Thumbnail

W1sh: მთავარი მიზანი საქართველოს სახელით მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • ირაკლი პერანიძე DOTA 2-ში პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობს
  • W1sh-ის სახელით ცნობილი დოტერი ქართულ გუნდს ეხმარება
  • ინტერვიუ ყველაზე წარმატებულ ქართველ გეიმერთან

ირაკლი პერანიძე, იგივე W1sh, DOTA 2-ში პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობს და ევროპის რეგიონში რეიტინგით TOP 15-ის წევრია. 23 წლის ქართველ მოთამაშეს კარიერის განმავლობაში 21 000 დოლარი აქვს გამომუშავებული და თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა, ამჟამად კი შვეიცარიულ ორგანიზაციაში - brame-ში თამაშობს. გასულ წელს W1sh-მა ყველაზე ტიტულოვანი გუნდის, OG-ის რიგებში მოსინჯა ძალები - მაშინ, როდესაც გუნდის მთავარი “მიდლეინერი” ტოპიას “topson” ტაავიტსაინენი შეცვალა. პერანიძემ ახლახან დასრულებულ საქართველოს ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც ამავდროულად მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იყო. ის კონკრეტულად ამ ტურნირისთვის Monaspa-ს დაემატა და გუნდს ჩემპიონობაში დაეხმარა.

პოპსპორტი ირაკლი პერანიძეს დაუკავშირდა, მის განვლილ გზაზე, სამომავლო გეგმებსა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ესაუბრა:

POPSPORT: როდის დაიწყე დოტას თამაში?

ირაკლი პერანიძე: დაახლოებით 9-10 წლის ასაკიდან - თამაში ჩემმა უფროსმა ძმამ დამაწყებინა. იმ პერიოდში გართობის ბევრი საშუალება არ იყო, ვხედავდი, ჩემი ძმა როგორი ინტერესით თამაშობდა და ამან მეც მიმიზიდა. თავიდან ჩემი საყვარელი გმირი TIMBERSAW იყო, შემდეგ კი KUNKKA გახდა.

POPSPORT: რატომ აირჩიე ზედმეტსახელი W1sh?

პერანიძე: ეს ღრმა ბავშვობას უკავშირდება. მეორე-მესამე კლასში ვიქნებოდი, როცა მუსიკალური ჯგუფი Nigthwish მომწონდა - მათ აქვთ სიმღერა Wishmaster და სწორედ ამის გამო ავირჩიე ჩემი ზედმეტსახელი, რომელიც დღემდე შემომრჩა.

ყველაზე ცნობილი ქართველი დოტერი ქართულ გუნდს დაემატა

POPSPORT: ამჟამად რომელ პოზიციაზე თამაშობ და რა დატვირთვა აქვს ამას შენთვის?

პერანიძე: ვთამაშობ “მიდლეინზე”, პოზიცია მეორე - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, სადაც ძირითადად, ჩემს თავზე ვარ დამოკიდებული, აქ დიდი “აუთფლეის” საშუალება მაქვს. როცა აქტიურობა პირველი 10-15 წუთის განმავლობაში მიწევს, ვცდილობ, ტემპი ისე ვაკონტროლო, როგორც ჩემს გუნდს სჭირდება და ეს ჩემთვის დამატებითი პასუხისმგებლობაა.

POPSPORT: რა გზა გაიარე brame-ში მოსახვედრად?

ირაკლი პერანიძე: პირველი უცხოური გუნდი, სადაც ვითამაშე, Docler Myrmidons იყო. მითხრეს, რომ მოთამაშე სჭირდებოდათ და მიმიწვიეს. შემდეგ Wind and Rain-ში გადავედი, ამ გუნდთან ერთად ხშირად გერმანიაში ჩასვლა მიწევდა. ამჟამად კი brame-ში ვთამაშობ, რომელიც შვეიცარიული ორგანიზაციაა. გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის იანვრამდე მაკავშირებს. წელს შემოთავაზება ერთ-ერთი ძლიერი გუნდიდან, Tundra-დან მქონდა, მაგრამ brame-ში დარჩენა ვარჩიე.

'წელს შემოთავაზება ერთ-ერთი ძლიერი გუნდიდან, Tundra-დან მქონდა, მაგრამ brame-ში დარჩენა ვარჩიე'

POPSPORT: რა წარმატებას მიაღწიე საერთაშორისო ასპარეზზე ამ გუნდთან ერთად?

პერანიძე: Dpc-ის პირველ სეზონში პირველ ადგილზე გასვლა მოვახერხეთ, რის შედეგადაც პირველ დივიზიონში გადავედით, სადაც ერთი სერია გვაკლდა მეოთხე ადგილზე გასასვლელად, რაც Major-ის საგზურს მოგვიტანდა, მაგრამ ტაი ბრეიკზე OG-ისთან და Tundra-სთან დავმარცხდით. შემდეგი სეზონიდან ისევ მეორე დივიზიონიდან მოგვიწევს თამაში.

POPSPORT: რა შანსები აქვს მსოფლიოს ჩემპიონატის კვალიფიკაციაში Monaspa-ს?

პერანიძე: თავისუფლად შეგვიძლია ევროპის საკვალიფიკაციოს მოგება. ვნახავთ, რა გუნდები გავლენ ისრაელის ტურნირზე, თუმცა მთავარია, იქამდე მივიდეთ. ამ ტურნირისთვის სერიოზულად მოვემზადებით.

POPSPORT: შენთვის რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს სახელით გამოსვლა?

ირაკლი პერანიძე: როცა გავიგე, რომ შესაძლებლობა მქონდა, საქართველოს სახელით მეთამაშა, მაშინვე დავთანხმდი. თანაც, ამ გუნდში ბევრი მეგობარი მყავს. მინდა, Monaspa-ს მაქსიმალურად დავეხმარო, ჩვენი მთავარი მიზანი ისრაელში მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები