Thumbnail
  • ემა რადუკანუ 6:4, 6:3 ლეილა ფერნანდესი
  • 18 წლის ბრიტანელმა კვალიფიკაციიდან დაიწყო და ჩემპიონია
  • რადუკანუმ ფინალში ორი თვით უფროსი ფერნანდესი დაამარცხა

ემა რადუკანუ პირველი ბრიტანელი ქალი ჩოგბურთელია ბოლო 44 წელიწადში, რომელმაც დიდი სლემის ტურნირის მოგება შეძლო.

18 წლის თინეიჯერმა ფინალში სულ რაღაც 2 თვით უფროსი კანადელი ლეილა ფერნანდესი ორ სეტში, 6:4, 6:3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ რადუკანუს, რომელიც აქამდე 150-ე ჩოგანი იყო, აშშ-ის ღია პირველობაზე ერთი სეტიც კი არ წაუგია!

სხვათა შორის, ფინალისკენ გზაზე რადუკანუს ყველაზე მეტი გეიმი ერთ თამაშში ქართველმა მარიამ ბოლქვაძემ (167-ე ჩოგანი) მოუგო! 26 აგვისტოს ბოლქვაძე ბრიტანელთან ორ სეტში კი დამარცხდა (3:6, 5:7), მაგრამ 8 გეიმის მოგება მოახერხა. რადუკანუს მას შემდეგ თამაშში 6 გეიმზე მეტი არ ჰქონდა წაგებული და ფინალშიც მხოლოდ 7 გეიმი დათმო. ბოლო ბრიტანელი ქალი, რომელსაც დიდი სლემის ტურნირი ჰქონდა მოგებული, ვირჯინია უეიდი გახლდათ (1977, უიმბლდონი)

ეს იყო თინეიჯერთა პირველი ფინალი 1999 წლის შემდეგ, როდესაც, ასევე ნიუ იორკში, სერენა უილიამსმა მარტინა ჰინგისი დაამარცხა.

ამავდროულად, რადუკანუ პირველია 1968 წლის შემდეგ, ვინც დიდი სლემის ტურნირზე ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო და ჩემპიონი გახდა. მან ამერიკის ღია პირველობის მოგებით 2.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ფინალში დამარცხებული ფერნანდესი კი ამ თანხის ნახევარს მიიღებს.

“უბრალოდ, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მჯერა. სათამაშოდ გავდივარ და ვცდილობ, ჩოგბურთით სიამოვნება მივიღო. პირველ რიგში, მინდა, ლეილას მივულოცო. მან ამ ტურნირზე საოცარი ჩოგბურთი აჩვენა და მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეები დაამარცხა. იმედია, ერთმანეთს კიდევ ბევრ ტურნირზე შევხვდებით და თანაც ფინალებში. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მეხმარება და მქომაგობს, - განაცხადა რადუკანუმ ფინალის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ფინალისტები ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ. რადუკანუც კანადაშია დაბადებული - მამა რუმინელი ჰყავს, დედა კი - ჩინელი. ორი წლის იყო, როცა მშობლებმა დიდ ბრიტანეთში წაიყვანეს. იქ გაიზარდა, ბრიტანელია, მაგრამ კანადური პასპორტიც აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები