Thumbnail
  • 📅 25 სექტემბერი | ⌚ 18:15 | ⚽ ვალენსია V ბილბაო
  • ხოსე ბორდალასმა მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა
  • მას ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა გიორგი მამარდაშვილი

ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურში ვალენსია საკუთარ მოედანზე ბილბაოს ატლეტიკს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩის წინ "ლოს ჩეს" მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა პრესკონფერენცია გამართა, მაგრამ შეკითხვაზე, ისევ ითამაშებს თუ არა გიორგი მამარდაშვილი, პასუხს თავი აარიდა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, ის არასდროს მიუთითებს შეცდომებზე კონკრეტულ ფეხბურთელებს და მათ ყოველთვის დაიცავს.

"როგორც წესი, არ ვასახელებ ფეხბურთელების გვარებს, რომლებიც ითამაშებენ, მათივე პატივისცემის გამო. აქამდე მამარდაშვილი თამაშობდა და არიან ფეხბურთელები, რომლებიც კარგად მუშაობენ. ხვალ ვნახავთ. ჩვენთვის ამ საკითხზე სადებატო არაფერია, ყოველდღე ისე ვმუშაობთ, რომ გუნდმა მაქსიმალური შედეგი აჩვენოს და ამ მატჩისთვის საუკეთესოებს შევარჩევთ.

პირველ რიგში, პასუხისმგებელი მწვრთნელია. შეცდომები ისედაც აშკარაა, არავის მივუთითებ კონკრეტულად, მაგრამ მათ იციან, რომ 24 წუთში 5 გოლი გაგვიტანეს (გულისხმობს ორ მატჩს). უმეტესობა არ იყო მეტოქეების დიდი დამსახურება, უბრალოდ, ჩვენ გავუშვით. არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ შეცდომებზე კონკრეტულად ვინმეს მივუთითო. ყოველთვის დავიცავ ჩემს მოთამაშეებს, ეს ფეხბურთის ნაწილია. ისინი ვალენსიას ფეხბურთელები არიან და სურთ ყველაფერი გააკეთონ. ჩვენ ისეთი შესანიშნავი მეტოქეების წინააღმდეგ ვითამაშეთ, როგორებიც მადრიდის რეალი და სევილიაა", - თქვა ბორდალასმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ექვსივე თამაში ჩაატარა და 7 გოლი გაუშვა. 20 წლის ქართველი მეკარისთვის წარუმატებელი სევილიასთან ბოლო შეხვედრა გამოდგა (1:3). მომავალ მატჩში "მარკას" სავარაუდო თერთმეტეულში იასპერ სილესენი ფიგურირებს. 

ვალენსიას ამ დროისთვის 10 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები