Thumbnail
  • მანჩესტერი წითელია - ყოველ შემთხვევაში, კრიშტიანო რონალდოსთვის
  • იუვენტუსის სპორტულმა დირექტორმა CR7-ის ტრანსფერის ახალ დეტალებზე ისაუბრა

12-წლიანი სხვაგან ყოფნის შემდეგ, კრიშტიანო რონალდო ‘ოლდ ტრაფორდზე’ დაბრუნდა. ეს თითქოს არსაიდან მოხდა, რადგან თითქმის არავინ ელოდა. იმ დღის პირველ ნახევარშიც კი ყველა დარწმუნებული იყო, რომ კრიშტიანო მანჩესტერ სიტიში გადავიდოდა. რამდენიმე დღით ადრე კი ყველა ფიქრობდა, რომ იუვენტუსიდან წასვლასაც არ აპირებდა.

ტურინული გრანდის სპორტული დირექტორი ფედერიკო კერუბინი ამბობს, რომ ტრანსფერის დადასტურების დღეს თვითონაც ისეთ მდგომარეობაში იყო, როგორც ფანები.

“მანამდე, ერთი კვირით ადრე, დარწმუნებულები ვიყავით, რომ რონალდო ჩვენთან რჩებოდა,” - უთხრა კერუბინიმ “ტუტოსპორტს”.

მისივე თქმით, მერე 36 წლის რონალდომ ჩემოდნები ჩაალაგა და მანჩესტერში წავიდა. და თანაც, სიტიში კი არ გადავიდა, სადაც ტრანსფერს კონკრეტული მოლაპარაკებების გამო უწინასწარმეტყველებდნენ, არამედ თავის ძველ სიყვარულს, იუნაიტედს დაუბრუნდა.

კერუბინიმ ხსენებულ ინტერვიუში იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ მიჰყიდა იუვენტუსმა თავისი გოლეადორი მანჩესტერის წითელ მხარეს და არა ცისფერს: “სიტის რონალდოს სანაცვლოდ ერთი ცენტის გადახდაც კი არ სურდა, ჩვენს მოთხოვნებს არაფრად აგდებდნენ, კრიშტიანო უფასოდ უნდოდათ. მანჩესტერ იუნაიტედი კი სხვანაირად მოიქცა. იუნაიტედი მოიქცა ისე, როგორც ტრადიციების პატივისმცემელ კლუბს შეეფერება.” - ამ განცხადებით იუვეს სპორტული დირექტორი სიტის აკნინებს, იუნაიტედს კი - პირიქით.

შეგახსენებთ, რომ იუნაიტედმა იუვეს 15 მილიონი გადაუხადა და ბონუსებსაც დაჰპირდა - პორტუგალიელის ფასი კიდევ რამდენიმე ერთეული მილიონით გაიზრდება.

“ტუტოსპორტის” ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ სურს იუვენტუსს პორტუგალიელის (101 გოლი 134 მატჩში) შეცვლა, კერუბინიმ ასე უპასუხა: “რეალურად, ეს შეუძლებელია. იუვე ახლა შეცვლილ გეგმას გაჰყვება. 21 წლის მოიზე კინის კლუბში დაბრუნება მომავლისთვის კარგი სიგნალია. ჩვენ ჩვენივე აღზრდილი ტალანტი დავიბრუნეთ. უფრო მეტი ჩვენი აღზრდილი მოთამაშე გვჭირდება.”

 

კომენტარები

ბოლო ამბები