Thumbnail

ზაგრების გრან პრი | ქართველი ძიუდოისტების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ხორვატიაში ტურნირი 24-26 სექტემბერს გაიმართება
  • ტატო გრიგალაშვილი ტატამიზე პირველი განთესვით გავა

ქართველმა ძიუდოისტებმა, რომელთაც 24-26 სექტემბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დაგეგმილ გრან პრიზე განაცხადი გააკეთეს, მომავალ ტურნირზე მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს.

შეგახსენებთ, რომ ტატამიზე საქართველოს ნაკრების წევრები ტატო  გრიგალაშვილი (81 კგ.) და ლუკა მაისურაძე (90 კგ.) და ახალგაზრდები – ჯუმბერ მელაძე (73 კგ.) და ზაურ დვალაშვილი (81 კგ.) გავლენ, რომელთაც ასეთ დონეზე დებიუტი ექნებათ.

გრიგალაშვილი 81-ე კგ-მდე მსოფლიო რეიტინგის ლიდერია და ცხადია, რომ ზაგრებშიც უმთავრესი ვარსკვლავის რანგში წარსდგება. ის ტურნირში მე-2 წრიდან ჩაერთვება, სადაც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელ სედრიკ კალონგასა და მოლდოველ ნიკონ ზაბოროსჩიუკს შორის უმჯობესს დაელოდება.

ამავე წონაში დვალაშვილი ესპანელ ხოსე მარია მენდიოლა იზკუიეტას გაეჯიბრება. 73 კგ-ში მელაძე ძალებს ბრიტანელ დანიელ პაუელთან მოსინჯავს. ისინი გრან პრიზე შაბათს, 25 სექტემბერს იასპარეზებენ.

კვირას გავა ტატამიზე მაისურაძე, რომელიც მე-2 წრეშია დაშვებული. ქართველი ძიუდოისტის მოწინააღმდეგე იტალიელი ჯენარო პირელისა და ავსტრიელი იოჰანეს პაშერის ორთაბრძოლაში გაირკვევა.

ცნობისთვის, შარშან ზაგრების გრან პრი კოვიდ-პანდემიის გამო არ გამართულა, 2019 წელს კი საქართველოს ნაკრების მონაგარი 5 მედალი იყო. ჩემპიონები ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ხსენებულმა გრიგალაშვილმა, ლევან მატიაშვილმა (+100 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) მოიპოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები