Thumbnail

აკი ბაშო | ტოჩინოშინმა შემოდგომის სუპერტურნირზე ზედიზედ მეოთხედ წააგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლევან გორგაძე მეტოქის ჰატაკიკომის ვერ გაუმკლავდა და დოჰიოს მიღმა აღმოჩნდა
  • ქართველი სუმოისტის მომდევნო მეტოქეს ტურნირზე ყველა ბრძოლა მოგებული აქვს

33 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე მორიგი წარუმატებლობა განიცადა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა აკი ბაშო მოგებით გახსნა, მას მერე კი ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა.
ტოჩინოშინი, რომელიც შეჯიბრს დასავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, დღეს, 32 წლის იაპონელ ჩიიოტაირიუს გაეჯიბრა და ჰატაკიკომით წააგო.

ქართველ სუმოისტს ერთი წლით უმცროსი მეტოქე კარიერაში 9-ჯერ ჰყავდა დამარცხებული (4 წაგების წილ), თუმცა, ამჯერად, შანსი არ ჰქონია. ჩიიოტაირიუმ ტოჩინოშინი სასტარტო მიძალებისთანავე უკან დახია, შემდეგ მისკენ დაქაჩა, დოჰიოზე დასცა და ბოლოს ქართველი სეკიტორი ტავარას მიღმაც აღმოჩნდა.

უკვე ცხადია, რომ ამჟამინდელი ფორმის გათვალისწინებით, აკი ბაშოზე ქართველი სეკიტორის მიზანი, საუკეთესო შემთხვევაში, მინიმალური დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირება თუ იქნება, რა შემთხვევაშიც ის წოდებაში ვარდნასა და რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში ვარდნასაც გადაურჩება.

ტოჩინოშინის შემდეგი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-17 მაეგაშირა ჩიიონოკუნი იქნება. 31 წლის იაპონელს დაბალი რანგი აქვს და გორგაძეს მასთან პრობლემა თითქმის არასდროს შექმნია (8 მოგება, 1 მარცხი), თუმცა, ამჯერად, ლევანი ფავორიტი ნამდვილად ვერ იქნება. საქმე ის გახლავთ, რომ ჩიიონოკუნის ტოკიოში ხუთივე ორთაბრძოლა მოგებული აქვს და ლიდერთა შორის იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები