Thumbnail
  • ლეილა ფერნანდესი აშშ-ის ღია პირველობაზე სენსაციურ თამაშს აგრძელებს
  • 19 წლის კანადელი დიდი სლემის ნახევარფინალში გავიდა
  • კიდევ ერთი აღმოჩენისთვის, კარლოს ალკარასისთვის კი დიდი სლემი დასრულდა

კარლოს ალკარასი აშშ-ის მიმდინარე ღია პირველობაზე პუბლიკის ერთ-ერთი საყვარელი ჩოგბურთელი გახდა, ახლა კი 18 წლის ტალანტისთვის, რომელსაც ახალი რაფაელ ნადალიც კი უწოდეს, დიდი სლემი დამთავრებულია. მსოფლიოს 55-ე ჩოგანი ესპანელი, რომელმაც სხვებთან ერთად, სტეფანოს ციციპასსაც მოუგო, მეოთხედფინალში კანადელ ფელიკს ოჟე-ალიასიმთან დამარცხდა - უფრო სწორად, იძულებული გახდა, დანებებულიყო. ყველასათვის მოულოდნელად, ნახევარფინალშია კიდევ ერთი კანადელი, 19 წლის ლეილა ფერნანდესიც.

ლეილა ფერნანდესი ამერიკის ღია პირველობის აღმოჩენაა

ალკარასი ოჟე-ალიასიმს მეორე სეტში, ტრავმის გამო დანებდა. შესაბამისად, ეს უკანასკნელი გახდა პირველი კანადელი, რომელიც ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა. გარდა ამისა, ის ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროს შემდეგ (2009), რომელიც ნიუ იორკში ფინალში გასასვლელად იბრძოლებს. მე-15 ჩოგანი ოჟე-ალიასიმი ნახევარფინალში რუს დანიილ მედვედევს (2) დაუპირისპირდება - მატჩი 10 სექტემბერსაა დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი მეოთხედფინალში იტალიელ მატეო ბერეტინის (6) ხვდება. ეს შეხვედრა ხუთშაბათს გამთენიისას, 04:30 საათზეა ჩანიშნული.

ქალთა თანრიგში ნახევარფინალში გავიდა US Open-ის ერთ-ერთი ფავორიტი არინა საბალენკა. 23 წლის ბელარუსმა როლან გაროსის გამარჯვებული, ჩეხი ბარბორა კრეიჩიკოვა 6:1, 6:4 დაამარცხა. ნახევარფინალში საბალენკა 19 წლის კანადელ ლეილა ფერნანდესს შეხვდება, რომელმაც მეხუთე ნომრად განთესილ ელინა სვიტოლინას სენსაციურად მოუგო - 6:3, 3:6, 7:6 (7:5).

“ამ წუთას საერთოდ არ ვიცი, რას ვგრძნობ. მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან ვნერვიულობდი,” - განაცხადა თამაშის დასრულების შემდეგ ფერნანდესმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 73-ე ადგილზეა. კანადელმა თინეიჯერმა ტურნირს მანამდე ისეთი ჩოგბურთელები გამოთიშა, როგორებიც ანჟელიკ კერბერი და ნაომი ოსაკა არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები