Thumbnail

'რა ვქნათ, ტიკი-ტაკი ვითამაშოთ?' - კუმანის ვიდეო ვირუსულად იქცა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბარსელონას მწვრთნელს საფეხბურთო სამყაროში ცნობილი ტერმინი აერია
  • ამან რონალდ კუმანი, რომელსაც კრიტიკა არ აკლია, დაცინვის ობიექტად აქცია

ესპანური ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გრანადასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე სახალისო შეცდომა დაუშვა და ეს ვიდეო მალევე იქცა ვირუსულად.

ნიდერლანდელი სპეციალისტი გასულ შეხვედრას განიხილავდა და რა დროსაც ბარსაში პეპ გვარდიოლას მიერ დამკვიდრებულ სისტემას ტიკი-ტაკას ნაცვლად ტიკი-ტაკი უწოდა.

“როგორ უნდა ვითამაშოთ არსებული შემადგენლობიდან გამომდინარე? ტიკი-ტაკის მივმართოთ? და ეს მაშინ, როდესაც ცენტრალურ ზონაში თავისუფალი სივრცე არაა, ჩვენ კი ის ფეხბურთელები არ გვყავს, რომელთაც ერთი ერთზე მეტოქის სისწრაფეში დაჯაბნა შეუძლიათ. ამ თემაზე მეტს ვეღარ ვისაუბრებ, რადგანაც ყველაფრის ახსნა მიწევს”, - თქვა კუმანმა და მყის დაცინვის ობიექტად იქცა.

სოციალურ ქსელში უკვე არაერთი მემი გამოჩნდა, ბარსელონას ქომაგები კი ხუმრობენ, რომ იმ სტილს, რომლითაც გუნდი მიმდინარე სეზონში თამაშობს, სახელად სწორედ ტიკი-ტაკი შეესაბამება. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ბარსას 8 ქულა გააჩნია, მე-7 ადგილზეა და ლიდერ მადრიდის რეალს უკვე 5 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები