Thumbnail

ბარსელონას მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს კრიტიკოსები არც აქამდე აკლდა, ახლა კი, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, ბაიერნთან უშანსო მარცხის შემდეგ, ნიდერლანდელი სპეციალისტის მიმართ უნდობლობა ბარსელონას დირექტორთა საბჭოს წევრებმაც გამოხატეს.

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხუთშაბათს, ბარსელონას ბორდი შეიკრიბა და წევრებმა კუმანის მომავალზე ისაუბრეს. საბჭოს რამდენიმე წევრი კლუბის პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას ნიდერლანდელის განთავისუფლებას სთხოვდა. თუმცა კუმანის გაშვება მარტივი არ არის - პირველ რიგში, კლუბის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო.

ნიდერლანდელ სპეციალისტს მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. შესაბამისად გამოდის, რომ თუ ლაპორტა მას ვადაზე ადრე დაითხოვს, კომპენსაცია უნდა გადაუხადოს და გარდა ამისა, გუნდისთვის შესაფერისი ახალი მწვრთნელი უმოკლეს დროში უნდა იპოვნოს.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც კუმანის ბარსადან გაშვებას ხელს უშლის, ლეგენდარული იოჰან კრუიფის ვაჟი, ხორდი კრუიფია. იგი ლაპორტას მრჩეველია და არ სურს, ოჯახის ახლობელი კუმანი სეზონის დასაწყისში გუნდიდან გაუშვას.

რაც შეეხება ახალი სპეციალისტის პოვნას: ერთ-ერთ ვარიანტად ბარსა B-ს მთავარი მწვრთნელის, სერხი ბარხუანის კანდიდატურა განიხილება, თუმცა ლაპორტას მიაჩნია, რომ მას პირველი გუნდის გასაწვრთნელად საჭირო გამოცდილება არ აქვს. საეჭვოა კლუბის ლეგენდის, ჩავი ერნანდესის დაბრუნებაც, რომლის სახელსაც ბარსას ხშირად უკავშირებდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები