Thumbnail

სპორტულ ცეკვებში ფიგურული ციგურაობის ქართული წყვილი მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას შემადგენლობით გერმანიის ქალაქ ობერსტდორფში მიმდინარე ჩელენჯერზე გამოვიდა და მოკლე პროგრამის შემდეგ მე-5 ადგილზე იმყოფება.

20 წლის კაზაკოვა და 22 წლის რევია ფავორიტთა შორის მოიაზრებოდნენ და ხუთეულში შესვლაც მოახერხეს. მათ მსაჯებისგან 66.95 ქულა (36.84 ტექნიკური ელემენტებისთვის+30.11 პროგრამული კომპონენტებისთვის) დაიმსახურეს და მხოლოდ ფინურ, ჩეხურ, სომხურ და გერმანულ წყვილებს ჩამორჩნენ.

ქართველი მოციგურავეების მოკლე პროგრამა

ISU CS Nebelhorn Trophy 2021-ზე სპორტულ ცეკვებში თავისუფალი პროგრამა ხვალ, 25 სექტემბერს არის დაგეგმილი. სამაგიეროდ, დღეს გაირკვევა გამარჯვებულთა ვინაობა სპორტულ წყვილებში, სადაც ლიდერები სწორედ ქართველი სპორტსმენები – 17 წლის კარინა საფინა და 18 წლის ლუკა ბერულავა არიან. მათ მოკლე პროგრამაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს და ეცდებიან, თავისუფალ პროგრამაში პირველობა შეინარჩუნონ.

ცნობისთვის, ობერსტდორფი ტრადიციულ ჩელენჯერს უკვე 53-ედ მასპინძლობს და მომავალი ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ, მას საკვალიფიკაციო ტურნირის სტატუსიც აქვს. შეგახსენებთ, რომ შარშან შვედეთში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ოლიმპიური თამაშების საგზურები უკვე მოიპოვეს მორის ყვითელაშვილმა და ალინა ურუშაძემ, ამდენად, ქართველი ქომაგებისთვის უფრო საინტერესო წყვილთა ტურნირებია.

სპორტულ წყვილებში, ოლიმპიადის საგზურები პირველი სამეულის წევრებს ერგებათ, სპორტულ ცეკვებში კი, ლიცენზიის მფლობელი 4 საუკეთესო წყვილი გახდება. ობერსტდორფში წარმატების შემთხვევაში, საქართველოს  ფიგურული ციგურაობის ნაკრების წევრები 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ყველა კატეგორიაში გამოვლენ, რაც უდიდესი წარმატება იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები