Thumbnail

30 ივლისს, ოლიმპიადის ნახევარფინალში ალექსანდერ ზვერევმა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა და მერე ოლიმპიური ოქროც მოიგო. ახლა კი ნოლემ ჰამბურგელ ჩოგბურთელზე შური იძია!

“დიდებული ბრძოლა იყო! ორივემ მაქსიმუმი გავაკეთეთ. მნიშვნელოვან მომენტებში ის უბრალოდ კედელი ხდება და ვერაფერს მოუხერხებ,” - განაცხადა ზვერევმა ჯოკოვიჩთან მარცხის შემდეგ.

ემოციური მომენტი მატჩის დასრულების შემდეგ

ტოკიოში ტრიუმფიდან 6 კვირის შემდეგ, ზვერევი ნოლესთან აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალში დამარცხდა. მძაფრი დუელი 3 საათსა და 38 წუთს გაგრძელდა, 5-სეტიანი თრილერი გამოვიდა, რომელიც მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა 4:6, 6:2, 6:4, 4:6, 6:2 მოიგო. ამრიგად, სერბი ფინალშია, სადაც მსოფლიოს მეორე ჩოგანს, დანიილ მედვედევს შეხვდება. რუსმა ნახევარფინალში კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმი მარტივად, სამ სეტში, 6:4, 7:5, 6:2 დაამარცხა. 

ჯოკოვიჩს კარიერაში 21-ე დიდი სლემის მოგების შანსი აქვს და თუ მედვედევს მოუგებს, როჯერ ფედერერს და რაფაელ ნადალს (20-20 დიდი სლემი) გადაასწრებს!

“ალექსანდერ დიდი ჩემპიონია. მე მას დიდ პატივს ვცემ როგორც კორტზე, ისე კორტს მიღმა. ვიცოდი, რომ ასეთი დრამატული ბრძოლა მელოდა,” - აღნიშნა ჯოკოვიჩმა მატჩის შემდეგ.

ნოლეს შანსი აქვს, როდ ლეივერის შემდეგ (1969) პირველად მოიგოს წლის ყველა დიდი სლემი. 34 წლის ჯოკოვიჩმა მელბურნში, პარიზსა და უიმბლდონზეც პირველობა არავის დაუთმო. 21-ე დიდ სლემზე და ისტორიულ რეიტინგში ფედერერისა და ნადალის გადასწრების შანსზე უკვე ვთქვით…

“ნოვაკი ზუსტად მაშინ თამაშობს თავის საუკეთესო ჩოგბურთს, როცა ამის აუცილებლობაა. ეს ძალიან ცოტას შეუძლია. ამიტომაცაა ის საუკეთესო და ამიტომაც ვგრძნობ თავს ახლა ისე, თითქოს მიმატოვა ქალმა, რომელიც წლების მანძილზე მიყვარდა,” - ეს ზვერევის სიტყვებია. 

საინფორმაციო სააგენტო DPA-მ დაითვალა და ირწმუნება, რომ ზვერევმა მატჩის შემდეგ, ჯოკოვიჩზე საუბრისას, 5 წუთში ზუსტად 10-ჯერ ახსენა სიტყვა “საუკეთესო”...

კომენტარები

ბოლო ამბები