Thumbnail

'ვარჯიში არ უყვართ და საქმეში სამზარეულოც ერევა' - ივანისენია საქართველოზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა, საკმარისია, პროგრესს მიაღწიონ და ჩერდებიან'
  • დინამო თბილისის ყოფილი ფეხბურთელი ეროვნულ ლიგაში გატარებულ პერიოდზე

უკრაინელი ნახევარმცველი დმიტრო ივანისენია, რომელიც მიმდინარე სეზონიდან რუსული კრილია სოვეტოვის ღირსებას იცავს, საქართველოში გატარებულ პერიოდს გამოეხმაურა. ივანისენიამ, რომელიც 2018-19 წლებში დინამო თბილისის ღირსებას იცავდა და 49 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა, ინტერვიუ Metaratings-ს მისცა.

“მახსოვს, იმ პერიოდში ნახევარი წელი უგუნდოდ ვიყავი. მქონდა შემოთავაზებები უკრაინის პირველი ლიგიდან, თუმცა, ეს არ მაკმაყოფილებდა. სწორედ მაშინ საფეხბურთო აგენტი მიხეილ მეტრეველი გავიცანი, რომელმაც ჩემს დაბადების დღეს, 11 იანვარს დინამო თბილისში სინჯებზე წასვლა შემომთავაზა. ეს, ჩემს კარიერაში ერთგვარი გადატვირთვა გამოდგა. მთავარია, რომ ლამის ორწლიანი ჩავარდნის შემდეგ, იქ სათამაშო პრაქტიკა მქონდა. ამისთვის, ძალიან მადლიერი ვარ, მნიშვნელოვანი ეტაპი იყო.

სხვა საქმეა, რომ საქართველოში თავისებური მენტალიტეტია. ბევრი ვარჯიში არ უყვართ და თანაც, საქმეში ადგილობრივი სამზარეულოც ერევა. მზიანი ქვეყანაა და ძალიან სტუმართმოყვარეები არიან, ყველგან მეპატიჟებოდნენ. 17-18 წლის ასაკში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა, საკმარისია დინამო თბილისში მოხვდნენ, გარკვეულ პროგრესს მიაღწიონ და ჩერდებიან. საერთო ჯამში, რეგრესის მიზეზი საკუთარი მომავლისადმი არცთუ პროფესიონალური დამოკიდებულებაა.

ერთ-ერთ მატჩში ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშიც მომიხდა, თუმცა, მაშინ ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ ასეთი დონის მოთამაშე გახდებოდა, თუმცა, ეტყობოდა, რომ ნიჭიერი იყო და შესაძლოა, მისგან ძლიერი ფეხბურთელი გამოსულიყო.

რაც შეეხება გარიგებულ თამაშებს, მახსოვს, ტელევიზორში რაც ვნახე. აჩვენეს, რომ რომელიღაც იქაური თამაშის შემდეგ, სინათლე ჩააქვრეს, ნიღბიანი სამართალდამცავები პირდაპირ გასახდელებში შეიჭრნენ და ეჭვმიტანილენი დააკავეს. ცხადია, დინამო თბილისში ასეთი რამ არ ყოფილა. საერთოდაც, არ მახსოვს, რომ რომელიმე მატჩში იოლი გასეირნება გვქონოდა, თუმცა, საქართველოში თავისებური ჩემპიონატი იყო. ტემპი მაღალი არ გახლდათ, თუმცა, ყველა შეტევაზე ფიქრობდა და ნებისმიერი სიტუაციიდან საგოლე მომენტის შექმნას ცდილობდნენ”.

საინტერესოა, რომ 27 წლის ივანისენიას საქართველოში გატარებულ პერიოდი მართლაც მაგრად წაადგა. ის დინამოდან ლუგანსკის ზორიაში გადაბარგდა და უკრაინის ეროვნულ ნაკრებში დებიუტიც ჰქონდა, ამჟამად კი, რუსულ პრემიერლიგაში თამაშობს და კრილიას სოვეტოვის მაისურით სეზონის რვავე მატჩში მიიღო მონაწილეობა. 

კომენტარები

ბოლო ამბები