Thumbnail

FIFA 22 | რამდენად უკეთესია და რას უნდა ველოდოთ ახალ თამაშში

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • თამაშის ახალი ვერსია პირველ ოქტომბერს გამოვა
  • რა არის ტექნოლოგია HyperMotion?
  • FIFA 22-ში ქალი კომენტატორიც იქნება
  • ყველაფერი, რაც FIFA 22-ის შესახებ უნდა იცოდე

საფეხბურთო სიმულატორ FIFA-ს ახალი ვერსიის გამოსვლას მილიონობით გეიმერი მოუთმენლად ელის. ახალი თამაში ნამდვილ სენსაციად უნდა იქცეს. “ის უნდა გახდეს საუკეთესო ვერსია მათ შორის, რაც აქამდე შექმნილა” - Electronic Arts-მა სწორედ ეს მესიჯი გაავრცელა. ამ სტატიაში დეტალურად მიმოვიხილავთ, თუ რას უნდა ველოდოთ FIFA 22-ში - რა დაიხვეწა, რა ინოვაციები იგეგმება და რომელი მიმართულებით გააკეთებს კომპანია მთავარ აქცენტებს.

გაუმჯობესებული გრაფიკა

FIFA 21-ში დეველოპერებმა შესანიშნავად იმუშავეს და თამაშმა თაყვანისმცემლების გულები დაიპყრო. ახალი თაობის კონსოლებზე ფეხბურთის სიმულატორი წარმოუდგენლად სწრაფად ვითარდება. FIFA 22-ის თამაში Playstation 5-სა და Xbox Series x-ზე იქნება შესაძლებელი. ამ კონსოლების წყალობით და გაუმჯობესებული გრაფიკით თამაში კიდევ უფრო რეალური უნდა იყოს - აანონსებს EA Sports. გრაფიკული გამოსახულებით FIFA 21-იც გამოირჩეოდა - 20-თან შედარებით ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო.

ახალ ფიფაში Electronic Arts-მა ბევრი იმუშავა განათებაზე, სათამაშო მოედანზე, ჩრდილებზე, გულშემატკივრებისა და მოთამაშეთა სახეების უფრო დეტალურ წარმოჩენაზე. გარდა ამისა, EA გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ მომხმარებლის თვალი ნაკლებად გადაიღლება, ხოლო თამაშის ყურება სასიამოვნო პროცესი გახდება. ანიმაციებიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, რაც ნიშნავს იმას, რომ FIFA 22-ის გრაფიკის ყურება არ მოგბეზრდებათ.

გარეკანზე ისევ მბაპე

ზედიზედ მეორე წელია, ფიფას გარეკანზე პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავი კილიან მბაპეა გამოსახული. EA გარეკანის “გაახალგაზრდავებაზე” გადავიდა, რაც ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს PES-თან თანამშრომლობითაა განპირობებული. 

Electronic Arts-ში ფსონს მბაპეზე ჩავიდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ახალგაზრდა ფრანგი ფორვარდი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა. თუმცა ფრანგებმა ევრო 2020-ზე წარუმატებლად იასპარეზეს და ახლა EA Sports-ს ისღა დარჩენია, პსჟ-ს სუპერვარსკვლავის კარგი თამაშის იმედი ჩემპიონთა ლიგაში ჰქონდეს, რათა მისი ზედიზედ მეორედ გარეკანზე გამოჩენა გამართლდეს, მომავალი წლისთვის კი თანამშრომლობა დორტმუნდის ბორუსიას ახალგაზრდა გოლეადორ ერლინგ ჰაალანდთან იგეგმება.

რა არის HyperMotion და რატომ არ იქნება ის ხელმისაწვდომი PC-ზე?

მთავარი გაუმჯობესება, რომელსაც FIFA 22-ში გვპირდებიან, ტექნოლოგია HyperMotion გახლავთ. დეველოპერები ანიმაციის ახალ დონეზე გადავიდნენ - თამაშში ხელოვნური ინტელექტის გავლენა იქნება გამოყენებული. მათი განცხადებით ახალი ფიფა უფრო მეტად ინოვაციური და რეალისტურია, ვიდრე აქამდე ყოფილა. HyperMotion მაღალი ინტენსივობით აერთიანებს 22 პროფესიონალი ფეხბურთელის მოძრაობას. ალგორითმი სწავლობს ჩაწერილი მასალის 9 მილიონ ვერსიას, რის ხარჯზეც თითოეულ ფეხბურთელს ექნება ინდივიდუალური ემოცია, მენტალობა და ხასიათი, რომელსაც მატჩის მიმდინარეობისას გამოავლენს.


ტექნოლოგია მხოლოდ PS5-სა და Xbox S/X ვერსიებზე იმუშავებს. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა: კომპიუტერის ვერსიაში HyperMotion-ის დანერგვა სისტემის მინიმალური მოთხოვნების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს, რის გამოც, მოთამაშეები იძულებულები გახდებიან, განაახლონ თავიანთი კომპიუტერები ან საერთოდ უარი თქვან თამაშზე.

უკეთესი დაცვა

FIFA 21-ში შეტევითი პოტენციალი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. სამაგიეროდ, თამაშის დაცვითი მხარე მოიკოჭლებდა. შეტევის გაუმჯობესებამ მნიშვნელოვნად დაჩრდილა დაცვითი მექანიზმი, რაც ხშირად არათანაბარ მატჩებს იწვევდა. FIFA 22-ში დაცვის სრული განახლება იგეგმება.

FIFA Ultimate Team და FUT გმირები

ამ სახეობის პოპულარიზაციაში უზარმაზარი წვლილი შეიტანა Ultimate Team-ის გამოჩენამ. EA მოთამაშეებისთვის ახალ ფუნქციას, FUT Heroes იწყებს, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ, მონაწილეობა მიიღოთ ონლაინ დივიზიონებში, საკუთარ გუნდში დააბრუნოთ ლეგენდარული ფეხბურთელები და შექმნათ თქვენი ოცნების გუნდი.

ახალი მინი-თამაშები

ახალ ვერსიაში Deep Dive VOLTA FOOTBALL რეჟიმიც განახლდება, რომელსაც ახალი მინითამაშები დაემატება. ამ რეჟიმით სარგებლობა მხოლოდ შაბათ-კვირას იქნება ხელმისაწვდომი. როგორც თამაშის დიზაინერმა რიჩარდ ვოლზმა განმარტა, მინითამაშებში მონაწილეობა ერთბაშად 3 მოთამაშეს შეეძლება, რომელიც 8 სხვადასხვა სახეობას მოიცავს: Dodgeball, Foot Tennis, Disco Lava, Quick Strike, Wall Ball Elimination, Team Keep away, Target Gallery და Corner Scrambl. 

ქალი კომენტატორი

ინსაიდერების განცხადებით, ფიფას ახალ ვერსიაში ქალი კომენტატორი გამოჩნდება, რომელიც არსენალისა და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდრა (ალექს) სკოტი იქნება. მისი პროფესიული სპორტული კარიერა 16 სეზონს მოიცავს. იგი ამჟამად სპორტული ჟურნალისტიკითაა დაკავებული. ფიფას ქომაგები ქალი კომენტატორის გამოჩენას დიდი ინტერესით ელიან.

ახალ ფიფაში ერთ-ერთი კომენტატორი ალექს სკოტი იქნება

როდის გამოდის და რა ეღირება?

თამაში პირველ ოქტომბერს გამოვა. მისი შეძენა სხვადასხვა პლატფორმის მიხედვით  შემდეგნაირად შეგეძლებათ:

Playstation 4 - 60 დოლარი
Playstation 5 - 70 $, Ultimate Edition - 100 $
Steam standart - 60 $, Ultimate Edition - 80 $
Xbox one - 60 $
Xbox X/S - 70 $, Ultimate Edition 100 $   

კომენტარები

ბოლო ამბები