Thumbnail

დინამო ბათუმის ფრე საბურთალოსთან და +3 ქულა დინამო თბილისთან

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ჩემპიონატი ერთთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ განახლდა. 23-ე ტურის ცენტრალურ მატჩში გათამაშების ლიდერი დინამო ბათუმი თბილისში, საბურთალოს დაუპირისპირდა. მატჩი დაძაბული გამოდგა, გუნდებმა ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს და ქულები გაიყვეს - 1:1.

თამაში სწრაფი გოლით დაიწყო - ბათუმელები უკვე მე-2 წუთზე დაწინაურდნენ. საბურთალოელმა გიორგი გოჩოლეიშვილმა პასი საკუთარი კარის მიმართულებით გააკეთა, მაგრამ არაზუსტად და ბურთი ჯოვინომ ჩაჭრა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა. ბრაზილიელმა საჩუქარი გამოიყენა - ოთო გოშაძეს ბურთი თავზე გადაუგდო.

პირველ ტაიმში საგოლე მომენტები ბევრი ნამდვილად არ შექმნილა, დინამო ბათუმი მშვიდად აკონტროლებდა თამაშს, საბურთალო კი კარგად ვერ უტევდა. ყველაზე კარგი მომენტი ისევ ჯოვინოს ჰქონდა, რომელსაც 35-ე წუთზე შეეძლო დუბლის შესრულება, მაგრამ ვერ გაიტანა. გია გეგუჩაძის გუნდმა ტაიმი 1:0 მოიგო.

მატჩის მეორე ნახევარიც სწრაფი გოლით დაიწყო - ოღონდ, ბათუმელთა კარში გატანილით. მარცხენა ფლანგზე იური ტაბატაძემ და ლაშა კოხრეიძემ ძალიან კარგი კომბინაცია გაითამაშეს და შეტევა ტაბატაძემ ზუსტი დარტყმით დაასრულა - 1:1.

დინამო ბათუმს მალევე მიეცა წინ გასვლის შანსი: ჯოვინო გოშაძესთან ისევ პირისპირ დარჩა, მაგრამ ამჯერად დუელი მეკარის გამარჯვებით დასრულდა. ბოლო წუთებში ზღვისპირელები გააქტიურდნენ, ორი სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს.

დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა - საბოლოოდ, 1:1. დინამო ბათუმმა დაკარგული ქულების მიუხედავად, ლიდერობა განიმტკიცა, რადგან 47 ქულა აქვს და დინამო თბილისთან უპირატესობა ერთი ქულით გაზარდა, საბურთალო კი 36 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს ლოკომოტივთან ერთად იყოფს. გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო ტურში 16 სექტემბერს, თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლებს, ხოლო საბურთალო ერთი დღით ადრე შინ თელავს დაუპირისპირდება.

23-ე ტურში კიდევ 3 მატჩი გაიმართა. მოქმედი ჩემპიონი დინამო თბილისი სტუმრად თელავთან, სენსაციურად 0:1 დამარცხდა, ქუთაისის ტორპედომ გორში დილას 2:1 მოუგო, ხოლო შუქურასა და სამგურალის შეხვედრაში გოლი არ გასულა. ამგვარად, 23-ე ტურში სამეულის ვერცერთმა წარმომადგენელმა მოიგო - დინამო ბათუმი ფრეს დასჯერდა, დინამო თბილისი და დილა დამარცხდნენ.

საბურთალო 1:1 დინამო ბათუმი

გოლები: 0:1 ჯოვინო (2), 1:1 ტაბატაძე (48)

საბურთალო (3-4-2-1): გოშაძე, კაკუბავა, შ. ნონიკაშვილი, ჯგერენაია - მალი (46. მანდრიჩენკო), ცნობილაძე (66. ძებნიაური), ლ. ნონიკაშვილი, ტაბატაძე - გოჩოლეიშვილი (86. ჩაჩუა), გულიაშვილი (71. შულაია) - კოხრეიძე (86. კვერნაძე)

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე (81. გაფრინდაშვილი), კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ალთუნაშვილი, ტეიდი - მამუჩაშვილი, ზარია (58. მანჯგალაძე), ჯიღაური (81. ფანცულაია) - ჯოვინო

კომენტარები

ბოლო ამბები