Thumbnail
  • ნიდერლანდების გრანპრი მაქს ფერსტაპენის ტრიუმფით დასრულდა
  • ლუის ჰემილტონმა ვალტერი ბოტასს ყველაზე სწრაფი წრე არ დაანება

ეს ტრიუმფი მისთვის ორმაგად სასიამოვნოა!

მაქს ფერსტაპენმა ნიდერლანდების გრანპრი მოიგო, რაც არა მარტო იმას ნიშნავს, რომ “საკუთარ ტრეკზე”, მეფე ვილემ-ალექსანდერის თვალწინ მოახერხა გამარჯვება, არამედ იმასაც, რომ ლუის ჰემილტონს გადაასწრო და პირველ ადგილზეა!

23 წლის ნიდერლანდელმა ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ რაციაში გუნდს ასე მიმართა: “მადლობა თითოეულ თქვენგანს. საოცრად იმუშავეთ.” გუნდის შეფის, კრისტიან ჰორნერი: “მაქს, სუპერ-სამუშაო გასწიე. ისიამოვნე ტრიუმფალური წრით საკუთარი ფანების წინაშე.”

აღსანიშნავია, რომ ფორმულა 1-ის რბოლა ზანდვორტის ტრეკზე 1985 წლის შემდეგ პირველად გაიმართა.

ჰემილტონი, რომელმაც ამ რბოლით მსოფლიოს ჩემპიონატის ცხრილში ლიდერობა დაკარგა, ნიდერლანდების გრანპრიზე მეორე ადგილი დაიკავა, მესამეზე კი მისი თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი გავიდა. აღსანიშნავია, რომ ფინიშამდე 3 წრით ადრე, ფინელი ბოქსებში შევიდა და ახალი საბურავები დაიყენა, რამაც ყველაზე სწრაფი წრე მოუტანა, თუმცა ამის შემდეგ ბოქსებს ჰემილტონმაც მიაშურა და ახალი საბურავებით სწრაფი წრე და დამატებითი ქულა დაიბრუნა. ფერსტაპენისთვის კი ეს ამბები უკვე სულერთი იყო…

ფერსტაპენის, ჰემილტონისა და ბოტასის შემდეგ საუკეთესო ათეული გასლიმ, ლეკლერმა, ალონსომ, საინსმა, პერესმა, ოკონმა და ნორისმა დააკომპლექტეს. სებასტიან ფეტელისთვის ეს მორიგი დასავიწყებელი რბოლა გამოდგა - ასტონ მარტინის გერმანელი პილოტი მე-15 სასტარტო პოზიციიდან უშანსოდ იყო და დატრიალდა კიდეც.

13 რბოლის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის ცხრილს მაქს ფერსტაპენი 224,5 ქულით ლიდერობს. ჰემილტონს 221,5 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, მესამე პოზიციაზე კი მერსედესის მეორე პილოტი ვალტერი ბოტასია - 123 ქულით. 100 ქულაზე მეტი აქვთ ლანდო ნორისს (114, მე-4 ადგილი) და სერხიო პერესს (108, მე-5 ადგილი). მიკ შუმახერი, ნიკიტა მაზეპინი და რობერტ კუბიცა უქულოდ რჩებიან. მომდევნო რბოლა იტალიის გრანპრია, რომელიც 12 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები