Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი 4:6, 4:6, 4:6 დანიილ მედვედევი
  • სერბმა უჩვეულოდ სუსტად ითამაშა
  • ბეკერი და ტიმი ნოლეს მარცხს სტრესით ხსნიან

ნოვაკ ჯოკოვიჩმა რუს დანიილ მედვედევთან ამერიკის ღია პირველობის ფინალი სამ სეტში დათმო.

ამით ნოლემ გაუშვა ისტორიული შანსი, მოეგო ოთხივე დიდი სლემი ერთი კალენდარული წლის მანძილზე. ამავდროულად, მას შეეძლო, ამ გამარჯვებით თავისი 21-ე დიდი სლემი მოეგო, რაც ერთპიროვნულად საუკეთესო მაჩვენებელი იქნებოდა ჩოგბურთის ისტორიაში. ამჟამად ჯოკოვიჩს, როჯერ ფედერერს და რაფაელ ნადალს 20-20 დიდი სლემი აქვთ მოგებული.

სერბმა უჩვეულოდ სუსტად ითამაშა და მატჩის ბოლოს ცრემლებს ვერ იკავებდა. დომინიკ ტიმმა, რომელიც 'ევროსპორტს' ფინალზე ექსპერტად ჰყავდა მიწვეული, ჯოკოვიჩის მარცხი, როგორც მედვედევის კარგი თამაშით, ასევე დიდი ემოციური სტრესით ახსნა.

დომინიკ ტიმი: "მედვედევს სტრესი არ ჰქონდა, თავისუფლად თამაშობდა. მთელი თამაში სენსაციურად კარგად ჩაატარა, სისულელეები არ გაუკეთებია და ძალიან კარგად აწვდიდა მსოფლიოში საუკეთესო მიმღების წინააღმდეგ. პირველივე სეტის დასაწყისში მეტოქეს მოწოდება წაართვა. ჯოკოვიჩი კი პირიქით, ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ იყო, განსაკუთრებით მატჩის ბოლოს, როცა უკვე ცრემლები მოსდიოდა.'

ჯოკოვიჩი მთელი თამაში ღელავდა

ტიმს ლეგენდარული ჩოგბურთელი და ჯოკოვიჩის ყოფილი მწვრთნელი, ბორის ბეკერიც დაეთანხმა. ნოლეს მარცხი მანაც სტრესით და მისი ემოციური მდგომარეობით ახსნა: "ჯოკოვიჩი მენტალურად მზად არ იყო, რომ თავისი ემოციები ეკონტროლებინა. მას დღეს ისტორიის შექმნა უნდოდა. უნდოდა, გამხდარიყო ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელი ისტორიაში. ამ მატჩის გამო მას დიდი ზეწოლა ჰქონდა. მედვედევი ამ ტურნირზე საუკეთესო მოთამაშე იყო. მან ორ კვირაში მხოლოდ 1 სეტი წააგო. დარწმუნებული ვარ, ის დიდ სლემებს კიდევ მოიგებს. ახალგაზრდებს შორის ის ამისთვის ყველაზე მეტად არის მზად. არ ნერვიულობს, არ ღელავს, მშვიდია. იცის, როგორ მოიგოს თამაში და როგორ მოემზადოს დიდი მატჩებისთვის. ის ციციპასზე და ზვერევზე ერთი ნაბიჯით წინაა." - აღნიშნა გერმანელმა.

მედვედევისთვის ეს პირველი დიდი სლემი იყო, ნოლე კი რეკორდის დამყარებას უკვე ავსტრალიის ღია პირველობაზე შეეცდება. ეს წელი მან სამი დიდი სლემით დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები