Thumbnail
  • 📅 14 სექტემბერი | 🏟 ნოუ კამპი | ⌚ 23:00 | ⚽ ბარსელონა V ბაიერნი
  • ბარსელონა და ბაიერნი იმ 8:2-ის შემდეგ ერთმანეთს პირველად ხვდებიან
  • მას მერე ორივე გუნდში ბევრი რამ შეიცვალა, ბარსაში ახლა მეტი ქაოსია
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

ზუსტად 396 დღის წინ, ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბარსელონა 8:2 შეარცხვინა. რეკორდმაისტერისთვის ეს ისტორიული გამარჯვება გახლდათ, კატალონიური გრანდისთვის კი - ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფიასკო. დღეს ბარსელონა და ბაიერნი ისევ ხვდებიან ერთმანეთს - პირველად იმ 8:2-ის შემდეგ. ერთი წელი თითქოს ბევრი არ არის, მაგრამ ორივე გუნდში ბევრი რამ შეიცვალა - განსაკუთრებით ბარსელონაში - ოღონდ, კარისკენ არაფერი.

კუმანი V ნაგელსმანი

ბაიერნს ახალი მწვრთნელი ჰყავს - ჰანსი ფლიკი გერმანიის ნაკრებში წავიდა, რეკორდმაისტერი კი 34 წლის იულიან ნაგელსმანმა ჩაიბარა. ამ უკანასკნელმა 5-წლიანი კონტრაქტი და ბაიერნის ხელმძღვანელების სრული მხარდაჭერა მიიღო.

მწვრთნელი შეიცვალა ბარსელონაშიც, სადაც რონალდ კუმანი 2020 წლის 19 აგვისტოდან მუშაობს. სწორედ ბაიერნთან განადგურებას მოჰყვა კიკე სეტიენის გაშვება. 58 წლის კუმანს ბარსაში რთულად აქვს საქმე - არც პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან აქვს ჯანსაღი ურთიერთობა და არც ბარსელონას ფანებს ეხატებათ გულზე. ესპანური მედია წერს, რომ ზაფხულში ლაპორტა კუმანის ზურგს უკან ახალ მწვრთნელს ეძებდა. გერმანული მედიის ცნობით, მან ფლიკსაც დაურეკა - იმ ფლიკს, რომლის ბაიერნმაც ბარსა შარშან 8:2 დაამარცხა.

ახალი სეზონი ორივე გუნდმა კარგად დაიწყო. რეკორდმაისტერმა 4 ტურში მხოლოდ ერთხელ ვერ მოიგო (1:1 გლადბახთან) და 10 ქულით ბუნდესლიგაში მე-2 ადგილზეა (ვოლფსბურგის უკან), ბარსამ კი 3 თამაშში 7 ქულა აიღო (ფრე ბილბაოსთან - 1:1). აღსანიშნავია, რომ ბარსელონამ გასულ უიკენდზე დაისვენა - სამხრეთამერიკელი ფეხბურთელების ნაკრებ გუნდებში გაშვების “თეატრის” გამო. ბაიერნს კი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ჰქონდა უშუალო კონკურენტ ლაიპციგთან, რომელიც მიუნხენელებმა მარტივად, 4:1 მოიგეს.

ბევრი ცვლილება შემადგენლობებში

ბაიერნში ჩემპიონთა ლიგის იმ გმირებიდან ბევრი აღარ არის. წავიდნენ დავიდ ალაბა, ჟერომ ბოატენგი, ტიაგო, ფილიპე კოუტინიო და ივან პერიშიჩი. სამაგიეროდ, რეკორდმაისტერში მივიდა ლეროი სანე, რომელიც იმედებს ვერ ამართლებს.

ბარსელონა კი თვით ლიონელ მესიმ დატოვა. ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, ესპანელი ჟურნალისტები ნაგელსმანს და მანუელ ნოიერს თითქმის სულ მესის წასვლის თემაზე ეკითხებოდნენ. თუმცა, იმ 8:2-ის შემდეგ ბარსელონა ასევე დატოვეს ლუის სუარესმა, ივან რაკიტიჩმა და ანტუან გრიზმანმაც. ყველაზე სახელოვანი ახლები კი მემფის დეპაი და სერხიო აგუერო არიან. “თამამად შეიძლება ითქვას, რომ შარშანდელი მატჩის შემდეგ ორივე გუნდი ძირეულად შეიცვალა,” - ეს ნოიერის სიტყვებია.

ბაიერნის დაცვა და ბარსას ვალები

მიუნხენური გრანდი ნახევარდაცვასა და შეტევაში უმაღლესი კლასის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, დაცვაზე კი ამას გადაჭრით ჯერ ვერავინ ამბობს. ალაბას და ბოატენგის წასვლით ორი ძალიან გამოცდილი მცველი დაიკარგა. ახალწვეული დაიო უპამეკანო ჯერჯერობით კარგად გამოიყურება.

ბარსას დესტი აკლია, მას დაცვის მარჯვენა ფლანგზე სერხი რობერტო ცვლის. კითხვაზე, არის თუ არა ბარსელონა გაცილებით სუსტი გუნდი მას შემდეგ, რაც მესი წავიდა, ნაგელსმანმა ასე უპასუხა: “ბარსელონა სუსტი არასდროს იქნება. როგორ შეიძლება, დასუსტებული უწოდო გუნდს, რომელსაც მაგალითად ფრენკი დე იონგი და მემფის დეპაი ჰყავს.”

“ცხადია, ძალიან უჩვეულო სანახავი იქნება ის, რომ მესი არ იქნება მოედანზე, მაგრამ იქნებ სწორედ ამიტომაც, ბარსელონა, შესაძლოა, არაპროგნოზირებადი იყოს,” - ეს ნოიერის სიტყვებია.

ფინანსურად და სპორტულად ფეხზე მყარად მდგომი ბაიერნი ვალებში ჩაფლული, მესის გარეშე დარჩენილი ბარსელონას წინააღმდეგ - ასეთია მოცემულობა. რეკორდმაისტერმა პანდემიის დროს 150 მილიონი ევროთი ნაკლები შემოსავალი მიიღო, მაგრამ ვალები არ აქვს, საკუთარ დანაზოგს, საკუთარ რეზერვებს იყენებს. ბარსელონას ვალი კი უკვე 1.3 მილიარდი ევროა.

რა ტაქტიკით ითამაშებენ

ბაიერნი ნაგელსმანის ხელშიც 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით თამაშობს. თამაშის დროს იულიანს უყვარს ტაქტიკის შეცვლა და 3-მცველიან სისტემაზე გადაწყობა - თუ ნახევარდაცვაში მეტი ფეხბურთელის საჭიროება დაინახა. ბარსელონა კი წლებია, 4-3-3 სქემით თამაშობს. მართალია, კუმანს პირადად 4-2-3-1 ურჩევნია, მაგრამ ბოლოს გუნდს ისევ 4-3-3-ით ათამაშებდა. ესპანელი ჟურნალისტები არც იმას გამორიცხავენ, რომ ბარსას ტაქტიკა 3-5-2 იყოს.

თუკი ერთი წლის წინ, 8:2 ცარიელი ტრიბუნების ფონზე დაფიქსირდა, ახლა მაყურებლები სტადიონებზე დაუშვეს და ამ მატჩს დაახლოებით 40 000 ფანი დაესწრება. თუმცა მიუნხენელები ქომაგები მათ შორის არ იქნებიან.

საინტერესო ფაქტები

 ეს იქნება ბარსელონასა და ბაიერნის პირველი შეხვედრა 2019/20 წლების სეზონის შემდეგ, როცა გერმანელებმა 8:2 მოიგეს, რაც ბარსას ყველაზე მძიმე მარცხი იყო 1951 წლის აპრილის მერე, როდესაც ესპანიოლთან 0:6 წააგო.

 უეფას ტურნირებში ბარსელონამ 7 მატჩი წააგო ბაიერნთან, სამით მეტი, ვიდრე სხვა რომელიმე გუნდთან (11 თამაში, 2 მოგება, 2 ფრე, 7 წაგება). ესპანელებმა ორი გამარჯვება მოიპოვეს 2008/09 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 4:0 და 2014/15 წლების სეზონში ასევე ჩემპიონთა ლიგაზე 3:0.

 ბარსელონა და ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლოს 1998/99 წლების სეზონში შეხვდნენ. მაშინ ბარსამ მიუნხენელებთან ორივე თამაში წააგო და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა. "ბლაუგრანამ" იმ სეზონის გარდა, ჯგუფში კიდევ ორჯერ ჩარჩა - 1997/98 და 2000/01 წლების სეზონებში.

 ბაიერნს ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 18 საგარეო მატჩი არ წაუგია (14 მოგება, 4 ფრე), რაც ტურნირის რეკორდია.

 ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში 1997/98 წლების სეზონის შემდეგ არ წაუგია, როცა "სენტ ჯეიმს პარკზე" ნიუკასლ იუნაიტედთან ლუის ვან გაალის გუნდმა 2:3 წააგო. მას შემდეგ 22 სეზონია ბარსა პირველ ტურში არ მარცხდება (17 მოგება, 5 ფრე).

 ბაიერნმა პირველ ტურში ბოლო 17 სეზონში გამარჯვება მოიპოვა და ბურთების ბალანსიც შთამბეჭდავი აქვს - 42:2.

 2003/04 წლების სეზონის შემდეგ ეს იქნება პირველი სეზონი, რომელშიც ლიონელ მესი ბარსელონაში არ ითამაშებს. ჩემპიონთა ლიგაზე ბარსამ მესის გარეშე ბოლო 10 მატჩიდან 9 მოიგო (1 ფრე). გარდა ამისა, მესის გარეშე ბოლო 23 მატჩიდან ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ერთხელ ვერ გაიტანა გოლი და სწორედ ბაიერნთან, რომელთანაც 2003 წლის მაისში 0:3 დამარცხდა.

 თომას მიულერს ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის ხუთ მატჩში 6 გოლი გაიტანა. გერმანელს 2 გოლი აშორებს, რომ ევროპის მთავარ ტურნირში 50 გოლი დაუგროვდეს.

 მემფის დეპაის ბარსელონას მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ექნება. ნიდერლანდელმა ამ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ძირითად შემადგენლობასი 14-ჯერ ითამაშა და 11 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (7 გოლი, 4 პასი). ჯგუფური ეტაპის ბოლო ხუთ მატჩში დეპაიმ გოლი გაიტანა (ლიონის რიგებში 2019/20 წლების სეზონში).

 2018/19 წლების სეზონის სტარტიდან რობერტ ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგაზე 28 გოლი გაიტანა, 8-ით მეტი, ვიდრე სხვა ნებისმიერმა ფეხბურთელმა. პოლონელმა ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული ბოლო 17 მატჩიდან მხოლოდ 3-ჯერ ვერ გაიტანა გოლი, ხოლო ხსენებულ შეხვედრებში მან თავი 23-ჯერ გამოიჩინა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი - არაუხო, პიკე, ლენგლე - სერხი რობერტო, ფ. დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი, ალბა - დეპაი, ლ. დე იონგი
ტრავმა: ანსუ ფატი, ბრაითვაითი, დემბელე, აგუერო

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, უპამეკანო, ზიულე, დევისი - კიმიხი, გორეტცკა - გნაბრი, მიულერი, სანე - ლევანდოვსკი
ტრავმა: ტოლისო

კომენტარები

ბოლო ამბები