Thumbnail
  • ფიურტთან მოგებით იულიან ნაგელსმანმა პირველი რეკორდი ჩაიწერა
  • 23 გოლი 6 ტურში - რეკორდმაისტერი ბრწყინვალე ფორმაშია

იულიან ნაგელსმანი და ბაიერნი: პირველ ტურში, გლადბახთან ფრით (1:1) დასმულ კითხვის ნიშანს მიუნხენური გრანდის ახალგაზრდა მთავარმა მწვრთნელმა და მისმა გუნდმა მომდევნო 5 ტურში ამომწურავად უპასუხეს - რეკორდმაისტერმა მას მერე ზედიზედ 5 თამაში მოიგო და უკვე იქ არის, სადაც მისი ადგილია. ბაიერნი ბუნდესლიგის ცხრილს 16 ქულით ლიდერობს.

ამ 5 გამარჯვების შემდეგ უკვე ცხადია: 34 წლის ნაგელსმანი ბაიერნში საქმეს აგრძელებს იქიდან, სადაც მისმა წინამორბედმა ჰანსი ფლიკმა შეწყვიტა და ბავარიელების შეჩერება ამ სეზონშიც ძალიან ძნელი იქნება. უფრო მეტიც: ნაგელსმანის ფორმაციის ბაიერნს უფრო მეტი გოლი გააქვს!

ფიურტთან მოგებული მატჩით (3:1) ნაგელსმანმა თავისი პირველი რეკორდი მიითვალა ბუნდესლიგაში. საწყის 6 ტურში საკუთარი გუნდის 23 გოლი აქამდე არცერთ ახალდანიშნულ მწვრთნელს არ უნახავს.

ერთი სიტყვით, ბაიერნმა ასე რომ გააგრძელოს, სეზონის ბოლოს ბუნდესლიგაში 130 გოლი ექნება გატანილი. და სწორედ აქ უნდა ვთქვათ, რომ გერმანიის ჩემპიონატში რეკორდი 101 გოლია და ისიც რეკორდმაისტერს ეკუთვნის - 1971/71 წლებში ბაიერნმა სეზონში სწორედ 101 გოლის გატანა შეძლო.

მიუხედავად ასეთი შედეგებისა, 34 წლის ნაგელსმანის კმაყოფილება ფიურტთან მატჩის შემდეგ უსაზღვრო ნამდვილად არ ყოფილა. იულიანმა ბევრი ინერვიულა, ბევრიც იკამათა და ყვითელი ბარათიც მიიღო. “უსამართლობა მოხდა. ბურთი გადასული არ იყო და მეტოქემ ხელითაც ითამაშა. ეს ფაქტია,” - თქვა მატჩის შემდეგ ნაგელსმანმა DAZN-ის მიკროფონში.

მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოს გამო (როგორ მიდის ბაიერნის ვარჯიშზე სკეიტბორდით) სოციალურ ქსელებში საფეხბურთო საზოგადოებამ ნაგელსმანი კვირის ყველაზე COOL-მწვრთნელად აღიარა, ახლა კი პირველი რეკორდიც მოინიშნა - მიუნხენელთა მწვრთნელი ამაზე უკეთეს კვირას ვერ ინატრებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები