Thumbnail
  • 📅 15 სექტემბერი | 🏟 ენფილდი | ⌚ 23:00 | ⚽ ლივერპული V მილანი
  • მილანი 7-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება
  • იურგენ კლოპის გუნდი კარგ ფორმაშია და შეეცდება, შინ ქულები არ დაკარგოს
  • მილანის პრობლემა - იბრაჰიმოვიჩი ლივერპულთან არ იქნება!
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

რეალ მადრიდის (13) შემდეგ, ჩემპიონთა ლიგა ყველაზე მეტჯერ მილანს აქვს მოგებული - 'როსონერიმ' ეს 7-ჯერ გააკეთა. ახლა, ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს ზუსტად 7-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება.

...და მილანს პირველივე თამაში ურთულესი აქვს - "ენფილდზე", ლივერპულთან. წლების მანძილზე კრიზისის გამო "როსონერი" ძალიან რთულ ჯგუფში მოხვდა - ლივერპულის გარდა, მერვედფინალის საგზურისთვის მადრიდის ატლეტიკოს და პორტუს უნდა ებრძოლოს. ამიტომ ქულების მოპოვებას საწყის ტურებშივე დიდი მნიშვნელობა ექნება.

ზაფხულის ტრანსფერების შემდეგ პრემიერლიგაში კონკურენცია საგრძნობლად გაიზარდა. სწორედ ამიტომ, იურგენ კლოპმა ძალები თანაბრად უნდა გადაანაწილოს სხვადასხვა ტურნირებზე, რათა მისმა გუნდმა ტიტულებისთვის ყველა ფრონტზე ბოლომდე იბრძოლოს. ფაქტია, ლივერპულს საკუთარ მოედანზე ქულების დაკარგვის უფლება არ აქვს - მერსისაიდელებს მილანთან საშინაო შეხვედრაში 3 ქულა აუცილებლად სჭირდებათ. თავის მხრივ, სტეფანო პიოლის გუნდი ეცდება, "ენფილდზე" არ წააგოს.

შიდა ჩემპიონატებში ასპარეზობა ორივემ კარგად დაიწყო. ლივერპულმა პრემიერლიგის საწყის 4 ტურში 3 თამაში მოიგო ერთი ფრედ ითამაშა და 10 ქულა დააგროვა, მილანმა კი სერია A-ში ჩატარებული სამიდან სამივე შეხვედრა მოიგო და 9 ქულა აქვს.

საერთო ჯამში, ბოლო პერიოდში ორივე გუნდი იშვიათად მარცხდება. "მერსისაიდელებმა" ბოლო 10 დაპირისპირებიდან მხოლოდ 1 წააგეს და 8-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვთ. 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს "როსონერის", რომელიც ბოლო 10 შეხვედრაში, ლივერპულის მსგავსად, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

მილანს ენფილდზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვერ დაეხმარება

ლივერპული და მილანი ერთმანეთს ბოლოს 2016 წელს, ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდნენ. მაშინ ინგლისელებმა 2:0 გაიმარჯვეს. ლივერპულისა და მილანის ბოლო ოფიციალური დაპირისპირება, სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე, 2007 წელს, ათენის ფინალში შედგა. მაშინ იტალიელებმა "მერსისაიდელები" 2:1 დაამარცხეს და მეშვიდე და ბოლო ტიტული იზეიმეს. ამ ფინალამდე კი იყო ლიგის კიდევ ერთი, ლეგენდარული ფინალი 2005 წელს, რომელიც ბევრის აზრით ამ ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ფინალური დაპირისპირებაა - ლივერპული-მილანის ხსენებისას ბევრ თქვენგანს პირველად ალბათ სწორედ 2005 წლის სტამბოლის ფინალი ახსენდება.

დღეს ფავორიტი ლივერპულია და ამის ერთ-ერთი მიზეზი "ენფილდია", რომელიც კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, პრემიერლიგის გარდა, უკვე ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაზეც გაივსება. სხვათა შორის, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მილანს თავისი არსებობის ისტორიაში "ენფილდზე" არასოდეს უთამაშია.

ლივერპულს ტრავმების გამო რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება. ინგლისელებმა ბოლო შეხვედრაში ჰარვი ელიოტი დაკარგეს, რომელმაც მძმე დაზიანება მიიღო (ფეხი მოიტეხა) და გუნდს დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ დაეხმარება. კლოპს ასევე დააკლდება რობერტო ფირმინო და ნეკო უილიამსი, საეჭვოა ტაკუმი მინამინოს თამაშიც. რაც შეეხება მილანს: "როსონერის" მატჩის წინ გამოაკლდა გუნდის მთავარი ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი. შვედ თავდამსხმელს აქილევსის მყესის დაზიანება აქვს და განაცხადს მიღმა დარჩა. მართალია, ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ იტალიური კლუბის სამედიცინო და სამწვრთნელო შტაბებმა გადაწყვიტეს, რომ რისკზე წასვლა არ ღირს. ზლატანის გარდა, ლივერპულთან ასევე არ იქნებს რადე კრუნიჩი. კითხვის ნიშნის ქვეშაა ტიემუ ბაკაიოკოს თამაშიც.

საინტერესო ფაქტები

⚽ მილანის ჩემპიონთა ლიგაზე 7-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშებს.

⚽ ლივერპულმა ბოლო 10-მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო.

⚽ "როსონერიმ" სერია A სამიდან სამი მოგებით დაიწყო.

⚽ მილანმა ბოლო 10 შეხვედრიდან მხოლოდ 1 წააგო.

⚽ იურგენ კლოპის გუნდს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ ბოლო 2 შეხვედრიდან ლივერპულმა მილანს ორივე ერთნაირი ანგარიშით (2:0, 2:0) მოუგო, თუმცა ორივე ეს შეხვედრა ამხანაგური იყო.

⚽ "მერსისაიდელებმა" ბოლო 5 შეხვედრაში 2 გოლი გაუშვეს.

⚽ მილანის ბოლო 5 მატჩიდან 3-ში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ სეზონი ორივე გუნდმა წარმატებით დაიწყო.

⚽ მილანს ჩემპიონთა ლიგა 7-ჯერ აქვს მოგებული, ლივერპულს - 6-ჯერ. როსონერიმ ბოლო ტიტულისთვის ფინალში სწორედ ლივერპული დაამარცხა.

⚽  მილანი 'ენფილდზე' თავისი ისტორიის განმავლობაში პირველად ითამაშებს.

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული (4-3-3): ალიოსნი - ალექსანდერ-არნოლდი, ვან დაიკი, მატიპი, რობერტსონი - ჰენდერსონი, ფაბინიო, ტიაგო - სალაჰი, ჟოტა, მანე.
ტრავმა: ელიოტი, ფირმინო, უილიამსი, მინამინო (?).

მილანი (4-2-3-1): მენიანი - კალაბრია, ტომორი, კიაერი, ერნანდესი - ბენასერი, კესი - სალემაკერსი, დიასი, რებიჩი - ჟირუ.
ტრავმა: იბრაჰიმოვიჩი, კრუნიჩი, ბაკაიოკო (?).

კომენტარები

ბოლო ამბები