Thumbnail
  • ანტონიო კონტემ ინტერი გასული სეზონის შემდეგ დატოვა
  • იტალიელ სპეციალისტს მანჩესტერ იუნაიტედში მუშაობა სურს

ანტონიო კონტემ გასულ სეზონში მილანის ინტერს 11-წლიანი პაუზის შემდეგ სერია A მოაგებინა. გუნდის გაჩემპიონების შემდეგ იტალიელი სპეციალისტი კლუბის ხელმძღვანელობასთან ვერ მორიგდა და "ნერაძური" დატოვა.

ზაფხულში კონტეს სახელი რამდენიმე კლუბს დაუკავშირეს. ინგლისში ხშირად წერდნენ იმის შესახებ, რომ იტალიელი ლონდონის ტოტენჰემის ახალი თავკაცი უნდა გამხდარიყო, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო, რომელიც Sky Sports-თან თანამშრომლობს, წერს, რომ ანტონიო კონტე, იმ შემთხვევაში თუ მანჩესტერ იუნაიტედი ოლე გუნარ სულშერს გუნდიდან გაუშვებს, მზადაა “წითელი ეშმაკები” ჩაიბაროს.

პრემიერლიგაში კარგი დასაწყისის მიუხედავად, ნორვეგიელი სპეციალისტის გაწვრთნილ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ცუდი სტარტი გამოუვიდა - 1:2 დამარცხდნენ იანგ ბოისთან. ოლემ იუნაიტედთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე 11 შეხვედრა ჩაატარა და აქედან 7-ში დამარცხდა.

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ცუდი შედეგის გარდა, ისიც აღსანიშნავია, რომ სულშერს მანჩესტერულ კლუბთან ერთად ტიტული ჯერ კიდევ არ მოუგია. ნორვეგიელი "წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელად 2018 წლის დეკემბერში დაინიშა და ყველაზე ახლოს თასის მოგებასთან გასულ სეზონში იყო, როდესაც მისი გუნდი ევროპალიგის ფინალში ვილიარეალთან დამარცხდა.

კონტემ ინტერი გასული სეზონის შემდეგ დატოვა

კონტეს სახელს ასევე უკავშირებენ ლონდონის არსენალს. "მეთოფეებმა" სეზონი ცუდად დაიწყეს და მიკელ არტეტას გუნდიდან გაშვება საკმაოდ რეალურია, თუმცა დი მარციოს თქმით, ანტონიო კონტეს მხოლოდ წარმატებული პროექტის ჩაბარება სურს და სწორედ ამიტომ თქვა უარი ტოტენჰემზე და სავარაუდოდ არ დათანხმდება არც არსენალის შემოთავაზებას.

შეგახსენებთ, რომ კონტეს ინგლისში მუშაობის გამოცდილება აქვს. იტალიელი სპეციალისტი ლონდონის ჩელსის მთავარი მწვრთნელი იყო და 2017 წელს "არისტოკრატებთან" ერთად პრემიერლიგის მოგებაც შეძლო.      

კომენტარები

ბოლო ამბები