Thumbnail
  • ლივერპულს სალაჰთან კონტრაქტის გაგრძელება გაუჭირდება
  • ეგვიპტელი გარემარბი ხელფასის კვირაში 300 000-ით მომატებას ითხოვს

ლივერპული მოჰამედ სალაჰთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს, მაგრამ 29 წლის ეგვიპტელს ისეთი მოთხოვნები აქვს, რომ დიდი შანსია, შეთანხმება ვერ შედგეს.

‘მირორის’ ინფორმაციით, სალაჰს სურს, რომ მისი ხელფასი კვირაში 500 000 ფუნტი იყოს, რაც დაახლოებით 580 000 ევროა!

ლივერპულში მოქმედი ხელშეკრულებით, ეგვიპტელი კვირაში 200 000 ფუნტს იღებს, რაც მისთვის მისაღები აღარ არის და ახალი კონტრაქტისთვის 300 000-ით მეტს ითხოვს! შეგახსენებთ, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გუნდში ნიდერლანდელი მცველი ვირჯილ ვან დაიკია, რომლის ხელფასი კვირაში 220 000 ფუნტია.

თუკი სალაჰს მართლაც დაუნიშნავენ ფუნდს 500 000, იგი არა მარტო ლივერპულის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება, არამედ მთლიანად პრემიერლიგაში იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი. შედარებისთვის: კრიშტიანო რონალდოს ხელფასი მანჩესტერ იუნაიტედში კვირაში დაახლოებით 480 000 ფუნტია, კევინ დე ბრუინი კი მანჩესტერ სიტიში 400 000 ფუნტს იღებს.

საინტერესოა, რომ სალაჰის მრჩეველი ბოლო დროს ხშირად “კბენს” ლივერპულის ხელმძღვანელობას. “იმედია, უყურებენ!” - ასეთი პოსტი გამოაქვეყნა მან ნორვიჩთან 3:0-ის შემდეგ, როცა სალაჰმა გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.

ეგვიპტელს მერისაიდელებთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული. ლივერპულში სურთ, რომ ერთ-ერთ ლიდერს ახალი ხელშეკრულება მალე გაუფორმონ. ბოლო დროს ინგლისურ და ესპანურ მედიაში ხშირად იწერებოდა, რომ სალაჰის გადაბირება მადრიდის რეალს სურს.

მოჰამედ სალაჰი ლივერპულში 2017 წელს, იტალიური რომადან გადავიდა. მერსისაიდელებმა მაშინ მის სანაცვლოდ 42 მილიონი ევრო გადაიხადეს. ლივერპულის ფორმით ჩატარებულ 206 თამაშში ეგვიპტელმა გარემარბმა 127 გოლი გაიტანა და 49 საგოლე პასი გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები