Thumbnail

PREVIEW | ნაპოლი ფავორიტია - იუვენტუსს ბევრი პრობლემა აქვს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 11 სექტემბერი | 🏟 დიეგო მარადონა | ⌚ 20:00 | ⚽ ნაპოლი V იუვენტუსი
  • ნაპოლი იუვენტუსთან მატჩს ფავორიტის სტატუსით ხვდება
  • ტურინებს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

სანაკრებო პაუზის შემდეგ საკლუბო ფეხბურთი ბრუნდება და სერია A-ს მე-3 ტურის ცენტრალური მატჩი ნეაპოლში, "სტადიო დიეგო მარადონაზე" გაიმართება, სადაც ნაპოლის იუვენტუსი ესტუმრება.

გუნდებმა სეზონი ძალზე განსხვავებულად დაიწყეს - ნაპოლიმ სტარტზე ორივე თამაში მოიგო (ვენეციასთან და ჯენოასთან), ხოლო იუვენტუსმა მხოლოდ ქულა მოიპოვა უდინეზესთან (2:2) და ემპოლისთან (0:1) ართუ ისე რთულ მატჩებში. ამგვარად, მასიმილიანო ალეგრის გუნდს გამარჯვების გარდა, სხვა გზა დარჩენილი აღარ აქვს, არადა "ბებერი ქალბატონი" ნეაპოლში ფავორიტის სტატუსით ნამდვილად არ ითამაშებს.

ტურინელთა ბანაკში სერიოზული პრობლემებია. ალეგრის შემადგენლობის შერჩევის კუთხით არჩევანი პრაქტიკულად არ აქვს. აარონ რემზი, ფედერიკო კიეზა, არტური და კაიო ჟორჟე ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ, ხოლო პაულო დიბალა, დანილო, ალექს სანდრო და როდრიგო ბენტანკური სანაკრებო პაუზის შემდეგ იტალიაში დროულად ვერ ბრუნდებიან და ნეაპოლში გუნდს არ გაჰყვებიან. ისინი იტალიაში მხოლოდ თამაშის დღეს ჩავლენ. ალეგრის თქმით, მას რისკზე წასვლა არ სურს და მათ დაასვენებს, რადგან წინ ბევრი მნიშვნელოვანი თამაშია.

სამხრეთამერიკელთა შორის ერთადერთი გამონაკლისი ხუან კუადრადო იყო, რომელსაც შედარებით ადრე დაბრუნება შეეძლო, მაგრამ როგორც ალეგრიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა, კოლუმბიელს ტრავმა აქვს და იტალიაში საერთოდ არ დაბრუნებულა. ამგვარად, ვერც კუადრადო ითამაშებს და იუვეს თავკაცი პრაქტიკულად არჩევანის გარეშე დარჩა. მოსალოდნელია, რომ დაბრუნების შემდეგ დებიუტი ექნება მოიზე კინს, რომელმაც შუა კვირაში იტალიის ნაკრებში დუბლი შეასრულა, მაგრამ იტალიური მედია ვარაუდობს, რომ ის თადარიგში დარჩება.

იუვენტუსს ნეაპოლში არც კიეზა ეყოლება და არც დიბალა

პრობლემების გარეშე არც ნაპოლია, რომელსაც რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს - მათ შორის, მთავარი მეკარე ალექს მერეტი და ბელგიელი თავდამსხმელი დრის მერტენსი. სხვამხრივ, ლუჩანო სპალეტის განსაკუთრებული საფიქრალი არ აქვს. ნაპოლის პირველ ტურში ვიქტორ ოსიმენი გაუძევეს, რომელმაც 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და იუვენტუსთან ვერ უნდა ეთამაშა, მაგრამ კლუბმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და შედეგსაც მიაღწია - ნიგერიელს ერთი თამაშის გამოტოვება მოუწია (ჯენოასთან). ასე რომ, ნეაპოლელთა ლიდერი მოედანზე იქნება.

გასულ სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. სერია A-ში ნაპოლიმ შინ 1:0 მოიგო, ტურინში იუვენტუსმა გაიმარჯვა (2:1), ხოლო იტალიის სუპერთასზეც გამარჯვება "ბიანკონერის" დარჩა (2:0).

საინტერესო ფაქტები

⚽ სერია A-ში ნაპოლისა და იუვენტუსის ბოლო 16 მატჩში ფრე მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა (2017 წლის აპრილში, 1:1) დანარჩენი 15 თამაშიდან 5 ნეაპოლელებმა მოიგეს, 10 - ტურინელებმა.

⚽ სერია A-ს ბოლო ორ სეზონში ნაპოლისა და იუვენტუსის მატჩები მხოლოდ მასპინძლებმა მოიგეს. ნეაპოლელებს შანსი აქვთ იუვესთან ზედიზედ მესამე საშინაო მატჩი 2011 წლის შემდეგ პირველად მოიგონ (მაშინ ზედიზედ 4 თამაში მოიგეს "სან პაოლოზე").

⚽ ნაპოლის შანსი აქვს, სერია A-ს სტარტზე ზედიზედ 3 გამარჯვება ზედიზედ ორ სეზონში მოიპოვოს ისტორიაში მეორედ. პირველად ასეთი კარგი სტარტი 2012/13 და 2013/14 წლების სეზონში ჰქონდა.

⚽ იუვენტუსმა სეზონის სტარტზე მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა ორ ტურში და წინა 51 სეზონიდან მხოლოდ 2015/16 წლების სეზონში ვერ შეძლო სამ ტურში გამარჯვების მოპოვება (1 ფრე, 2 წაგება).

⚽ მასიმილიანო ალეგრის სერია A-ში ბოლო 7 თამაში არ მოუგია (4 ფრე, 3 წაგება). იუვენტუსის ისტორიაში მხოლოდ სამ მწვრთნელს ჰქონდა უარესი სერია: კარლო პაროლას 1974 წელს (11 მოუგებელი მატჩი), სანდრო პუპოს 1956 წელს ორჯერ (13 და 8 მატჩი) და ვირჯინიო როზეტას 1938 წელს (8).

⚽ ლუჩანო სპალეტი შეიძლება გახდეს მეორე მწვრთნელი ნაპოლის ისტორიაში, რომელიც სერია A-ში ზედიზედ საწყის სამ მატჩს მოიგებს. ეს მხოლოდ რაფაელ ბენიტესს აქვს გაკეთებული (2013 წელს).

⚽ ლორენცო ინსინიესთვის ნაპოლის მაისურით მომდევნო თამაში მე-400 იქნება და ნეაპოლური გუნდის ისტორიაში ამ შედეგით მე-4 ფეხბურთელი გახდება მარეკ ჰამშიკის (520), ჯუზეპე ბრუსკოლოტისა (511) და ანტონიო ჯულიანოს შემდეგ (505).

⚽ ინსინიემ იუვენტუსთან ბოლო სამ მატჩში სერია A-ში გოლი გაიტანა. ამაზე უკეთესი სერია მას არცერთი გუნდის წინააღმდეგ არ აქვს. ნაპოლის ბოლო ფეხბურთელი კი, რომელსაც უკეთესი სერია ჰქონდა, დრის მერტენსია, რომელმაც ბოლონიას ზედიზედ ექვს მატჩში გაუტანა.

⚽ მოიზე კინი მე-2 ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც გასულ სეზონში ტოპლიგაში მინიმუმ 10 გოლი გაიტანა ერლინგ ჰაალანდის შემდეგ. კინმა ლიგა 1-ში თავი 13-ჯერ გამოიჩინა, იმდენჯერ, რამდენჯერაც მანამდე ოთხ სეზონში იუვენტუსის, ვერონასა და ევერტონის მაისურით.

⚽ ამ გუნდების ბოლო 5 მატჩიდან 3 ნეაპოლელებმა მოიგეს და 2 ტურინელებმა. ხსენებულ მატჩებში კი 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ მიმდინარე სეზონში იუვენტუსის ორ მატჩში ერთხელ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ასევე ერთხელ გაიტანა ორივე გუნდმა.

⚽ ნაპოლის ორ მატჩშიც იგივე მაჩვენებელია: ერთხელ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ერთხელ გაიტანა ორივე გუნდმა.

⚽ ეს გუნდები ერთმანეთს სერია A-ში 150-ჯერ შეხვედრიან, საიდანაც 36 მატჩი ნაპოლიმ მოიგო, 67 იუვენტუსმა, ხოლო 47-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (4-2-3-1): ოსპინა - დი ლორენცო, მანოლასი, კულიბალი, მარიო რუი - ფაბიან რუისი, ანგისა - პოლიტანო, ელმასი, ინსინიე - ოსიმენი
ტრავმა: დემე, გულამი, მერტენსი, მერეტი, ლობოტკა

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, პელეგრინი - მაკკენი, ლოკატელი, რაბიო - ბერნარდესკი, მორატა, კულუშევსკი
ტრავმა ან სხვა მიზეზი: არტური, კაიო ჟორჟე, რემზი, კიეზა, ალექს სანდრო, დანილო, კუადრადო, დიბალა, ბენტანკური

კომენტარები

ბოლო ამბები