Thumbnail
  • კარინა საფინამა და ლუკა ბერულავამ ობერსტდორფის ჩელენჯერზე მე-3 ადგილი დაიკავეს
  • ოლიმპიადის საგზურის მისაღებად სწორედ მოწინავე სამეულში გასვლა იყო საჭირო

სპორტულ წყვილებში ფიგურული ციგურაობის ქართულმა დუეტმა 17 წლის კარინა საფინასა და 18 წლის ლუკა ბერულავას შემადგენლობით, პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებას გერმანიის ქალაქ ობერსტდორფში მიმდინარე ჩელენჯერზე მიაღწიეს, რომელსაც პარალელურად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის სტატუსიც აქვს. ISU CS Nebelhorn Trophy 2021-ზე სპორტულ წყვილებში ოლიმპიური თამაშების საგზურს 3 საუკეთესო დუეტი იღებდა და ქართველმა მოციგურავეებმა სწორედ მე-3 ადგილი დაიკავეს.

შეგახსენებთ, რომ საფინამა და ბერულავამ მოკლე პროგრამაში 66.46 ქულა მიიღეს და პირველ ადგილზე გავდნენ, თავისუფალ პროგრამაში კი მსაჯებისგან 111.70 ქულა (54.16 ტექნიკური ელემენტებისთვის+57.54 პროგრამული კომპონენტებისთვის) ერგოთ, რაც მე-3 შედეგი აღმოჩნდა.

ლუკა ბერულავა და კარინა საფინა თავისუფალი პროგრამის შესრულებისას

საერთო ჯამში, კარინამა და ლუკამ 178.16 ქულა მოაგროვეს და ესეც მე-3 მაჩვენებელი აღმოჩნდა გერმანული (185.25) და ესპანური (181.61) წყვილების შემდეგ. საინტერესოა, რომ ობერსტდორფში დაფიქსირებული სამივე შედეგი ქართული დუეტისთვის კარიერაში საუკეთესოა.

ამგვარად, საფინა და ბერულავა მორის ყვითელაშვილსა და ალინა ურუშაძეს შეუერთდნენ, რომელთაც შესაბამისად, კაცთა და ქალთა ინდივიდუალურ დისციპლინებში ოლიმპიური თამაშების საგზურები აქამდეც მოპოვებული ჰქონდათ. მეტიც, არსებობს შანსი საქართველო პეკინში მე-4 დისციპლინაშიც იყოს წარმოდგენილი.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი სპორტულ ცეკვებში მიზანს მიაღწევენ მარია კაზაკოვა და გიორგი რევია. მათ გერმანულ ჩელენჯერზე მოკლე პროგრამის შემდეგ მე-5 ადგილი უკავიათ, ლიცენზიას კი 4 საუკეთესო წყვილი მიიღებს. სპორტულ ცეკვებში თავისუფალი პროგრამა დღეს, 25 სექტემბერსაა დაგეგმილი (თბილისის დროით 18:25 საათიდან) და ქართველი მოციგურავეები უძლიერეს მე-4 ხუთეულში გამოვლენ.

კომენტარები

ბოლო ამბები