Thumbnail
  • 'ხვიჩას შეუძლია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფეხბურთელი გახდეს'
  • ცნობილმა რუსმა კომენტატორმა ქართველი ფეხბურთელით აღტაცება არ დამალა

ცნობილმა რუსმა საფეხბურთო კომენტატორმა გეორგი ჩერდანცევმა ვრცლად ისაუბრა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ და ყაზანის რუბინის ქართველი ფეხბურთელის მიმართ სიმპათიები არ დაუმალავს. ჩერდანცევის აზრით, კვარაცხელიას შანსი აქვს, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს და მისი ნება რომ იყოს, ხვიჩას ბარსელონაში ლიონელ მესის შემცვლელად აიყვანდა.

აი, რა თქვა რუსმა კომენტატორმა ინტერვიუში:

“როდესაც ხვიჩა კვარაცხელიაზე ვსაუბრობთ, საკითხი სწორად უნდა დავსვათ. ფინანსური პრობლემების გამო, იუვენტუსმა რონალდო ვერ შეინარჩუნა და ბარსელონამ – მესი. თანამედროვე ფეხბურთში ეს სრულიად ნორმალური ამბავია, როდესაც ახალგაზრდა და ნიჭიერი მოთამაშე კლუბში მოდის, რამდენიმე სეზონს ატარებს, მისი ფასი იმატებს და შემდეგ მას ძვირად ყიდიან.

ფეხბურთი ხომ უბრალოდ გართობა არაა, ის ბიზნესიცაა. კვარაცხელიას ადგილზე სხვები მოვლენ და იმედია, ისინიც ასეთივე წარმატებულები იქნებიან, თუმცა ხვიჩასნაირი პოტენციალის მქონე ფეხბურთელების მოძიება იოლი ნამდვილად არ იქნება. ჩემი აზრით, კვარაცხელია უნიკალური ტალანტის მქონე ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ მაღალ დონეზე თამაში ნებისმიერი ლიგის ნებისმიერ კლუბში შეუძლია. ბარსელონას ადგილას, მას მესის შემცვლელადაც კი ავიყვანდი.

ასეთი ფეხბურთელები ინგლისშიც ძალიან უყვართ: სწრაფები და ტექნიკურები. თუკი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეექმნა, მას ბრწყინვალე კარიერა უნდა ჰქონდეს. შეუძლია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფეხბურთელი გახდეს”.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში 20 წლის ქართველი ტალანტის ტრანსფერის შესახებ ბევრი იწერებოდა. მას ყველაზე ხშირად ინგლისურ ტოტენჰემსა და იტალიურ მილანს უკავშირებდნენ, თუმცა, სატრანსფერო ფანჯარა ისე დაიხურა, რომ კვარაცხელია არსად გადასულა. ხვიჩას მცირე ტრავმაც ჰქონდა და საქართველოს ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში კოსოვოსთანა და ესპანეთთან მატჩები გამოტოვა. ახლა, მან ვარჯიში განაახლა და არაა გამორიცხული, დღეს, რუსულ პრემიერლიგაში ურალთან ითამაშოს.

კომენტარები

ბოლო ამბები