუ აღმოვჩნდებოდით, არ გვეგონა", - თქვა ქართველმა სპეციალისტმა.

თემურ ქეცბაიას გუნდის კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებულ 3 მატჩში 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა. ანორთოსისი მომდევნო შეხვედრას კონფერენსლიგაზე 30 სექტემბერს, სტუმრად გენტთან გამართავს, ჩემპიონატში კი 3 ოქტომბერს აპოელ-ს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები