Thumbnail
  • დორტმუნდის ახალ ფორმას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
  • ფანები ლოგოს გამო აღშფოთდნენ, Puma-მ მათ ბოდიში მოუხადა

სპორტული აქსესუარების მწარმოებელი გერმანული კომპანია Puma კრიტიკას გამოეხმაურა და დორტმუნდის ბორუსიას ქომაგებს ბოდიში მოუხადა იმ ფორმის გამო, რომლითაც გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, ბეშიქთაშთან ითამაშა (2:1 გერმანული კლუბის სასარგებლოდ). BVB-ს ახალმა ფორმამ გულშემატკივრებში უდიდესი კრიტიკა დაიმსახურა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ფოტოები პირველად გამოქვეყნდა, ბეშიქთაშთან თამაშის შემდეგ კი სოციალურ ქსელებში პროტესტმა პიკს მიაღწია.

“ძალიან ვწუხვართ იმის გამო, რომ დორტმუნდის ბორუსიას გულშემატკივრებს ჩვენი პროდუქტი არ მოეწონათ და ბოდიშს ვუხდით მათ შექმნილი დისკომფორტისთვის,” - განაცხადა Puma-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბიორნ გულდენმა “რურ ნახრიხთენისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ფანების აღშფოთება ლოგოს ე.წ. Watermark-ის სახით დატანამ გამოიწვია

მისი თქმით, ფანების რეაქცია კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: “როგორც აღმოჩნდა, ფანებს განსაკუთრებით ის ფაქტი არ მოეწონათ, რომ კლუბის ლოგო ე.წ. “წყლის ნიშნითაა” დატანილი, გამჭვირვალე გამოსახულებაა, რითაც ის ნაკლებად შესამჩნევი გახდა. გამოხმაურებებს ყურადღებით ვაკვირდებოდით. სამომავლოდ კრიტიკას და შენიშვნებს აუცილებლად გავითვალისწინებთ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდით.”

გერმანული მედიის ინფორმაციით, ბორუსიას ხელმძღვანელებს აღნიშნულ ფორმაზე ლოგოს შეცვლა სურდათ, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან მაისურის დიზაინი უეფაში უკვე დარეგისტრირებულია. სამაგიეროდ, უკვე ცხადია, რომ გაისად BVB-ს ლოგო გამჭვირვალე და შეუმჩნეველი აღარ იქნება...

კომენტარები

ბოლო ამბები