Thumbnail

მედვედევის პირველი სლემი - რუსმა ფინალში ჯოკოვიჩს შანსი არ დაუტოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

25 წლის რუსმა ჩოგბურთელმა დანიილ მედვედევმა კარიერაში პირველი დიდი სლემის ტურნირი მოიგო. ეს ნიუ იორკში მოხდა, სადაც აშშ-ს ღია პირველობის ფინალში მან მსოფლიოს პირველ ჩოგანს, 34 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩს (სერბეთი) დამაჯერებლად – 6:4, 6:4, 6:4 სძლია.

თამაშმა დიდი ინტერესი გამოიწვია და არტურ ეშის სახელობის სტადიონზე, მას ათასობით ქომაგთან ერთად, არაერთი ცნობილი ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ამერიკელი მსახიობები ბრედ პიტი, ბრედლი კუპერი, რამი მალიკი და ალეკ ბოლდუინი, თუმცა, მათ დრამატული მატჩი ვერ იხილეს.

მედვედევი საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და საწყის ორ სეტში მოსაგებად თითო ბრეიკი ეყო, მესამეში კი, 5:1 დაწინაურდა და მართალია, ნოვაკმა მცირე ქამბექი შემოგვთავაზა, თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა. საბოლოო ჯამში, დანიილმა ნოვაკის მოწოდება 4-ჯერ აიღო, სერბმა კი 6-დან მხოლოდ 1 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

რუსმა ჩოგბურთელმა ჩემპიონობა ორიგინალურად აღნიშნა

ცნობისთვის, ამ ჩოგბურთელებმა წლეულს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალშიც ითამაშეს და მაშინ ნოლემ 7:5, 6:2, 6:2 მოიგო, ამდენად, რუსმა სრულფასოვანი რევანში აიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ მედვედევმა აშშ-ს ღია პირველობის ფინალშო 2019 წელსაც ითამაშა, თუმცა, მაშინ ესპანელ რაფაელ ნადალთან 5:7, 3:6, 7:5, 6:4, 4:6 დამარცხდა.

დღევანდელი წარუმატებლობის გამო, ჯოკოვიჩმა დაკარგა შანსი 2021 წელი კალენდარული დიდი სლემით დაესრულებინა. ნოვაკს წლეულს ავსტრალიისა და საფრანგეთის ღია პირველობები და უიმბლდონი ჰქონდა მოგებული (სულ მის აქტივში 20 სლემ-ტურნირია), ამდენად, მიზნამდე 1 ტიტული დააკლდა. ცნობისთვის, საჩოგბურთო ღია ერაში (ანუ 1968 წლიდან), კაცების ერთეულთა თანრიგში, აღნიშნული შედეგის დაფიქსირება მხოლოდ ავსტრალიელ როდ ლეივერს მოუხერხებია.

კომენტარები

ბოლო ამბები