Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში სუპერმატჩია, რომელშიც ლივერპული მილანს დაუპირისპირდება - ლიგის 2005 და 2007 წლების ფინალების რიმეიქი. საინტერესოა, რომ ამ გუნდებს "ენფილდ როუდზე" არასდროს უთამაშიათ და შეიძლება ითქვას, ამ კუთხით ხვალინდელი თამაში ისტორიაშიც შევა.

მატჩის წინ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა, იურგენ კლოპმა და სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთეს. გერმანელი და იტალიელი სპეციალისტიც ღიად ამბობენ, რომ რთულ თამაშს ელიან.

იურგენ კლოპი (ლივერპულის მწვრთნელი): "ძალიან რთულ ჯგუფში ვართ. ატლეტიკო, პორტუ და მილანი, რომელიც საუკეთესო ფორმაშია. ეს არის ნამდვილი ჩემპიონთა ლიგა და აქ მოსახვედრად ძალიან ბევრი ვიშრომეთ. ლივერპული - მილანი ნამდვილი გამოწევვაა, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე წლების განმავლობაში არ თამაშობდნენ, მაგრამ უკვე 18 თვეა, კარგ ფორმაში არიან. სეზონი შესანიშნავად დაიწყეს და რთული იქნება. იბრაჰიმოვიჩი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც ოდესმე მინახავს, თუმცა თუ არ ითამაშებს, მას ჟირუ შეცვლის, მილანს ნამდვილად კარგი ფეხბურთელები ჰყავს".

სტეფანო პიოლი (მილანის მწვრთნელი): "ჩემპიონთა ლიგაზე მილანის შესახებ ისტორია ლაპარაკობს, მაგრამ 7 წელია, გუნდს ამ ტურნირზე არ უთამაშია. ახლა გვინდა და ვეცდებით, რომ იბრაჰიმოვიჩის, კიაერის, კესის, ბენასერის და კალაბრიას მილანის ისტორია დავწეროთ. ძლიერი მეტოქე გვყავს, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ავარჯიშებს და არ ვმალავთ, რომ ურთულესი მატჩი გველოდება, მაგრამ ჩვენ აქ ჩვენი საქმის გასაკეთებლად ვართ. ვიცით, ლივერპულს რა მახასიათებლები აქვს. ეს არის ძალიან ვერტიკალური გუნდი, რომელსაც ისეთი ორი სწრაფი თავდამსხმელი ჰყავს, როგორების მანე და სალაჰია. მათ იციან, როგორ შეაღწიონ საჯარიმოში სისწრაფის ხარჯზე. ჩვენ ბევრი ვიშრომეთ გასაუმჯობესებლად, სეზონის დასაწყისმა აჩვენა, რომ გუნდმა იცის რა უნდა გააკეთოს და შარშანდელთან შედარებით ჩვენი დონე გაიზარდა. იბრაჰიმოვიჩს მცირე ტრავმა აქვს და გადავწყვიტეთ რისკზე არ წავსულიყავით, მას რებიჩი ან ჟირუ შეცვლის. ტონალის მცირე ტკივილის გამო არ უვარჯიშია, მაგრამ ვფიქრობ, ხვალ ხელმისაწვდომი იქნება".

შეგახსენებთ, რომ მილანი ჩემპიონთა ლიგაზე 2014 წლის შემდეგ პირველ მატჩს ხვალ, 15 სექტემბერს ჩაატარებს და ასევე პირველად ითამაშებს "ენფილდ როუდზე". შესაძლოა, უცნაურია, მაგრამ ფაქტია, მილანს ლივერპულთან სტუმრად არასდროს უთამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები