Thumbnail

ყველაფერი გარკვეულია! ლეონ გორეტცკა მიუნხენის ბაიერნში დიდი ხნით რჩება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლეონ გორეტცკამ ბაიერნთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააგრძელა
  • ცენტრალურ ნახევარმცველს 118 მატჩში 25 გოლი აქვს გატანილი

რეკორდმაისტერის გულშემატკივრებისთვის ეს ძალიან კარგი ამბავია!

ლეონ გორეტცკამ მიუნხენის ბაიერნთან შეთანხმებას მიაღწია და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ბავარიული გრანდის უმნიშვნელოვანესი ნახევარმცველის ძველი ხელშეკრულება 2022 წელს იწურებოდა.

"ბაიერნთან ერთად ყველაფერი მოვიგე, რისი მოგებაც ბოლო 3 წლის განმავლობაში შესაძლებელი იყო. თუმცა, ამ წარმატების შენარჩუნება და გამეორება უფრო სასიამოვნოა, ვიდრე პირველი ტიტულის მოპოვება. კლუბი და გარემო არა მხოლოდ პროფესიონალურია, არამედ ძალიან ნაცნობი. ეს ნაზავი არის წარმატების ერთ-ერთი გარანტი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კონტრაქტი 2026 წლამდე გავახანგრძლივე", - თქვა გერმანელმა ფეხბურთელმა.

ლეონ გორეტცკა ბაიერნს 2018 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 118 მატჩში 25 გოლი გაიტანა. ამ პერიოდში ის 3-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და გერმანიის სუპერთასის გამარჯვებული, 2-ჯერ მოიგო გერმანიის თასი, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

გორეტცკამ კარიერა ბოხუმში დაიწყო, სახელი კი განსაკუთრებით გელზენკირხენის შალკეში გაითქვა, სადაც 2013-2018 წლებში თამაშობდა და 147 თამაშში თავი 19-ჯერ გამოიჩინა. გერმანიის ნაკრებში გორეტცკას ანგარიშზე 38 მატჩში 14 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები