Thumbnail

ჩემპიონთა ლიგა | კატასტროფული ბარსელონა - ბაიერნმა 'კამპ ნოუზე' გაისეირნა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი საინტერესოდ და დამაინტრიგებლად დაიწყო, პირველი ტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თამაში კი E ჯგუფში შედგა, სადაც ბარსელონამ მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა.

ყველას აინტერესებდა, როგორ ითამაშებდა ლიონელ მესის გარეშე ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში და შეიძლება ითქვას, რომ კლუბმა გულშემატკივრებს იმედი გაუცრუა. ბარსას ბაიერნთან ისტორიულად უჭირდა თამაში და ახლა, როცა გუნდებში რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა, გასაკვირი არაფერი მომხდარა - ბაიერნმა მოიგო.

თომას მიულერზე მეტი გოლი ბარსას კარში ევროთასებზე არავის გაუტანია

მოიგო საკმაოდ ადვილად და მშვიდად. პირველი ტაიმის მიწურულს თომას მიულერის შორეული დარტყმა ერიკ გარსიას მოხვდა და ეს საკმარისი გამოდგა, რომ გოლი გასულიყო. მე-2 ტაიმის დასაწყისში კი მიუნხენელებმა ისედაც მკვდარი ინტრიგა საბოლოოდ მოკლეს - მუსიალას დარტყმა ძელს მოხვდა და დამატებაზე ყველას რობერტ ლევანდოვსკიმ დაასწრო, რომელმაც სხვაობა ორამდე გაზარდა. მატჩის ბოლოს ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და იდენტური გოლი გაიტანა, როგორც პირველი. ამჯერად სერჟ გნაბრის დარტყმა მოხვდა ძელს და პოლონელმა დამატებაზე კვლავ ყველას დაასწრო. ბარსელონამ იმდენად ცუდად ითამაშა, რომ საგოლე მომენტი პრაქტიკულად არ შეუქმნია და კარშიც ვერ დაარტყა!

H ჯგუფში ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ლონდონის ჩელსი თამაშობს, რომელმაც ზენიტს უმასპინძლა და საკმაოდ გაუჭირდა. თომას ტუხელის გუნდი 69-ე წუთამდე ვერ ახერხებდა მეტოქის გატეხვას, მაგრამ შემდეგ საქმეში რომელუ ლუკაკუ ჩაერთო, რომელმაც რუსების კარში ზუსტად დაარტყა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

უფრო ადვილად მოიგო ამავე ჯგუფში ტურინის იუვენტუსმა, რომელმაც შვედეთში მალმიოს აჯობა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მაქს ალეგრის გუნდმა პირველივე ტაიმში გაიტანა სამი გოლი, რომლებიც ალექს სანდროს, პაულო დიბალას და ალვარო მორატას ანგარიშზეა და მე-2 ტაიმს აზრი დაეკარგა. საბოლოოდ, იუვემ 3:0 მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული სტარტი აიღო.

იუვემ სეზონში პირველად მოიგო

F ჯგუფში ვილიარეალმა ბერგამოს ატალანტას უმასპინძლა, თავიდანვე აგებდა, მაგრამ მერე შეძლო ვითარების შეცვლა და დაწინაურდა. თუმცა, რობინ გოზენსმა მატჩის მიწურულს იტალიელებს ქულა გადაურჩინა - 2:2. G ჯგუფში კი ლილისა და ვოლფსბურგის მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

საინტერესო ფაქტები

⚽ 2012 წლის შემდეგ იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაიტანა 3 გოლი პირველ ტაიმში. მაშინ ტურინელებმა იგივე დანიურ ნორდშიელანდთან გააკეთეს.

⚽ იუვენტუსის ისტორიაში მეორედ მოხდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ერთ მატჩში გოლი გაიტანეს, როგორც არგენტინელმა (დიბალა), ისე ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა (ალექს სანდრო). მანამდე მსგავსი ფაქტი 2016 წელს ზაგრების დინამოსთან დაფიქსირდა, როცა იგუაინმა, დიბალამ და დანი ალვეშმა გაიტანეს.

⚽ 2003/04 წლების სეზონიდან, როდესაც მსგავს სტატისტიკას ითვლიან, ბარსელონამ პორველად ვერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის პირველ ტაიმში საკუთარ მოედანზე კარში დარტყმა.

⚽ ბარსელონამ პირველად წააგო 1997 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში.

⚽ თომას მიულერს ბარსელონას კარში 7 გოლი აქვს გატანილი (6 მატჩში) და ევროთასებზე ასეთი შედეგიანობით სხვა გუნდის წინააღმდეგ ნათამაშები არ აქვს.

⚽ ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 23-ე მატჩში გაიტანა, რაც კლუბის რეკორდია.

⚽ იუსუფ დემირი ბარსელონას რიგით მეორე არაესპანელი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა (18 წლის და 104 დღის). რეკორდი ისევ ლიონელ მესის ეკუთვნის, რომელსაც 2004 წელს დებიუტი 17 წლისა და 166 დღის ასაკში ჰქონდა.

⚽ ბარსელონამ ევროთასებზე ისტორიაში პირველად წააგო ზედიზედ სამი საშინაო თამაში - იუვენტუსთან 0:3, პსჟ-სთან 1:4 და ბაიერნთან 0:3.

E ჯგუფი

ბარსელონა 0:3 ბაიერნი

გოლები: 0:1 მიულერი (34), 0:2 ლევანდოვსკი (56), 0:3 ლევანდოვსკი (85)

ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი - არაუხო, ერიკ გარსია (66. მინგესა), პიკე - სერხი რობერტო (59. დემირი), ფ. დე იონგი, ბუსკეტსი (59. გავირა), პედრი, ალბა (73. ბალდე) - ლ. დე იონგი (66. კოუტინიო), დეპაი

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - პავარი (66. ერნანდესი), უპამეკანო, ზიულე (82. სტანიშიჩი), დევისი - კიმიხი - სანე (82. კომანი), მიულერი (82. ზაბიტცერი), გორეტცკა, მუსიალა (70. გნაბრი) - ლევანდოვსკი

დინამო კიევი 0:0 ბენფიკა

F ჯგუფი

ვილიარეალი 2:2 ატალანტა

გოლები: 0:1 ფროილერი (6), 1:1 ტრიგეროსი (39), 2:1 დანხუმა (73), 2:2 გოზენსი (83)

G ჯგუფი

ლილი 0:0 ვოლფსბურგი

H ჯგუფი

ჩელსი 1:0 ზენიტი

გოლები: 1:0 ლუკაკუ (69)

ჩელსი (3-4-3): მენდი - ასპილიკუეტა (83. ტიაგო სილვა), კრისტენსენი, რიუდიგერი - ჯეიმსი, კოვაჩიჩი, ჟორჟინიო, ალონსო (83. ჩილველი) - მაუნთი, ლუკაკუ, ზიეჩი (63. ჰავერტცი)

მალმიო 0:3 იუვენტუსი

გოლები: 0:1 ალექს სანდრო (23), 0:2 დიბალა (45-პენ), 0:3 მორატა (45)

იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი - დანილო, დე ლიხტი (86. რუგანი), ბონუჩი, ალექს სანდრო - კუადრადო (82, კულუშევსკი), ლოკატელი, ბენტანკური (68, მაკკენი), რაბიო - დიბალა (82. რემზი), მორატა (68. კინი)

კომენტარები

ბოლო ამბები