Thumbnail
  • ვალენსია 1:1 ბილბაო | გოლები: 0:1 ინიგო მარტინესი (69), 1:1 მარკოს ანდრე (90)
  • ბილბაოსთან შეხვედრაში ვალენსიას კარი იასპერ სილესენმა დაიცვა
  • მატჩის შემდეგ ბორდალასს შეკითხვა მამარდაშვილის შესახებ დაუსვეს

ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურში ვალენსიამ ბილბაოს ატლეტიკს უმასპინძლა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლი წყალობით, ზედიზედ მე-3 წაგებას გადაურჩა (1:1).

ეს იყო პირველი თამაში ამ სეზონში, როდესაც "ღამურების" კარს გიორგი მამარდაშვილი არ იცავდა. ხოსე ბორდალასმა ამჯერად არჩევანი ნიდერლანდელ იასპერ სილესენზე შეაჩერა, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კი ამ საკითხზე ესპანელმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა.

ახალგაზრდა ქართველმა მეკარემ სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა

"გიორგიმ საქმე მართლაც კარგად გააკეთა. იცით, როგორ მოვიდა და თავდაპირველ მოლოდინს გადააჭარბა. თუმცა, ალბათ დატვირთვამ და პასუხისმგებლობამ ბოლო თამაშებში რაღაც მომენტებში მასზე იმოქმედა. ის ძალიან ახალგაზრდაა, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. ორი მარცხის შემდეგ გვჯეროდა, რომ დრო იყო სილესენს ეთამაშა, რომელმაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და მაგარი სეივები შეასრულა, განსაკუთრებით - შეხვედრის ბოლოს. ზოგჯერ ფასდება არა მხოლოდ სპორტული, არამედ ემოციური ასპექტიც. გვჯეროდა, რომ ცვლილებისთვის ეს შესაფერისი მომენტი იყო", - განაცხადა ბორდალასმა.

იასსპერ სილესენმა ვალენსიას კარში ადგილი დაიბრუნა

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ექვსი თამაში ჩაატარა და 7 გოლი გაუშვა. 20 წლის ქართველი მეკარისთვის წარუმატებელი სევილიასთან ბოლო შეხვედრა გამოდგა (1:3). ვალენსიას ამ დროისთვის 11 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები