Thumbnail

რუსულმა ტელეკომპანიამ ТНВ ყაზანის რუბინისა და ურალის მატჩი შეაფასა და მკაცრად გააკრიტიკა მასპინძელთა ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია. როგორც თამაშის მიმოხილვაში ვკითხულობთ, კვარაცხელიამ მაგალითი დანიელი ანდერს დრეიერისგან უნდა აიღოს, რომელმაც ყაზანელთა მაისურით პირველივე მატჩში ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა.

რუსული არხის აზრით, დანიელი ახალწვეული ქართველს მალე დაჩრდილავს

“თუკი ხვიჩა კვარაცხელიას მთელი ცხოვრება რუსეთის პრემიერლიგაში დარჩენა არ სურს, მაგალითი დრეიერისგან უნდა აიღოს. ისეთი პირი უჩანს, რომ დანიელი ფეხბურთელი მალე დაჩრდილავს რუბინის მთავარ ვარსკვლავს, რომელსაც დრეიერის მარგი ქმედების კოეფიციენტამდე ბევრი უკლია.

ცხადია, დანიელს ისეთი დრიბლინგი არ აქვს, როგორც ხვიჩას, თუმცა, აქვს დანარჩენი ყველაფერი. საპირისპიროდ, თუკი მხოლოდ რუსულ პრემიერლიგას არ ვგულისხმობთ, ტექნიკის გარდა, ძლიერი მხარეები არ გააჩნია კვარაცხელიას. მართალია, გასულ მატჩში ხვიჩამ საგოლე პასი მიითვალა, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც პასი საგოლედ მისმა ავტორმა აქცია. ხვიჩას პასი სუსტი და უხერხულად მისაღები იყო, მაგრამ დანიელმა ქუსლით გატანა მაინც მოახერხა.

საერთო ჯამში, რუბინის ახალწვეულის ფონზე ნათლად გამოჩნდა, რატომ დარჩა ქართველი ფეხბურთელი ყაზანურ კლუბში. არადა, მისი ევროპის ტოპ-კლუბებში ტრანსფერზე ბევრი იწერებოდა. ურალთან შეხვედრაში ის ტრადიციულად დიდხანს ატარებდა ბურთს და არცთუ კარგ გაზონზე მას ხშირად კარგავდა”.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ხვიჩა კვარაცხელია ფეხბურთს ტრავმით გამოწვეული დაახლოებით ერთთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, მისმა გუნდმა კი ურალს 4:0 სძლია. ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე 63 წუთი გაატარა და თავი უკვე მე-2 წუთზე გამოიჩინა, როდესაც მარცხენა ფლანგზე მეტოქე მოატყუა და რუბინის ახალწვეულ დრეიერს პირველი გოლი გაატანინა.

კომენტარები

ბოლო ამბები