Thumbnail
  • ჯორჯო კიელინი თანაგუნდელების მოტივირებას ცდილობს
  • იუვენტუსს წინ ძალიან მნიშვნელოვანი და რთული მატჩები აქვს

იუვენტუსის დღევანდელი შემადგენლობიდან არცერთი ფეხბურთელი არ არის ისეთი გამოცდილი, როგორც ჯორჯო კიელინი. შესაბამისად, ტურული გრანდისთვის ამ რთულ ფაზაში ევროპის ჩემპიონი კაპიტნის სიტყვებს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს.

ოთხშაბათს ტურინელებმა დიდი წნეხი მოიშორეს. მართალია, სპეციასგან 2 ბურთი მიიღეს, რაც დაცვაში ქაოსზე მიუთითებს, მაგრამ რაც მთავარია, თამაში მოიგეს (3:2). ეს იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში იუვეს პირველი გამარჯვება იყო - მეხუთე ტურში. ასეთი შედეგი ტურინულ გრანდს ბოლოს 1961 წლის სეზონში ჰქონდა.

უახლოესი მატჩები იუვენტუსისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. მასიმილიანო ალეგრის გუნდი კვირას გენუის სამპდორიას მასპინძლობს, ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ჩელსის ეთამაშება, მერე, 2 ოქტომბერს ტორინოსთან დერბი უწევს, ხოლო 17 ოქტომბერს კი ჟოზე მოურინიოს რომას უნდა დაუპირისპირდეს. კიელინიმ, რომელსაც სერია A-ში 412 შეხვედრა აქვს ჩატარებული, იტალიის ნაკრებში კი 113, იუვენტუსი გემს შეადარა და თქვა: “ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ჩვენმა გემმა კურსი შეინარჩუნოს, გადახრა, გადაყირავება და მით უმეტეს ჩაძირვა არც განიხილება.”

“ნავსადგურში აუცილებლად წარმატებით უნდა შევიდეს. ყველამ იცის, ეს რას ნიშნავს. - დასძინა კიელინიმ Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში, - წნეხი უმძიმესია, მაგრამ უნდა გავუმკლავდეთ. ეს იუვენტუსია - გუნდი, რომელიც რეალურად ყოველთვის ზეწოლის ქვეშაა. სწორი ბალანსის საპოვნელად დროა საჭირო. თუმცა ვიცით, რომ დღევანდელ მსოფლიოში დრო ყველას ძალიან ცოტა აქვს.”

კომენტარები

ბოლო ამბები