Thumbnail

PREVIEW | საბურთალო V დინამო ბათუმი - ცენტრალურ მატჩში ორივე 3 ქულას გეგმავს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 12 სექტემბერი | ⌚ 21:00 | ⚽ საბურთალო V დინამო ბათუმი
  • 1-თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი განახლდება
  • ცენტრალურ მატჩში დინამო ბათუმი თბილისში საბურთალოს ეთამაშება

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებით გამოწვეული ერთთვიანი იძულებითი პაუზისა და სანაკრებო ფანჯრის შემდეგ, საკლუბო ფეხბურთი საქართველოშიც ბრუნდება - ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ჩემპიონატის ლიდერი დინამო ბათუმი თბილისში საბურთალოს ეთამაშება.

მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ბათუმელთა მიზანი საქართველოს ჩემპიონობაა, ხოლო თბილისელებს კი ევროთასებზე გასვლა სურთ.

საბურთალოს დინამო ბათუმი ბოლო 7 მატჩია არ დაუმარცხებია (2019 წლის შემდეგ) და მოტივაციაც განსაკუთრებული აქვს. ხვიჩა შუბითიძის გუნდმა წარმატებას გია გეგუჩაძის გუნდის წინააღმდეგ ვერც მიმდინარე სეზონში მიაღწია - თბილისში უგოლო ფრე და ბათუმში მარცხი (1:4). მეორეს მხრივ, დინამო ბათუმი უახლოეს მდევარ დინამო თბილისს მხოლოდ 2 ქულით უსწრებს და ქულების დაკარგვა, შესაძლოა, ლიდერობის დაკარგვად დაუჯდეს.

გუნდებში განსაკუთრებული საკადრო პრობლემები არ არის. დინამო ბათუმს გიორგი ფანცულაიაც გამოუჯანრთელდა, რომელიც საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული, მაგრამ შეკრებაზე ტრავმის გამო ვერ გამოცხადდა. ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი (10 გოლი მიმდინარე სეზონში) ახლა მზადყოფნაშია და შეუძლია, ითამაშოს. აღსანიშნავია ისიც, რომ გია გეგუჩაძის გუნდიდან ეროვნულ ნაკრებში 7 ფეხბურთელი იყო გამოძახებული - კუპატაძეს, ჩაბრაძეს, აზაროვს, მამუჩაშვილს, ალთუნაშვილს, ჯიღაურსა და ფანცულაიას ამ პერიოდში გუნდთან ერთად სრულფასოვნად მომზადების საშუალება არ ჰქონდათ.

საბურთალომ საქართველოს ჩემპიონატში ბოლო მატჩი 8 აგვისტოს ჩაატარა და დინამო თბილისთან წააგო, ხოლო დინამო ბათუმმა იმავე დღეს სამტრედია 3:1 დაამარცხა. თუმცა, გეგუჩაძის გუნდმა მერე უკვე კონფერენსლიგაზეც ითამაშა, სადაც თურქულ სივასპორთან ფრე ითამაშა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში დამარცხდა. სატურნირო ცხრილში დინამო ბათუმი 46 ქულით ლიდერია, ხოლო საბურთალოს 35 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა, მაგრამ ევროზონაში მოხვედრაზე რეალურ პრეტენზიას აცხადებს.

იური ტაბატაძე (საბურთალო): "მაქსიმალურად მზად ვართ და ვეცდებით, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. პაუზა ამ თამაშისთვის მოსამზადებლად კარგად გამოვიყენეთ. დინამო ბათუმი ძალიან კარგი გუნდია. ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან წინა მატჩი ბათუმში წავაგეთ და ვეცდებით, რომ რევანში ავიღოთ. ჩვენი ერთადერთი მიზანი გამარჯვებაა."

სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი): "ჩემპიონატში დიდი პაუზა იყო, ბევრი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში ვიყავით, მაგრამ ამას მზადებაში ხელი არ შეუშლია და თამაშისთვის მზად ვართ. ჩემი აზრით, არაფერი რთული არ ყოფილა იმაში, რომ 7 ფეხბურთელი გუნდთან ერთად გარკვეული პერიოდი არ ვიყავით. საბურთალოს წინააღმდეგ მესამედ ვთამაშობ, ემოციური დატვირთვა ისევ აქვს, მაგრამ ვეცდები, რომ გავიმარჯვო".

საინტერესო ფაქტები

დინამო ბათუმი და საბურთალო ერთმანეთს 17-ჯერ შეხვდნენ და თბილისური გუნდი უპირატესობას ფლობს - 7 მოგება, 5 წაგება, 5 ფრე.

საბურთალოსთვის ყველაზე დასამახსოვრებელი 2017 წლის 10 სექტემბერს მოგებული მატჩია (5:0), ხოლო დინამო ბათუმმა 2019 წლის 24 აპრილს, ძალიან მაგარ და დრამატულ ბრძოლაში ბათუმში, 4:2 სძლია მეტოქეს.

ამ გუნდების ბოლო ხუთ მატჩში სამჯერ ბათუმელებმა მოიგეს და ორჯერ ფრე დაფიქსირდა. საბურთალომ ზღვისპირელები ბოლოს 2019 წლის 16 აპრილს დაამარცხა და მას მერე 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

ხსენებულ ბოლო ხუთ თამაშში ოხთჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა, ორივე გუნდმა კი 2-ჯერ გაიტანა.

საბურთალომ წინა ტურში დინამო თბილისთან 1:2 წააგო, მაგრამ მანამდე ჩატარებული 8 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ განიცადა მარცხი (5 მოგება, 2 ფრე).

დინამო ბათუმს საქართველოს ჩემპიონატში 23 მაისის შემდეგ არ წაუგია, როცა ლოკომოტივთან დამარცხდა (7 მატჩი, 4 მოგება, 3 ფრე). ამ პერიოდში იყო 6 მატჩი ევროთასებზე - 3 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება.

საბურთალოს ბოლო ხუთ მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

დინამო ბათუმის ბოლო ხუთ მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

დინამო ბათუმს მიმდინარე სეზონში საუკეთესი შეტევა (42 გოლი) და საუკეთესო დაცვა ჰყავს (16 გაშვებული გოლი).

საბურთალომ მიმდინარე სეზონში შინ 11 მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო და ორივე თბილისლურ გუნდებთან (დინამოსთან და ლოკომოტივთან).

დინამო ბათუმს სტუმრად დინამო თბილისთან ერთად ყველაზე მეტი ქულა აქვს მოპოვებული (21), მაგრამ ბოლო 4 საგარეო მატჩიდან ერთხელ გაიმარჯვა (2 ფრე, 1 წაგება).

დინამო ბათუმის ფეხბურთელი გიორგი ფანცულაია ბომბარდირთა დავას 10 გოლით ლიდერობს, ხოლო საგოლე პასებში საუკეთესო საბურთალოელი აკაკი შულაიაა (6 შედეგიანი გადაცემა).

მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი, 10-10 მშრალი მატჩი საბურთალოსა და დინამო ბათუმის მეკარეებმა, ოთო გოშაძემ და ლაზარე კუპატაძემ ჩაატარეს.

სავარაუდო შემადგენლობები

საბურთალო (3-4-1-2): გოშაძე - მუდრაკი, კაკუბავა, ჯგერენაია - მალი, ნონიკაშვილი, ცნობილაძე, ტაბატაძე - მანდრიჩენკო - შულაია, გულიაშვილი

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ტეიდი, ალთუნაშვილი - მამუჩაშილი, ჯიღაური, ჯოვინო - ფანცულაია

კომენტარები

ბოლო ამბები