Thumbnail

ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს უჩივლა და 5 მილიონ დოლარს ითხოვს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა სასამართლოში უჩივლა Netflix-ს პოპულარულ სერიალ "ლაზიერის გამბიტში" (“The Queen’s Gambit”) გაჟღერებული მცდარი ინფორმაციისთვის. ფილმის შემქმნელებმა მოიტყუეს, როდესაც აღნიშნეს, რომ ნონას არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკეების წინააღმდეგ და ამავდროულად, ის რუსად მოიხსენიეს.

საუბარია სერიალის დასკვნით სერიაზე, როდესაც მთავარი გმირი ბეთ ჰარმონი (მის როლს ანია-ტეილორ ჯოი ასრულებს) სათამაშოდ კაც მოჭადრაკეს გამოიწვევს, კომენტატორი კი აცხადებს: “რუსეთში არსებობს ნონა გარფინდაშვილიც, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონია ქალთა შორის, თუმცა, მას არასდროს უთამაშია კაცების წინააღმდეგ”.

სარჩელში, რომელიც სასამართლოში იქნა შეტანილი, ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია. მის სხვა დეტალებს Hollywood Reporter ავრცელებს: “აზრი, რომ გაფრინდაშვილს კაცენის წინააღმდეგ არასდროს უთამაშია, ძირშივე ტყუილია, ამავდროულად, სექსისტური და დამამცირებელი”.

1968 წლისთვის, როდესაც ფილმში მოვლენები ვითარდება. რეალურ გაფრინდაშვილს მინიმუმ 59 კაც მოჭადრაკესთან ჰქონდა ნათამაშები, მათ შორის, 10 დიდოსტატთან. “Netflix-მა თავხედურად და გამიზნულად მოიტყუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ, მიზანი კი იაფფასიანი და ცინიკური იყო, რათა სიტუაციის დრამატიზება მოეხდინა. თითქოს, ფილმის მთავარმა გმირმა მოახერხა ის, რაც მანამდე ვერავის მოეხერხებინა, მათ შორის, ვერც გაფრინდაშვილს”, - ვკითხულობთ სარჩელში.

ქართველი მოჭადრაკის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფატქმაც, რომ სერიალში ის რუსად მოიხსენიეს, “არადა, Netflix-მა იცოდა, რომ ის ქართველი იყო, ქართველები კი საბჭოთა კავშირში რუსული ბატონობის ქვეშ იტანჯებოდნენ, მოგვიანებით კი, რუსეთის მხრიდან დაშინებისა და შეჭრის მსხვერპლნი გახდნენ”.

როგორც ირკვევა, ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ისგან 5 მილიონ დოლარსა და კომპანიის დაჯარიმებას ითხოვს, ამას გარდა, სერიალიდან იმ ეპიზოდის ამოღებაც სურს, სადაც მის შესახებ ცრუ ინფორმაციები ვრცელდება.

თავის მხრივ, განცხადება გაავრცელა Netflix-მაც, სადაც ვკითხულობთ: "ქალბატონი გაფრინდაშვილისა და მისი ბრწყინვალე კარიერის მიმართ დიდი პატივისცემია გაგვაჩნია, თუმცა, ვთვლით, რომ მისი მოსაზრებები უსაფუძვლოა. ამდენად, ჩვენს პოზიციებს ბოლომდე დავიცავთ”.

შეგახსენებთ, რომ სერიალის "ლაზიერის გამბიტი" პრემიერა 2020 წლის 23 სექტემბერს შედგა და მან დიდი პოპულარობა მოიპოვა. აწ უკვე 80 წლის ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონია (1962-78) და მსოფლიოში პირველი ქალი, რომელსაც კაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა.

კომენტარები

ბოლო ამბები