Thumbnail

ნამდვილი ამბავი თუ გინდათ, ეს არის - ადრიანოს თქვენთვის ბევრი რამ აქვს მოსაყოლი

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ადრიანო The Players’ Tribune-ის სტატიაში თავის ისტორიას ყვება
  • მისი ცხოვრების გარდამტეხი მომენტი მამის გარდაცვალებაა
  • ბრაზილიელი თავს ყველაზე ბედნიერად ფაველებში გრძნობს

ადრიანო ის კაცია, ვისაც ‘ელ ფენომენო’ რონალდოს მემკვიდრეობას უწინასწარმეტყველებდნენ. 15 წლის წინ ყველა ექსპერტი თანხმდებოდა, რომ მსოფლიო ფეხბურთი მისი უნდა ყოფილიყო, რადგან ბუნებამ ბრაზილიელ ფორვარდს ზედმეტად ბევრი რამ მისცა. მსგავსი ნიჭის ფეხბურთელი იშვიათად გვინახავს.

ამის შემდეგ დაიწყო ის პერიოდი, როდესაც მის ცხოვრებაზე უფრო მეტს ლაპარაკობდნენ, ვის თამაშზე. თუმცა მისი ცხოვრებაც ისეთივე ფერადი და არაორდინალური იყო, როგორც ‘იმპერატორად’ წოდებული თავდამსხმელის წარმოდგენები მწვანე მინდორზე. ადრიანო The Players’ Tribune-ის სტატიაში თავისი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ ყველაფერს გულახდილად ყვება. ‘პოპსპორტმა’ სტატია თარგმნა და ადაპტირებული სახით წარმოგიდგენთ.

"ისინი ამბობენ, რომ მე სადღაც გადავიკარგე. ამბობენ, რომ ადრიანომ მილიონებზე თქვა უარი. ამბობენ, რომ ადრიანო ნარკოდამოკიდებულია. ამბობენ, რომ ადრიანო სადღაც ფაველებში გაუჩინარდა.

თქვენ ხომ არ იცით, რამდენჯერ მინახავს მსგავსი სათაურები, მაგრამ ახლა ხომ აქ ვარ, თქვენს წინ ვდგავარ და ვიღიმი. გაინტერესებთ ნამდვილი ამბავი ჩემს შესახებ?! პირდაპირ ჩემგან მოთხრობილი, სისულელეების გარეშე... მაშინ მოემზადეთ, რადგან ადრიანოს თქვენთვის ბევრი რამ აქვს მოსაყოლი.

"ფაველები" - თვითონ ამ სიტყვასაც კი არასწორად იყენებენ. უცხოები ვერ გებულობენ, ეს რას ნიშნავს, როცა ბრაზილიაზე, ‘გეტოებში’ გაზრდილ პატარა ბავშვებზე ლაპარაკობენ. ისინი ყოველთვის ბნელ სურათებს ხატავენ. ყოველთვის ტკივილზე და გაჭირვებაზე საუბრობენ.

'ნამდვილი ბავშვობა მახსოვს და არა ის უბედურება, როცა ახლანდელი ბავშვები ეკრანებს უზიან და რაღაცებს აწკაპუნებენ'

კი, ხანდახან ასეცაა, მაგრამ რეალობა უფრო რთულია. როცა ჩემს ბავშვობას ფაველებში ვიხსენებ, მხოლოდ ის მახსენდება, რა ბედნიერი ვიყავი, როგორ ვერთობოდი. მახსოვს თამაშები ქუჩაში და მახსოვს ფეხბურთი. ნამდვილი ბავშვობა და არა ის უბედურება, როცა ახლანდელი ბავშვები ეკრანებს უზიან და რაღაცებს აწკაპუნებენ.

ჩემს გარშემო ჩემი ოჯახი, ჩემი ხალხი იყო. მე ამ გარემოში გავიზარდე. არ ვიტანჯებოდი, არა! მე ვცხოვრობდი. მისმინეთ, ჩემს კარიერაში ბევრი ფული გავაკეთე, მაგრამ რამდენი უნდა გადაიხადო იმისთვის, რომ ისევ ისეთი ბედნიერი იყო?! მიხვდით ხომ, რას ვამბობ?

ბურთი ყოველთვის ჩემს ფეხებში იყო. ის იქ თავად ღმერთმა მოათავსა. 7 წლის ვიყავი, როცა ჩემი ოჯახის წევრებმა ფული მოაგროვეს და ფლამენგოს აკადემიაში გამიშვეს სათამაშოდ. ფაველებიდან ფლამენგოში...

ბავშვობის ფოტო ფლამენგოს აკადემიიდან

ეს გიჟური იდეა იყო. ჩვენ პენიაში ვცხოვრობდით და რიო თუ იცი, მიხვდები, რამხელა გზაა პენიადან ფლამენგოს სკოლამდე, გავიაში. 90-იანებია და ავტობუსის ყვითელი ხაზი ჯერ კიდევ არ არის. ორი გადაჯდომა მიწევდა, სანამ ‘მენგოს’ აკადემიას მივაღწევდი. თან პატარა ვიყავი და ფათერაკიანი, ვიღაც უნდა გამომყოლოდა.

აი, აქ ჩნდება ბებიაჩემი. ბებია! რომ არა ის, თქვენ სახელ ადრიანოს ვერ გაიგებდით. თქვენ არ იცით, ის რა ქალია, რა ხასიათი აქვს. ლეგენდაა. უცებ მოგიყვებით ერთ ამბავს და მაშინვე მიხვდებით. ინტერში ვარ და პრესა ყველგან დამდევს. ჩემს სახლთან არიან დაბანაკებულები და მოსვენებას არ მაძლევენ. ბებიაჩემი მაშინ ჩემთან რჩებოდა. მესმის, სამზარეულოში წყალს ადუღებს. დიდი ქვაბი უდგას - გეგონება, პასტას გაკეთებას აპირებს. ვეკითხები: "რას აკეთებ, რას ხარშავ?" "არ ვხარშავ, პატარა საჩუქარი მაქვს ‘შენი მეგობრებისთვის', გარეთ რომ დგანან. პატარა აბაზანა უნდა მოვუწყო. მოეწონებათ. ნამდვილად ამას აპირებდა. ძლივს დავამშვიდე. ასეთია ბებიაჩემი, მიხვდით ალბათ, როგორიც.

როცა პატარა ვიყავი, ვარჯიშზე ავტობუსით ყოველდღე მას დავყავდი. ფული ბევრი არ გვქონდა. ასე რომ, ყოველდღე პოპკორნი მოჰქონდა ჩვენთვის. ან პურს ჩამოჭრიდა და შიგნით შაქარს ყრიდა. თავს ამაზე მეტის უფლებას ვერ ვაძლევდით, მაგრამ ხანდახან უბრალო რაღაცები ყველაზე გემრიელია. ასე არ არის?!  როცა მე ვვარჯიშობდი, გგონიათ, ის სადმე კაფეში იჯდა და ჩაის ან ყავას სვამდა? არა, იქ იყო და საათობით ჩემს თამაშს უყურებდა. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ნორმალურად ჩემი სახელის თქმაც კი არ იცოდა და შეცდომით ადი-რანოს მეძახდა.

თამაშის დროს სხვა ბავშვებს უყვიროდა: "რას აკეთებ?! ჩქარა, ბურთი ადირანოს მიეცი!" უკანა გზაზე, ავტობუსში თამაშის გარჩევა იწყებოდა. დაიწყებდა: იქით რატომ არ გაიქეცი? რატომ არ დაარტყი? ის იყო ჩემი მოურინიო - სანამ ჟოზეს შევხვდი.

'ბევრი ფული არ გვქონდა, ბებია მშიერს პოპკორნს მაჭმევდა, მაგრამ ხანდახან უბრალო რაღაცები ყველაზე გემრიელია'

ეს ამბავი 8 წელი გრძელდებოდა, ყოველდღე, მუდამ ერთად. არასოდეს დამავიწყდება, არასოდეს! არც კი ვიცი, რამდენი საათი გავატარე ავტობუსში ბებიაჩემთან ერთად. ალბათ მთელი ცხოვრება. და როგორ ფიქრობთ, სწავლისთვის რაიმე დრო მრჩებოდა?! არ გაგიკვირდებათ, რომ მეხუთე კლასში სამჯერ ჩავრჩი. ბებიაჩემმა მთელი თავისი ცხოვრება იმას შესწირა, რომ მე ფეხბურთელი ვყოფილიყავი. ერთ დღესაც ჩემი ოცნება კინაღამ დამთავრდა. 15 წლის ვიყავი და ფლამენგოში მწვრთნელებმა ბავშვები ორ ნაწილად გაყვეს - ვინც გუნდში რჩებოდა და ვინც მიდიოდა. მე გუნდიდან უნდა წავსულიყავი და ბოლოს ერთ-ერთმა მწვრთნელმა მაინც დამტოვა. ეს ჩემი შანსი იყო.

ეს იყო დრო, როცა თავი უნდა გადამერჩინა. შანსი შემენარჩუნებინა. რა უნდა მექნა? ვიბრძოდი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. როცა თავდამსხმელი ხარ, ეს რბოლა ან შეჯიბრი არ არის. წარმოიდგინე, ბურთი შენთან მოდის და ორი დიდი მცველი შენს მოსაკლავად მოდის. ეს შეჯიბრი არ არის, ეს ქუჩის ჩხუბია. ისინი ეცემოდნენ და მე ბოლომდე ფეხზე ვრჩებოდი.

17 წლის უკვე ფლამენგოს დიდ გუნდში ვიყავი. უკვე პროფესიონალების გვერდით ვთამაშობდი. ეს უკვე სულ სხვა დონე იყო. ყველასთვის უნდა დამემტკიცებინა, ვინ ვარ. არასოდეს დამავიწყდება ეს მომენტი, 11X11-ზე ვთამაშობთ და უცებ ბურთი მომოვიდა, მცველები ჩემსკენ წამოვიდნენ, ერთი მოძრაობით მოვიშორე და ხომ იცით, მერე რა მოხდა? რა ხდება, როცა ადრიანოს ბურთი ცაციაზე აქვს? დავარტყი, ძელი და გოლი! მახსოვს, ბურთი როგორ მიფრინავდა, მახსოვს მათი სახეები. გაკვირვებულები იყვნენ.

რამდენიმე თვეში უკვე ბრაზილიის ნაკრებში ვიყავი. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. იმ დროს ისევ ფაველებში ვცხოვრობდი, ჩემს მშობლებთან ერთად. მეძინა, როცა ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ ნაკრებში ამიყვანეს. დედაჩემი შემოვარდა და ყვიროდა. "ადრიანო, აგიყვანეს, აგიყვანეს!" თავიდან არც მჯეროდა, მეგონა, რომ მეხუმრებოდა. ავდექი და ტელევიზორში ჩავრთე. 18 წლის ვარ, ფაველებში ვცხოვრობ. როგორ გინდა, არ დაიჯერო, რომ ამაში ღმერთის ხელი არ ერია?! ლოგიკურად ამას ვერ ახსნი.

ადრიანოს ბრაზილიის ნაკრებში 48 თამაშში 27 გოლი აქვს გატანილი

ერთ წელიწადში უკვე მილანის ინტერში ვარ და მეტსახელად ‘იმპერატორს’ მიწოდებენ. გჯერათ?! როგორ გინდა ამის ახსნა. მახსოვს, იტალიაში ჩავედი, გასახდელში მიმოვიხედე და ზეედორფი, რონალდო, ძანეტი, ტოლდო...

მახსოვს, რეალთან გვაქვს ამხანაგური მატჩი. შეცვლაზე შევედი. ჯარიმა დაინიშნა და ბურთთან მივედი. ამ დროს ვიღაც უკნიდან მოვიდა ჩემთან და მეუბნება: "არა, გამოიწიე, მე დავარტყამ." მოვტრიალდი და მატერაცია. ძლივს გავიგე, რას მეუბნებოდა, იტალიური კარგად კიდევ არ მესმოდა. მატერაცის დარტყმა უნდოდა, თუმცა ზეედორფმა გააჩერა: "გაანებე ბავშვს თავი, დაარტყას!" ზეედორფთან ბევრს ვერავინ ლაპარაკობს. მატერაციც გამოიწია. გამეორებაზე თუ ნახავ, სახეზე შეხედეთ. ისეთი სახე აქვს, აწერია, რომ ფიქრობს: "ეს ბავშვი ბურთს ტრიბუნებზე, ბოლო რიგისკენ დაარტყამს."

დღემდე მეკითხებიან, ასე ძლიერად როგორ დაარტყიო. არ ვიცი, მე დავარტყი და დანარჩენი ღმერთმა ქნა. ფაქტია, ბურთი მაღალ კუთხეში შევარდა. აქედან დაიწყო ინტერთან ჩემი სიყვარულის ისტორია. ინტერი ჩემი ცხოვრების გუნდია. მიყვარს ფლამენგო, სან პაულუ, კორინთიანსი... მიყვარს ის გუნდები, სადაც ვთამაშობდი, მაგრამ ინტერი ჩემთვის რაღაც განსაკუთრებულია.

ინტერში ადრიანომ კარიერის საუკეთესო მონაკვეთი გაატარა

იტალიური პრესა? ჰა, ჰა, ეს უკვე სხვა ისტორიაა. ინტერი, როგორც კლუბი? საუკეთესო. ინტერის გულშემატკივრის სიმღერა ჩემზე დღემდე ვიცი. მახსოვს, როგორ მღეროდნენ ‘სან სიროზე’:

Che confusione, Sarà perché tifiamo, Un giocatore, Che tira bombe a mano , Siam Tutti in piedi , per questo brasiliano , batti le mani , che in campo c'è Adriano!

ღმერთო, ბიჭი ფაველებიდან და ახლა იტალიის იმპერატორი?! ჯერ კიდევ არაფერი გამიკეთებია და ხალხი ისე მექცევა, თითქოს მეფე ვიყო. მახსოვს, რიოდან ჩემი ოჯახი რომ ჩამოვიდა ჩემს სანახავად. ოჯახში ბრაზილიურ ოჯახს ვგულისხმობა და არა მხოლოდ დედას და მამას. 44 კაცი იყო. მთელი ნათესაობა. მთელი ჩემი უბანი თვითმფრინავში იჯდა.

ეს რომ ინტერის პრეზიდენტმა მორატიმ გაიგო, თქვა: "ბავშვისთვის განსაკუთრებული მომენტია და მოდი, ოჯახისთვის ავტობუსი მივცეთ." ტურისთვის ავტობუსი გამოყვეს. 44 ბრაზილიელი იტალიაში ტურზე. წარმოიდგინეთ. ამის გამო არასოდეს ვიტყვი ცუდს მორატიზე და ინტერზე. ყველა კლუბს ასე უნდა მართავდნენ. ის ჩემზე, როგორც ადამიანზე უფრო მეტს ღელავდა, ვიდრე როგორც ფეხბურთელზე.

ვიცი, ახლა რასაც ფიქრობთ: "მაგრამ ადრიანო, რატომ წახვედი ფეხბურთიდან? რატომ დაგვტოვე?"

როცა იტალიაში ვბრუნდები, სულ ამას მეკითხებიან. ხანდახან მგონია, რომ ის ადამიანი ვარ, ვისაც ამ სამყაროში ყველაზე მეტად ვერ გაუგეს. 9-დღიან მონაკვეთში სამყაროში ყველაზე ბედნიერი კაციდან ყველაზე უბედურად ვიქეცი. ეს იყო მოგზაურობა სამოთხიდან ჯოჯოხეთში.

'ლუის ფაბიანო ამბობდა, თამაში დავიკიდოთ და ეს ნაბიჭვრები დავხოცოთო'

2004 წლის, 25 ივლისი, კოპა ამერიკის ფინალი არგენტინასთან. ყველა ბრაზილიელს ახსოვს ეს თამაში. ბოლო წუთებია და ამ ნაბიჭვრებთან ვაგებთ. უკვე დაგვცინიან, უნდათ, რომ დაგვაბნიონ და დრო გაიყვანონ. ლუის ფაბიანოს მათთან ჩხუბიც კი უნდოდა. ამბობდა, თამაში დავიკიდოთ და ეს ნაბიჭვრები დავხოცოთო.

დანარჩენი უკვე პოემაა, ფილმია, სიმღერაა. ზუსტად არ ვიცი, რა არის, მაგრამ ეს რეალობა ნამდვილად არაა. ბურთი საჯარიმოში მოდის. იქ ბევრი ხალხია, არეულობა, იდაყვები, არაფერი ჩანს. ბურთს ვერც კი ვხედავ და უცებ ჩემთან მოდის. ღმერთის საჩუქარია. არც მახსოვს, სად დავარტყი. მხოლოდ ის მახსოვს, რომ მთელი ძალით დავარტყი და BOOM. სქელი კაცის კოცნა არგენტინელებს. ამ გრძნობას სიტყვებით ვერ ავხსნი.

თამაში მხოლოდ გავათანაბრეთ (2:2), მაგრამ ვიცოდით, რომ ამით ისინი გავტეხეთ. ვიცოდით, პენალტებში რა მოხდებოდა. ბოლო პენალტი ხუანის იყო. გოლი და ჩემპიონები ვართ. ჩვენ და არა არგენტინელები. ის დღე, როცა არგენტინა დავამარცხეთ, როცა მთელი ქვეყანა გვიყურებდა, მთელი ჩემი ოჯახი ამას უყურებდა, ალბათ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღეა.

ფაველებიდან აქამდე მოვედი. მაგრამ ეს ყველასთვის გაკვეთილიც უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ. შეიძლება, იმპერატორი იყო და შენი ცხოვრება ერთ წუთში შეიცვალოს.

2004 წლის 4 აგვისტო. 9 დღის შემდეგ. ევროპაში ვარ, ინტერთან ერთად. სახლიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ მამაჩემი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ამ დღის შემდეგ ფეხბურთი ძველებურად აღარ მიყვარდა. ფეხბურთი მას უყვარდა, მამაჩემს, და ეს სიყვარულიც მე მისგან მივიღე. ის რომ წავიდა, რაღაცები გაქრა. როცა ფეხბურთს ვთამაშობდი, ვთამაშობდი ჩემი ოჯახისთვის. როცა გოლები გამქონდა, გამქონდა ჩემი ოჯახისთვის. როცა მამაჩემი მოკვდა, ფეხბურთი აღარ იყო ჩემთვის იგივე, რაც მანამდე.

იტალიაში ვიყავი, ოკეანის გადაღმა. ეს ვერ ავიტანე და ვერ გადავხარშე. დეპრესია დამეწყო. დავიწყე სმა. ძალიან ბევრს ვსვამდი. ვარჯიში აღარ მინდოდა. ამას ინტერთან შეხება არ ჰქონია, უბრალოდ სახლში წასვლა მინდოდა. გულწრფელი რომ ვიყო - ამის შემდეგაც იტალიაში ბევრი გოლები გავიტანე, ფანებს ძალიან ვუყვარდი, მაგრამ თამაშისადმი ჩემი სიყვარული დამთავრებული იყო. ისევ ისეთი ვეღარ ვიქნებოდი.

ტრავმები მხოლოდ ფიზიკური არ არის. ხვდებით, არა?!

როცა 2011 წელს აქილევსი გავიწყვიტე, ვიცოდი, რომ ფიზიკურად ეს ჩემი დასასრული იყო. შეიძლება ოპერაცია გაიკეთო და რეაბილიტაცია გაიარო, მაგრამ იგივე ვერასოდეს იქნები. ჩემი სისწრაფე დაიკარგა, ჩემი კოორდინაცია დაიკარგა. დღემდე მაქვს ხვრელი მუხლში. იგივე იყო ჩემთვის მამაჩემის სიკვდილი. უბრალოდ, ჭრილობა შიგნიდან მაქვს, სულში.

რა მოუვიდა ადრიანოს? ადვილი ასახსნელია - ერთი ჭრილობა მაქვს მუხლში და მეორე სულში.

2008 წელია, მოურინიოს დრო ინტერში. ყველაფერი ყელში ამომივიდა. პრესა ყველგან დამდევს და მოურინიოც სულ მემუქრება: "რამეს ხომ არ აპირებ, გინდა პრობლემა ჩემთან გქონდეს?" ღმერთო, აქედან წასვლა მინდოდა. ვეღარ ვუძლებდი. ნაკრებიდან რომ დამირეკეს და გამომიძახეს, ჟოზემ მაშინვე მითხრა: ‘შენ აქ აღარ მობრუნდები, ხო?’ ვუპასუხე: "უკვე იცი, რაც მოხდება."

ბილეთი მხოლოდ ერთი მიმართულებით ვიყიდე და წავედი.

პრესა ხანდახან ვერ იგებს, რომ ჩვენც ადამიანები ვართ. დიდი წნეხია, იყო იმპერატორი. მე კიდევ მხოლოდ ის ბავშვი ვიყავი, ვისაც ფეხბურთის თამაში უნდოდა, შემდეგ კი მეგობრებთან ერთად გასვლა. ასეთ რამეებს დღევანდელი ფეხბურთელებისგან ვერ მოისმენ - დღეს ყველაფერი ძალიან სერიოზულადაა და დიდი ფულია ჩართული. მაგრამ მე, გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, ყოველთვის ის ბიჭი ვიყავი ფაველებიდან.

პრესა ამბობს, რომ გავუჩინარდი. ამბობს, რომ ფაველებში დავბრუნდი და ნარკოტიკებზე შევჯექი. ბეჭდავენ ჩემს ფოტოებს და ამბობენ, რომ ჩემს გარშემო განგსტერები არიან და ჩემი ისტორია ტრაგედიაა. ამაზე მხოლოდ მეცინება. არც იციან, რას ლაპარაკობენ და რას აკეთებენ.

მე უკან დავბრუნდი ჩემს ხალხთან, ჩემს მეგობრებთან, ჩემს უბანთან. არ მინდა ციხე-სიმაგრეში ვიცხოვრო მთაზე და ყველასგან მოშორებული ვიყო. მინდა, იმ ხალხთან ერთად ვიყო, რომელიც მე მაშინაც მიცნობდა, როცა ადი-რანო ვიყავი და ავტობუსში მშიერს პოპკორნის მეტი არაფერი მქონდა.

რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ფორმიდან ამოვარდი - როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად. დახმარება მჭირდებოდა და სან პაულუში მკურნალობის კურსი გავიარე. ფსიქოლოგთან დავდიოდი და დეპრესიას ვებრძოდი.

ამიტომა მიყვარს მასიმო მორატი. ის ამას ყოველთვის გებულობდა. ყოველთვის მაძლევდა ჩემს პირად სივრცეს, რადგან იცოდა, რისი გადატანა მიწევდა. რამდენჯერმე იტალიაში დავბრუნდი, მაგრამ არ შემეძლო, ის მომეტყუებინა. როცა დამირეკა და მკითხა, თავს როგორ ვგრძნობდი, ვუპასუხე: "მეტი არ შემიძლია. ბრაზილიაში უნდა დავრჩე." მან გამიგო და მარტო დამტოვა. ამის გამო ძალიან დიდ პატივს ვცემ.

ადრიანომ მილიონებზე თქვა უარი...

კი, შეიძლება მილიონები დავკარგე, მაგრამ შენი სული რა ღირს?! რამდენი უნდა გადაიხადო, რომ შენი თავი იპოვო. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ გატეხილი ვიყავი. მინდოდა, ჩემი თავი მეპოვა, მაგრამ ნარკოტიკებზე არასოდეს ვყოფილვარ. ვსვამდი?! რამდენსაც გინდა! ძალიან ბევრს!!! მაგრამ შეგიძლიათ გამტესტოთ და ჩემს სხეულში ნარკოტიკის კვალს ვერ იპოვით. იმ დღეს, როცა მე ნარკოტიკს გავისჯავ, ამით დედას და ბებიას მოვკლავ. ეს ვიცი.

როცა რიოში, ფლამენგოში სათამაშოდ დავბრუნდი, იმპერატორობა აღარ მინდოდა. მსურდა, მხოლოდ ადრიანო ვყოფილიყავი. მხოლოდ ის მინდოდა, რომ ბედნიერება ისევ მეპოვა. ასეც მოხდა. სიმართლეს გეტყვით: ხანდახან, ფლამენგოში ვარჯიშზე მთელი გუნდი მხოლოდ იმიტომ მივდიოდით, რომ მერე ერთად დაგველია. ყველანი ერთად მივდიოდით დასალევად ვარჯიშის მერე.

ბრაზილიის ჩემპიონობა ფლამენგოსთან ერთად

მეორე დღეს, როცა ვიღაცას სირბილის თავი არ ჰქონდა, სხვა ეტყოდა: "არაუშავს ძმაო, დღეს შენს მაგივრად მე ვირბენ." ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. და ჩვენ ფლამენგოსთვის ბოლო 17 წელიწადში პირველი ჩემპიონობაც მოვიგეთ. ეს განსაკუთრებული მომენტი იყო. თავს სახლში ვგრძნობდი, ისევ ძველი ადრიანო ვიყავი.

ადრიანო იყო ბიჭი ფაველებიდან. ადრიანო იყო ბიჭი ავტობუსში ბებიასთან ერთად. ადრიანო ის ბიჭი იყო, რომელსაც ფლამენგო გაშვებას უპირებდა. ადრიანო ის ბიჭი იყო, რომელიც იბრძოდა და რომელიც ფეხზე დარჩა, მაშინაც კი როცა ყველა დაეცა.

'იმპერატორობა არაფერში მარგია, თუ ადრიანო არ ვიქნები'

მე სულ ეს ადამიანი ვიყავი. ფულმა, სახელმა და პოპულარობამ არაფერი შეცვალა. ვერ შეცვლის იმას, როგორც დაიბადე. გაიგეთ?! მსოფლიოს ჩემპიონატი არ მომიგია. ვერც ლიბერტადორესი მივიგე. მაგრამ იცოდეთ - მაგარი ცხოვრება ვიცხოვრე.

ძალიან ვამაყობდი, რომ იმპერატორი ვიყავი, მაგრამ იმპერატორობა არაფერში მარგია, თუ ადრიანო არ ვიქნები. ადრიანო არ ატარებს გვირგვინს. ის მხოლოდ ის ბიჭია ფაველებიდან, რომელიც ღმერთმა გამოარჩია. ახლა მიხვდით? ადრიანო ფაველებში არ დაკარგულა. ის მხოლოდ სახლში დაბრუნდა.

კომენტარები

ბოლო ამბები