Thumbnail

აკი ბაშო | იორიკირი იაპონელ ვეტერანთან - ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამედ მოიგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 33 წლის ქართველ სუმოისტს 5 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა
  • ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-17 მაეგაშირა ჩიიონოკუნი იქნება

33 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა საშემოდგომო სუპერტურნირი სუსტად დაიწყო, თუმცა, აკი ბაშოს მე-2 ნახევარში ზედიზედ მე-3 ორთაბრძოლა მოიგო და ახლა უკვე არცთუ ცუდი შანსი აქვს, წოდებაში დაწინაურება მოახერხოს.

დასავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი დღეს დასავლეთისვე მე-16 მაეგაშირა ტოკუშორიუს გაეჯიბრა და 35 წლის იაპონელი ვეტერანი იორიკირით დაამარცხა. ქართველმა სუმოისტმა მეტოქის მავაში მარჯვენა ხელით დაიჭირა, ამით უპირატესობა მოიპოვა და მიწოლის წყალობით, დოჰიოდან გაიყვანა.

ამგვარად, ტოჩინოშინს 5 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და იმისთვის, რომ დადებითი ბალანსი ანუ კაჩი-კოში დააფიქსიროს, დარჩენილი 4 შეხვდრიდან სამის მოგება სჭირდება. ქართველი სეკიტორის მომდევნო მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-17 მაეგაშირა ჩიიონოკუნი იქნება, რომელსაც ლევანი 9-ჯერ შეხვედრია და მხოლოდ ერთხელ აქვს წაგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები