Thumbnail

სპორტულ ცეკვებში მოციგურავეთა წყვილმა, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას შემადგენლობით, საქართველოს პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბოლო, მეოთხე ლიცენზია მოუპოვა. 

ამრიგად, ისტორიაში პირველად საქართველო ოლიმპიური თამაშებზე ფიგურული სრიალის ოთხივე კატეგორიაში წარსდგება. შეგახსენებთ, რომ მანამდე ლიცენზიები მორის ყვითელაშვილმა და ალინა ურუშაძემ, შესაბამისად, კაცთა და ქალთა ინდივიდუალურ დისციპლინებში, ხოლო სპორტულ წყვილებში კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ მოიპოვეს.

მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ პეკინის თამაშების ლიცენზია მოიპოვეს

მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ წარმატებას გერმანიის ქალაქ ობერსტდორფში გამართულ ჩელენჯერზე მიაღწა, რომელსაც პარალელურად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის სტატუსიც ჰქონდა. 

20 წლის კაზაკოვამ და 22 წლის რევიამ, რომლებიც ISU CS Nebelhorn Trophy 2021-ზე ფავორიტთა შორის მოიაზრებოდნენ, რიტმულ ცეკვაში 66.95 ქულით მე-5 ადგილი დაიკავეს, თავისუფალ ცეკვაში კი - 106.25 ქულით მეორე შედეგი აჩვენეს - ჯამში 173.20 ქულა, რაც საბოლოოდ საუკეთესო სამეულში მოსახვედრად საკმარისი აღმოჩნდა.

კომენტარები

ბოლო ამბები