Thumbnail

ტოტალური ქაოსი - ბრაზილია V არგენტინა მე-7 წუთზე შეწყდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბრაზილია-არგენტინის მატჩი მე-7 წუთზე შეწყდა
  • ოთხ არგენტინელ ფეხბურთელს თამაშის უფლება არ ჰქონდა

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის შეწყდა.

თამაშის მიმდინარეობისას მოედანზე ბრაზილიის ჯანდაცვის მარეგულირებელი სააგენტოს და ფედერალური პოლიციის წევრები შეიჭრნენ. ამის მიზეზი არგენტინელი ფეხბურთელები ემილიანო მარტინესი, ემილიანო ბუენდია, კრისტიან რომერო და ჯოვანი ლო ჩელსო გახდნენ. ოთხივე მოთამაშე ინგლისში თამაშობს და შესაბამისად, მათ ბრაზილიაში არსებული კოვიდპროტოკოლი დაარღვიეს. დიდი ბრიტანეთიდან ბრაზილიაში შესულმა პირებმა სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ, მაგრამ როგორც ჩანს, არგენტინელებმა ბრაზილიის ხელისუფლებას შეცდომაში შეგნებულად შეიყვანეს.

როგორც ცნობილი გახდა, ბრაზილიის ხელისფულებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ოთხივე ფეხბურთელი ბოლო პერიოდში არ იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე და ამგვარად, საჭირო არ იყო მათ სავალდებულო კარანტინი გაეარათ, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. თავდაპირველად პოლიცია სასტუმროში მივიდა, სადაც არგენტინის ნაკრები ბინადრობდა, მაგრამ ისინი უკვე სტადიონზე იყვნენ წასულები და ამიტომაც, თამაშის მიმდინარეობისას მოედანზე შესვლა მოუწიათ.

საბოლოოდ, მატჩის განახლება შეუძლებელი გახდა და კონმებოლის გადაწყვეტილებით შეწყდა. ამ დროისთვის უცნობია, როდის განახლდება აღნიშნული თამაში ან რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სამხრეთამერიკული ფეხბურთის მმართველი უწყება და ფიფა.

კომენტარები

ბოლო ამბები