Thumbnail
  • საუბარია 8 ბრაზილიელ ფეხბურთელზე, რომლებიც ნაკრებში არ გაუშვეს
  • შედეგად, ლივერპული, სიტი, მანჩესტერი, ჩელსი და ლიდსი დაზარალდნენ

ფიფამ ინგლისური პრემიერლიგის 5 კლუბს 5 დღის განმავლობაში აუკრძალა იმ ბრაზილიელი ფეხბურთელების გამოყენება, რომლებიც მათ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ არ გაუშვეს. ამის მიზეზი ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის მიმართვა გახდა.

აკრძალვა 8 ბრაზილიელ ფეხბურთელს ეხება, რომლებიც ლივერპულის, მანჩესტერ სიტის, მანჩესტერ იუნაიტედის, ჩელსისა და ლიდსის ღირსებას იცავენ. ამგვარად, მათ პრემიერლიგის მომდევნო ტურის გამოტოვება მოუწევთ, რომელიც 11-12 სექტემბერსაა დაგეგმილი.

The Times მათ ჩამონათვალსაც ავრცელებს: ფაბინიო, ალისონი, რობერტო ფირმინო (ყველა – ლივერპული), რაფინია დიასი (ლიდსი), ტიაგო სილვა (ჩელსი), ფრედი (მანჩესტერ იუნაიტედი), ედერსონ მორაესი, გაბრიელ ჟესუსი (ორივე – მანჩესტერ სიტი).  

საინტერესოა, რომ ბრაზილიელებს პრეტენზია არ ჰქონიათ ევერტონის მიმართ, რომელმაც ნაკრებში რიშარლისონი არ გაუშვა. მიზეზი ისაა, რომ მანამდე, ლივერპულელებმა ფეხბურთელს ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება დართეს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ეროვნულ გუნდს 5 სექტემბერს არგენტინასთან უნდა ეთამაშა, თუმცა, ეს მატჩი სტარტიდან მალევე ჩაიშალა, რადგანაც სტუმართა რამდენიმე ფეხბურთელს კოვიდ-რეგულაციების დარღვევა დაბრალდა.

ბრაზილიას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში მომდევნო შეხვედრა 9 სექტემბერს, ისევ შინ, პერუსთან ელის. ამ დროისთვის, “სელესაოს” 7-ვე მატჩი მოგებული აქვს და 21 ქულით პირველ ადგილზეა, შემდეგ კი, არგენტინა (15), ეკვადორი (13) და ურუგვაი (12) მოდიან.

კომენტარები

ბოლო ამბები