Thumbnail
  • 'ეს შეცდომა იყო, მისი უნარებიდან გამომდინარე, საერთოდაც 4 ნომერზე უნდა ეთამაშა'
  • ვლადიმირ გომელსკის დერიუგინის, ფაჩულიასა და სტეფანიას დახასიათება სთხოვეს

ცნობილმა რუსმა საკალათბურთო კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ თავის კონფერენციაზე ქართველი ცენტრების შესახებ ისაუბრა. გომელსკის ჰკითხეს, ამ სამეულიდან – ნიკოლოზ დერიუგინი, ზაზა ფაჩულია, ვლადიმერ სტეფანია – რომელი იყო საუკეთესო. აი, მისი პასუხიც:

“ჩამოთვლილი კალათბურთელების თაობაზე მხოლოდ პირადი და სუბიექტური დახასიათების მოცემა შემიძლია. კოლია დერიუგინი შეტევაში ძალიან მწვავედ მოქმედებდა და შეტევაში ფართო ტექნიკური არსენალი გააჩნდა. პირით ხაზთან მისი ტრიალი სწრაფი და აგრესიული იყო. შედეგად, დაცვა ვერ ასწრებდა. ამას გარდა, დერიუგინს მარვენა ხელიდან ბრუნში კარგი სროლა ჰქონდა. დაცვაში მისი თამაში ნაკლებად ეფექტური იყო, თუმცა, მაინც საკმაოდ საიმედოდ თამაშობდა. ზაზა ფაჩულია დაცვითი ყაიდის ცენტრის მკაფიო მაგალითია. შეტევაში ის ნაკლებად შესამჩნევი იყო. მისი თამაშის ძირითადი მახასიათებლები თავდადება და სიხისტე გახლდათ. აი, ვლადიმერ სტეფანიას კი თავიდანვე არ გაუმართლა. საქმე ის გახლდათ, რომ ის ბავშვთა გუნდებში ყველაზე მაღალი იყო, ამდენად, მწვრთნელები მას თავიდანვე ცენტრობისთვის ამზადებდნენ. ჩემი აზრით, ეს შეცდომა იყო. იმ სისწრაფისა და კოორდინირებულობის გათვალისწინებით, რომელიც სტეფანიას ჰქონდა, მისი ამპლუა 4 ნომერი უნდა ყოფილიყო. ცენტრის პოზიციისთვის ვლადიმერს ფიზიკური ძალა და კუნთოვანი მასა აკლდა. ამდენად, ამ სამეულში დერიუგინი პირველ ადგილზეა”.

ვლადიმირ გომელსკიმ პირველ ადგილზე ნიკოლოზ დერიუგინი დააყენა

ცნობისთვის, აწ უკვე 62 წლის დერიუგინს ყველაზე წარმატებული პერიოდი დინამო თბილისში (1975-85) აქვს გატარებული, უცხოეთში კი, უნგრულ და სლოვაკურ კლუბებში უთამაშია. იყო საბჭოთა კავშირისა (1978-1985) და საქართველოს (1995-1996) ნაკრებების წევრი. არის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1980), მსოფლიოს (1982) და ევროპის (1981) ჩემპიონი, საკონტინენტთაშორისო თასის ორგზის მფლობელი (1978, 1979).

37 წლის ფაჩულია 2003 წლის დრაფტზე 42-ე ნომრად აირჩიეს. NBA-ში მისი პირველი კლუბი ორლანდო მეჯიქი (2003-04) იყო, შემდეგ კი, მილუოკი ბაქსში (2004-05, 2013-15), ატლანტა ჰოუქსში (2005-13), დალას მავერიქსში (2015-16), გოლდენ სტეიტ უორიორსსა (2016-18) და დეტროიტ პისტონსშიც (2018-19) ითამაშა. ზაზა გოლდენ სტეიტის რიგებში ლიგის 2-გზის ჩემპიონია, მისი საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 20.3 წუთი, 6.8 ქულა, 5.8 მოხსნა, 1.3 პასი.

45 წლის ვლადიმერ სტეფანია NBA-ში პირველი ქართველი კალათბურთელი იყო. მისი უცხოური კარიერა სლოვენიურ ოლიმპიაში (1996-1999) დაიწყო, რომლის მაისურითაც მან ევროლიგის ოთხთა ფინალშიც ითამაშა, შემდეგ კი იყო სიეტლ სუპერსონიქსი (1999-2000), ნიუ ჯერსი ნეტსი (2000-01), მაიამი ჰიტი (2001-03) და პორტლენდ თრეილ ბლეიზერსი (2003-04). სტეფანიამ, რომელიც საქართველოს ნაკრების ღირსებას 1995 წლიდან იცავდა, კარიერა 2004 წელს, მხოლოდ 28 წლის ასაკში დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები