Thumbnail
  • 📅 16 სექტემბერი | ⌚ 19:00 | ⚽ დინამო ბათუმი V ლოკომოტივი
  • ლოკომოტივს ოფიციალური მატჩი თვეზე მეტია არ უთამაშია
  • ლოკო ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომელიც დინამო ბათუმთან არ დამარცხებულა

საქართველოს ჩემპიონატის ლიდერმა დინამო ბათუმმა ეროვნული ლიგა საბურთალოსთან ფრით (1:1) განაახლა, მაგრამ 1 ქულითაც შეძლო პოზიციის გაუმჯობესება, რადგან ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ბათუმელთა მთავარი კონკურენტი დინამო თბილისი თელავში დამარცხდა. 24-ე ტურში გია გეგუჩაძის გუნდს მორიგი რთული მატჩი ელის - შინ თბილისის ლოკომოტივთან. და სწორედ აქ უნდა ვთქვათ, რომ ლოკო ის ერთადერთი გუნდია, რომელიც ამ სეზონში დინამო ბათუმთან არ დამარცხებულა. პირველ წრეში ფრე (1:1) დაფიქსირდა, მე-2 წრეში კი თბილისელებმა მოიგეს (2:1).

კვირას, ბათუმელები საბურთალოს მე-2 წუთიდან უგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ქულა აიღეს. ლოკომოტივმა ბოლო ოფიციალური მატჩი ზუსტად ერთი თვის წინ ჩაატარა - 13 აგვისტოს, აუტსაიდერ სამტრედიასთან დამარცხდა. სწორედ იმ თამაშის შემდეგ გამოცხადდა ჩემპიონატში პაუზა და ამდენად, უცნობია, როგორ ფორმაშია გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი, რომელიც მანამდე არასტაბილურად თამაშობდა, თუმცა ევროტურნირების ზონაში მოსახვედრად იბრძვის და ამის რეალური შანსიც აქვს.

ლოკო 36 ქულით საბურთალოსთან ერთად იყოფს მეოთხე-მეხუთე ადგილებს და სეზონი რაც უფრო ფინიშისკენ მიდის, თითოეულ ქულას მით უფრო დიდი ფასი აქვს. მეორეს მხრივ, დინამო ბათუმს საჩემპიონო ამბიციები აქვს და ჯერ თავს მშვიდად ნამდვილად ვერ გრძნობს, რადგან დინამო თბილისთან არსებული 3-ქულიანი უპირატესობა არაფრის გარანტიაა. აღსანიშნავია, რომ 24-ე ტურში რთული თამაში აქვს თბილისის დინამოსაც - კახა ცხადაძის გუნდი დღეს მესამე ადგილზე მყოფ გორის დილას უმასპინძლებს.

დინამო ბათუმს ეროვნულ ლიგაში 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ნიშანდობლივია, რომ ბოლოს სწორედ ლოკომოტივთან დამარცხდა. ეს 23 მაისს, გასვლით შეხვედრაში მოხდა. საერთოდაც, როგორც ვთქვით, ლოკომოტივი ერთადერთი გუნდია საქართველოს ჩემპიონატში, რომელიც მიმდინარე სეზონში გა გეგუჩაძის გუნდმა ერთხელაც ვერ დაამარცხა.

ლოკოს დისკვალიფიკაციის გამო დაცვის ლიდერი ნიკა სანდოხაძე დააკლდება, ხოლო ამავე მიზეზით ბათუმელთა შორის სანდრო ალთუნაშვილი ვერ ითამაშებს.

საინტერესო ფაქტები

ბოლო 10 თამაშიდან ლოკომოტივმა დინამო ბათუმი 5-ჯერ დაამარცხა, 4-ჯერ კი ბათუმელებმა გაიმარჯვეს. ერთი მატჩი ფრედ დასრულდა (პირველ წრეში - 1:1).

ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებიდან 3-ჯერ ერთნაირი ანგარიში დაფიქსირდა - 2:1. სამჯერვე გამარჯვება თბილისელებმა მოიპოვეს.

სანამ გასულ სეზონში დინამო ბათუმი სტუმრად აჯობებდა ლოკომოტივს, ხოლო მერე კი ლოკო ბათუმში მოიგებდა, მანამდე ზედიზედ 6 შეხვედრაში 3 ქულა მასპინძელ გუნდს რჩებოდა.

გიორგი ჭიაბრიშვილი სამწვრთნელო კარიერის საწყის ეტაპზე გია გეგუჩაძესთან ერთად მუშაობდა.

ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებაში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ხუთჯერვე ორივე გუნდმა გაიტანა.

ლოკომოტივის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

დინამო ბათუმის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 5-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

დინამო ბათუმს 23 ტურის შემდეგ ყველაზე მეტი აქვს გატანილი (43) და ყველაზე ცოტა გაშვებული (17), ხოლო მეორე საუკეთესო შეტევა ლოკომოტივს ჰყავს, რომელსაც 37 გოლი აქვს გატანილი. თუმცა, თბილისელებს დაცვაში თამაში უჭირთ (34 მიღებული ბურთი) და მასზე მეტი მხოლოდ ბოლოადგილოსან სამტრედიას აქვს გაშვებული (43).

დინამო ბათუმი ერთადერთი გუნდია მიმდინარე სეზონში, რომელსაც შინ თამაში არ წაუგია (7 მოგება, 4 ფრე). ლოკომოტივს ბოლო ორი საგარეო მატჩი წაგებული აქვს, ბოლოჯერ სტუმრად 23 ივნისს გაიმარჯვა, როცა საბურთალოს 2:1 მოუგო.

დინამო ბათუმის თავდამსხმელმა გიორგი ფანცულაიამ ამ სეზონში 14 გოლში მიიღო მონაწილეობა (10 გოლი, 4 პასი), ჯაბა ჯიღაურმა კი 11 გოლში (6 გოლი, 5 პასი). ლოკომოტივში გოლებით ირაკლი სიხარულიძეა საუკეთესო (7), პასებით თორნიკე კირკიტაძე (4).

დინამო ბათუმს ეროვნულ ლიგაში 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (4 მოგება, 4 ფრე). გია გეგუჩაძის გუნდი საქართველოს ჩემპიონატში ბოლოს სწორედ ლოკომოტივთან დამარცხდა (23 მაისს, 1:2).

თბილისის ლოკომოტივს საქართველოს ჩემპიონატში 24 აპრილის შემდეგ ფრე არ უთამაშია (თელავთან 2:2). მას შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 12 მატჩიდან 7 მოიგო და 5-ჯერ დამარცხდა.

დინამო ბათუმმა მიმდინარე სეზონში ყველა მეტოქე დაამარცხა მინიმუმ ერთხელ, გამონაკლისი მხოლოდ ლოკომოტივია - 1 ფრე, 1 წაგება.

სავარაუდო შემადგენლობები

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ტეიდი, მამუჩაშვილი - გაფრინდაშვილი, ჯიღაური, ჯოვინო - ფანცულაია
დისკვალიფიკაცია: სანდრო ალთუნაშვილი

ლოკომოტივი (4-2-3-1): სპენკელინკი - გაბაძე, ანდრონიკაშვილი, მჭედლიშვილი, უბილავა - შონია, დარცმელია - კირკიტაძე, დიასამიძე, იმრანი - სიხარულიძე
დისკვალიფიკაცია: ნიკა სანდოხაძე

 

კომენტარები

ბოლო ამბები