Thumbnail

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მირალემ პიანიჩი კარიერას 1-წლიანი იჯარით თურქეთის ჩემპიონ ბეშიქთაშში გააგრძელებს, რომელიც ტიტულის შესანარჩუნებლად გუნდის გაძლიერებაზე ფიქრობს.  

ბოსნიელი კატალონიურ კლუბში იუვენტუსიდან მივიდა, თუმცა რონალდ კუმანი მას ნაკლებად ენდობოდა და მცირე სათამაშო დროს აძლევდა. ნათელი ხდებოდა, რომ პიანიჩი კლუბს ადრე თუ გვიან დატოვებდა.

ბოსნიელის კატალონიური კარიერა კუმანთან ერთად ვერ აეწყო

რონალდ კუმანთან ურთიერთობასა და კლუბში არსებულ სიტუაციაზე თავად პიანიჩმა ისაუბრა. 31 წლის ნახევარმცველის თქმით, ის ძალიან უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდა და კლუბის ნიდერლანდელი დამრიგებელი მას არაფრად აგდებდა.

"კუმანი პატივს არ მცემდა. ვერ შევეჩვიე სიტუაციას, რომელიც წინა წელს მქონდა. ფეხბურთელი ვარ და მიყვარს ფეხბურთის თამაში, ეს არის ის, რაც მახარებს. ბარსელონაში თამაში ყოველთვის მსურდა, თუმცა არ ველოდი, რომ სიტუაცია ასე გართულდებოდა. კუმანთან ურთიერთობა არ მქონია. ეს ძალიან უცნაური იყო, რადგან ის პირადად არ მესაუბრებოდა, მას არ შეეძლო იმის თქმა, რომ არ ვჭირდებოდი და მის გეგმებში არ შევდიოდი. ვარ ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ყველაფრის მიღება, მაგრამ ყოველთვის მსურს, რომ რაც სათქმელია, პირდაპირ მითხრან. ისინი ისე იქცეოდნენ, თითქოს არაფერი მომხდარა და მე 15 წლის ვიყავი", - განაცხადა პიანიჩმა.

გასულ სეზონში მირალემ პიანიჩმა ბარსელონას მაისურით სულ 30 შეხვედრა გამართა, აქედან 19 ლა ლიგაში, თუმცა ბოსნიელ ფეხბურთელს შედეგიანი ქმედებით თავი არ გამოუჩენია. 

კომენტარები

ბოლო ამბები