Thumbnail

მასიმილიანო ალეგრი: სპეციასთან ლიგაში დასარჩენი მატჩი გვაქვს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • იუვენტუსს ასეთი კატასტროფული სტარტი 60 წლის წინ ჰქონდა
  • ტურინელთა მწვრთნელმა შემადგენლობაში დიდი ცვლილებები დააანონსა

იუვენტუსმა იტალიის სერია A-ს ახალი სეზონი საშინლად დაიწყო და 4 ტურის შემდეგ გასავარდნ ზონაშია. მასიმილიანო ალეგრიმ კრიზისიდან გამოსვლის გზა ჯერჯერობით ვერ მოძებნა, ამასობაში კი, ტურინელებს მე-5 ტურის მატჩი სტუმრად სპეციასთან ელით.

ალეგრიმ თამაშისწინა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მოცემულ ვითარებაში სეზონის მიზნებზე საუბარი უადგილოა და ახლა მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ფიქრობს, რომელიც მის გუნდს კონკურენტის წინააღმდეგ აქვს.

"რეალისტები უნდა ვიყოთ. გრძელვადიან პერსპექტივაში საუბარს აზრი არ აქვს, უბრალოდ, საჭიროა სპეცია დავამარცხოთ. სატურნირო ცხრილს არ ვუყურებ, მაგრამ რომ შევხედოთ, სპეციასთან ლიგაში დასარჩენი მატჩი გვაქვს. შესაბამისად, მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ და ახლა შორეულ მიზნებზე ლაპარაკი მიზანშეწონილი არ არის. შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად იქნება. გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც კლუბსა და ნაკრებში ზედიზედ 6-7 თამაში ჩაატარეს. კიეზა და დე ლიხტი ძირითადში იქნებიან, დანარჩენი 9 ფეხბურთელის ვინაობას კი ხვალ გაიგებთ. ვინც მატჩში შეცვლაზე ერთვება, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს, არ შეიძლება, რომ 10 კაცით ვითამაშოთ. შეცვლაზე შესვლა პასუხისმგებლობაა", - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსმა სერია A-ს განვლილ ოთხ ტურში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა, სატურნირო ცხრილში ქულებით ერთადერთ გუნდს, სალერნიტანას უსწრებს და გასავარდნ ზონაშია. იუვემ იტალიის ჩემპიონატში საწყისი 4 მატჩში გამარჯვება 1961 წლის შემდეგ პირველად ვერ მოიპოვა. აღსანიშნავია, ტურინელთა მომდევნო მეტოქე სპეცია 4 ქულით მე-13 ადგილზეა და ალეგრის გუნდს უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები